საფრანგეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს, ახალი ზომები კი 11 მაისიდან ამოქმედდება.
კარანტინის რეჟიმიდან გამოსვლის დაწყების შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა საზოგადოებას დღეს გააცნო. თუმცა, პრემიერი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ზომების მოხსნა ეტაპობრივად მოხდება და პროცესი მინიმუმ რამდენიმე კვირას გაგრძელდება.
ფილიპის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, ბალანსი დაიცვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნასა და თანაბრად მნიშვნელოვან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის. პრემიერის განცხადებით, კარანტინიდან გამოსვლის პროცესი პროგრესული და დიფერენცირებული იქნება სხვადასხვა რეგიონების მიხედვით.
მისი განმარტებით, ქვეყანაში ზოგიერთ რეგიონში ვირუსი უფრო სწრაფად ცირკულირებს. მან ქვეყნის განახლებული რუკაც წარმოადგინა, სადაც რეგიონები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით წითელ და მწვანე ზონებად არის დაყოფილი. პარიზი, მიუხედავად იმისა, რომ იქ ინფიცირების შემთხვევები იკლებს, წითელ ზონად რჩება. ზომების შემსუბუქების ფარგლებში, პირველ ეტაპზე როგორც მწვანე, ისე წითელ ზონებში, 11 მაისიდან დაწყებით სკოლებსა და ბიზნესების დიდ ნაწილს გახსნის საშუალება ექნება. თუმცა კაფეები და რესტორნები კვლავ დახურული რჩება.
იმ შემთხვევაში თუ ინფექციის დონე დაბალი იქნება, პრემიერი პირობას დებს, რომ საშუალო სკოლები, კაფეები და რესტორნები ივნისის დასაწყისიდან შეძლებენ ფუნქციონირებას.
175 000-მდე დადასტურებული შემთხვევითა და 26 000-მდე ინფიცირებულით, საფრანგეთი ევროპაში კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.

