“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად აფასებს.
“ევროპული საქართველოს” წევრი აბაშიძის პოლიტიკური ლოიალურობის ნიშნით დანიშვნაზე აკეთებს აქცენტს და დაკავებული თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად მის მიმართ ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას მოითხოვს. კანდელაკი აბაშიძის პრორუსულ ბექგრაუნდზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” რიგებში ასეთი არაერთია.
„მის საბჭოს ხელმძღვანელობს მინისტრი სერგეი ლავროვი და როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე სხვა ქვეყნებში „გორჩაკოვის ფონდი“ არის მიჩნეული რუსეთის გავლენის აგენტად და რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად. სწორედ ამ ფონდში მოღვაწეობის შემდეგ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომ მისთვის ჩაებარებინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ჩვენი კულტურისა და ისტორიისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ბატონი აბაშიძის შეხედულებები არ არის გამონაკლისი „ქართულ ოცნებაში“. „ქართული ოცნება“ სავსეა სწორედ ასეთი შავრაზმული შეხედულებების ადამიანებით, რომლებიც შეზრდილნი იყვნენ საბჭოთა სისტემასთან. არიან თავისი არსით, სულით და ხორცით საბჭოთა ადამიანები და მათთვის ფასეულობას არ წარმოადგენს ჩვენი ხალხის მისწრაფება, რომ ავაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფო“,- განაცხადა კანდელაკმა.