ვახტანგ ძაბირაძე – „უმუშევრად დარჩენილი ხალხი ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდება»

ვახტანგ ძაბირაძე - „უმუშევრად დარჩენილი ხალხი ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდება»ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს.

– ბატონო ვახტანგ, ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით მიესაჯა პატიმრობა. ოპოზიცია უკვე აცხადებს, რომ თუ შეთანხმება არ შესრულდება ბოლომდე, ხელისუფლებას უმძიმესი მომავალი ელის. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? 

– ხელისუფლება თვლის, რომ ეს საკითხი არ იყო პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი, ოპოზიცია კი პირიქით. ახლა მნიშვნელოვანი იქნება, ამერიკა და ევროკავშირი თუ რა პოზიციას დაიჭერენ, რომლებიც იყვნენ ამ შეთანხმების შუამავლები. თუ ჩვენი პარტნიორები ხელისუფლებას მოსთხოვენ ამ ნაბიჯის გადადგმას და დაადასტურებენ, რომ ამ ხალხის განთავისუფლება არის შეთანხმების ნაწილი, მაშინ ხელისუფლება იძულებული იქნება, ეს ნაბიჯი გადადგას. როგორც ჩანს, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ასეთი მოთხოვნა არ იქნება. ოპოზიციის აქტიურობა ამ შემთხვევაში არაფერს მოიტანს. თუმცა, უნდა იაქტიურონ.

– ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებაზე ცალსახა მხარდაჭერა არ ექნება. ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურ დებატებზე მორატორიუმი დასრულდა?  

– საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 76 ხმა სჭირდება, რაც ოპოზიციის გარეშეც აქვს ხელისუფლებას. აქ მნიშვნელოვანი პოლიტიკური სპექტრის ერთიანობის დაფიქსირება იყო, რასაც მართლაც ჰქონდა ადგილი. ახლა ოპოზიცია არგუმენტებს ითხოვს. ხელისუფლებისგან ეკონომიკური პროგრამის წარმოდგენას, კრიზისის დაძლევის გეგმას ითხოვს.

ოპოზიციას გაუჩნდა ხელჩასაჭიდი, რომ ხელისუფლება გადაიყვანოს არა იმ ველზე, სადაც ის ასე თუ ისე თავს ართმევს და კარგ პოზიციაშია, რასაც ვირუსთან ბრძოლა ჰქვია, არამედ იქ, სადაც პრობლემა მართლაც შეიძლება ძალიან დიდი იყოს და ეს სოციალურ გარანტიებს ეხება.

ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი კორონავირუსისგან მოკვდება თუ შიმშილისგან. ეს ის ვითარებაა, როდესაც ოპოზიციას ნამდვილად აქვს ხელმოსაჭიდი. ადრეც იყო მცდელობები, მასობრივ ტესტირებას ვგულისხმობ, მაგრამ ამან არ იმუშავა. ელექტორატში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. განსხვავებით ტესტებისგან, შიმშილის თემა ნამდვილად იმუშავებს.

ობიექტურად, სიტუაცია საკმაოდ მძიმდება. ადამიანებს ერთი თვე ან ეყოფათ დანაზოგი ან არა. ამის შემდეგ, მით უფრო სახლში უმუშევრად დარჩენილი ხალხი ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდება.

კომუნალური ვაუჩერები საკმარისი არ არის და ამას გრძნობს როგორც მოსახლეობა, ისე ხელისუფლება. ამიტომ, პოლიტიკური დივიდენდები, რომლებიც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოიპოვა ხელისუფლებამ, შეიძლება ნელ-ნელა დაკარგოს, თუ ეკონომიკური მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს.

გასაგებია, რომ ხელისუფლება ცდილობს, კონტროლიდან არ გაუშვას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ მხოლოდ ამ მიმართულებით მიღწეული შედეგი არ იქნება საკმარისი. ხელისუფლება მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. თუ ამ გამოწვევას ადეკვატურად არ უპასუხებს პანდემიის დაძლევის შემდეგ, ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდება თავად ხელისუფლება და შეიძლება საკმაოდ საგანგაშო დღეშიც.

– ანუ უფრო დიდ ოპოზიციას მიიღებს, ვიდრე პოლიტიკური ოპოზიციაა, მოქალაქეების, ამომრჩევლის სახით?

– რა თქმა უნდა! ერთ წამში გაიფანტება ეს მოპოვებული პოლიტიკური დივიდენდები. “ქართული ოცნება” კი არის დაიმედებული, რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებს, მაგრამ არავინ იცის, არჩევნების შედეგები რა იქნება. ამიტომ, დღესვე არის სოციალური, ეკონომიკური მიმართულებით ნაბიჯები გადასადგმელი.

ამასთანავე, თავს იჩენს ფსიქოლოგიური დაძაბულობა, რაც გამოწვეულია მოსახლეობის შინაპატიმრობით. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს აუცილებლად დატოვებს თავის კვალს ადამიანებში, ეს აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობაში. ამიტომ, ასეთ მცირე დეტალებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს. კომპლექსური გააზრებაა საჭირო. ძალიან მძიმე პერიოდს გავდივართ ყველა ერთად.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორი იქნება ხელისუფლების მოქმედება სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით.

– უკვე გაჩნდა კრიტიკა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ არის.  როგორც ჩანს, მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება არ არის მიღწეული. 

– ხელისუფლებას არ უნდა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა და ეს სრულიად გასაგებია. მე არ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ხელისუფლება დგას დილემის წინაშე. დილემის წინაშე დგას საპატრიარქოც. ღმერთმა ნუ ქნას, პატარა ტაძრის მცირე მრევლშიც კი რომ გაჩნდეს ვირუსი, ეს მთლიანად დაარტყამს საპატრიარქოს. ეკლესიაც ფრთხილად უნდა იყოს. თუ ისეთი შეცდომა იქნება დაშვებული, რომელმაც შეიძლება რწმენას დაარტყას, ეს იქნება დარტყმა არა მხოლოდ მთავრობაზე, არამედ, პირველ რიგში, თავად საპატრიარქოზე.

– ანუ საპატრიარქოც ბეწვის ხიდზე გადის?

– საკმაოდ! რადგან ეს შეიძლება ბევრი მიმართულებით იყოს გამოყენებული.

– რაში ხედავთ გამოსავალს?

– პოლიტიკურმა სპექტრმა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, ერთობლივი განცხადება უნდა გააკეთოს და მიმართოს საპატრიარქოს. ეს ბევრად უფრო ეფექტური იქნება.

არის საკითხები, როდესაც პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ერთიანობა და თანხმობაა საჭირო.