„გახარია თუ არ გაუშვეს, ის მერე ივანიშვილსაც დაამარცხებს“

„გახარია თუ არ გაუშვეს, ის მერე ივანიშვილსაც დაამარცხებს“ლადო სადღობელაშვილი: „ოცნებას“ არჩევნების გადადება აწყობს“

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერი გახარია შეიძლება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალოს.
პრემიერის შეცვლაზე “ახალ თაობასთან” ცოტა ხნის წინ ლადო სადღობელაშვილიც საუბრობდა.
– ბოლო დღეებია, აქტიურად დაიწყო საუბარი პრემიერ გახარიას შეცვლაზე. რატომ შემოაგდეს ეს თემა მაინცდამაინც ახლა?
– მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს პოლიტპატიმრები ვის სახელს უკავშირდება?! მე და თქვენ? რა თქმა უნდა, გახარიას.
– ანუ, შესაძლოა, ამ თემას გადააყოლონ?
– რა თქმა უნდა. ამის პოლიტიკური პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ახლა ტიკარაძის გვარი შემოაგდეს და მე ეს ბიძინას ტრიუკი მგონია. ჯერ იყო და მაია ცქიტიშვილიო, მერე თალაკვაძეო, ახლა ეს ტიკარაძეო. საზოგადოებრივი აზრის გატესტვა მიმდიმარეობს. ამ ტრიუკს ტყუილად არ შემოაგდებდნენ, რაღაცა ბოლო აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
მეორე მხრივ, ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული. სამივე ამ ადამიანის დაკავება გახარიას პირობებში მოხდა და ვიღაცამ პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოს. ამ სამიდან ყველა პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია, მაგრამ ისეთ გარემოებებში დააკავეს, რომ ასე მოინათლა.
უგულავას რაღას უშვებდნენ, თუ ისევ უნდა დაეჭირათ?! ოქრუაშვილი კი, მიმაჩნია, რომ ნამდვილად პოლიტპატიმარია და მას ამ შემთხვევაში არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი.
რაც დათესეს, ის მოიმკეს. “რუსთავი 2” დაშალეს და, იმის მაგივრად, რომ ნიკა გვარამია ციხეში გამოეკეტათ, ორი ტელევიზია გაახსნევინეს და ერთ-ერთ მეწილედ კრიმინალი რურუა შეიყვანეს, ოქრუაშვილი კი, პირდაპირ ვამბობ, რომ პოლიტპატიმარია. მას ბრალი არაფერში მიუძღვის.
– ანუ ახლა რისი მცდელობაა, ყველაფერი გახარიას შეაწმინდონ და ისე მოიშორონ?
– ამაზე ვსაუბრობდი ზუსტად, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ გახარიას შეეწმინდოს მინიმუმ ბოლო ერთი წლის შეცდომები.
ჯერ კიდევ თვეების წინ მეპარებოდა ეჭვი, რომ გახარიას ივანიშვილი არჩევნებს ჩაატარებინებდა. არ მისცემს ამის უფლებას-მეთქი, ადრეც ვამბობდი. ვფიქრობ, ეს პროცესი დაიწყო. რამდენიმე დღის წინაც დავწერე პოსტი ფეისბუქზე, რომ გახარიას არ ჰყავს კარგი პიარი. კარგი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცუდად წარმოჩნდება. არ ვიცი, ვინ არის მისი მრჩეველი, მაგრამ აშკარად ცუდი მრჩეველი ჰყავს.
გახარია ახალი ხილი ნამდვილად არ არის. ბევრი პრემიერი ვნახეთ უკვე წასული, რომლებსაც მერე ხელი შეაწმინდეს. არა მგონია, გახარია გამონაკლისი იყოს. თუ არ გამართლდა ჩემი პროგნოზი და გახარია არჩევნებამდე არ წავიდა, მაშინ ეს ადამიანი ბერია ყოფილა და ივანიშვილსაც დაამარცხებს. ახლა თუ არ წავიდა, მერე მინიმუმ სამი წელი არ წავა.
დღეს ძალიან ცუდად არის “ოცნების” საქმე. ის ამ არჩევნებს წააგებს, თუ არ გადადო.
– და გადადება რას უშველის?
– უშველის. დროს მოიგებს. მიიღოს საარჩევნო კანონი, გამოუშვას მინიმუმ ორი პოლიტპატიმარი, რაც შეიძლება მალე. ამით უკვე დემოკრატიულ გზას დაადგება და ამ გადადებულ დროში ხალხს თავიდან უნდა მოაწონოს თავი.
დღესდღეობით პარტია არის აბსოლუტურად გატიტვლებული. არჩილ თალაკვაძე იყო მომლაპარაკებელი ელჩებთან. მის ადგილას ნებისმიერი თავმოყვარე პოლიტიკოსი გადადგებოდა.
გავრილოვის ღამის შემდეგ კობახიძე ხომ გადადგა. მაინცდამაინც აქციები უნდა გაიმართოს?! ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი ამას გააკეთებდა.