ლადო სადღობელაშვილი: „გახარიას არჩევნებამდე მოხსნიან“

ლადო სადღობელაშვილი: „გახარიას არჩევნებამდე მოხსნიან“„ოცნებამ“ ბოლო დროს ნახევარი მილიონი ხმა დაკარგა“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.
– ლადო, 5 მაისიდან ნაწილობრივ კვლავ მოიხსნება შეზღუდვები. რას იტყვით თქვენ?
– 350 ათას კაცს შეეხება 200-ლარიანი დახმარება და ასევე 460 მილიონი გადანაწილდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ერთჯერადად მიიღებენ 300-ლარიან დახმარებას. ეს 460 მილიონი გავყავი 300 ლარზე და აღმოჩნდა, რომ 250 ათას ადამიანს გადაუხდიან ერთჯერადად 300 ლარს. 350 ათასი მიიღებს 200-ლარიან დახმარებას და ეს რაოდენობა, ჯამში, 600 ათასი გამოვიდა. გამოდის, რომ ხელისუფლება 600 ათას ადამიანს ეხმარება.
– ანუ 600 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური?
– სწორედ მაგას ვამბობ, რომ 600 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. წარმოგიდგენიათ, რამდენმა ადამიანმა დაკარგა ოფიციალურად სამსახური. ვისაც არ ეხმარებიან და ვინც არაოფიციალურად იყო დასაქმებული?! სულ 3,5 მილიონი ვართ და, რა გამოდის, პენსიონერები და არასრულწლოვნები დარჩნენ.
მე იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანა არის გაუბედურებული. დღეს ადამიანი თუ მუშაობს, ის მუშაობს ან გამყიდველად, ან ადმინისტრაციულ სამსახურში, ან არის ექიმი. სხვა ყველა უმუშევარია. ძალიან რომ არ გავამძაფროთ სურათი, უბრალოდ, დავფიქრდეთ, რა დღე გველის ერთ თვეში, ორ თვეში?! აჭარის ზღვის სეზონი რომ ჩავარდება და ტურისტი არ შემოვა, ან სექტემბერში რა გველის? ჩვენ ეს ყველაფერი გავითავისოთ და მერე ვისაუბროთ იმაზე, ეს ხელისუფლება ეფექტიანია თუ არა თავის ნაბიჯებში.
– თქვენ როგორ ფიქრობთ?
– ეს ხელისუფლება თავის ეკონომიკურ ნაწილში არაეფექტიანი იყო. რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, საერთოდ რაზე დააწესეს შეზღუდვები, მოდი, აქედან დავიწყოთ. დღემდე ვერ ვხვდები, 9 საათის მერე რატომ უნდა ვიყო სახლში?!
– ხელისუფლება ყოველთვის თავს იმართლებს, ასე რომ არ მოვქცეულიყავით, მივიღებდით იტალია 2-სო.
– მესმის, მაგრამ მათ ეს მკაცრი პრევენციული ზომები არაფერში სჭირდებოდათ. რატომ შეზღუდეს მანქანებით გადაადგილება თითქმის ორ კვირაზე მეტ ხანს?! ან 9 საათზე რომ სახლში უნდა იყო. ეს ალოგიკური შეზღუდვებია. როდესაც რესტორნები და კაფე-ბარები არ მუშაობს ქვეყანაში, ხალხის ნაკადი ისედაც არ გადის ქუჩაში, მაქსიმუმ, თუ გაისეირნა და მეზობელთან გადავიდა და რა, ამას 9 საათამდე ვერ გააკეთებს?!
ხელისუფლებას მიზანმიმართულად შეჰყავს კრიზისსა და პრობლემებში ქვეყანა, მერე ამ კრიზისიდან გამოჰყავს და ამბობს, საქმე გავაკეთეო. აი, ეს სიტუაცია გვაქვს.
– სწორედ ასეთ კრიზისმენეჯერად ახასიათებენ გახარიას, თავადვე ქმნის კრიზისებს და მერე განმუხტავსო.
– ზუსტად ეგრე გამოდის, რომ თვითონ ქმნის სახელმწიფო კრიზისს და მერე გვახარებს, აი, დავძლიეთ კრიზისიო.
– ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება ძალიან კარგად მოერგო შექმნილ სიტუაციას, ოპოზიცია სახლში გამოამწყვდია, თავად კი წინასაარჩევნო კამპანია აქვს გაჩაღებული. თქვენ რას ფიქრობთ, არჩევნებსაც ძველი სისტემით ხომ არ ჩაატარებს?
– ძალიან ჭიანურდება ახალ სისტემაზე გადასვლა. როდესაც მათ დასჭირდათ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ორჯერ შეიკრიბა პარლამენტი. მათ არ სურთ საარჩევნო სისტემის დახვეწა და ცვლილება, თორემ შეიკრიბებოდა პარლამენტი.
– 3 მაისს მთავრობის სხდომაც არ ჩატარებულა დისტანციურ რეჟიმში, გახარიამ, აღარ არის ამის საჭიროებაო, ანუ პარლამენტსაც შეუძლია, შეიკრიბოს წესების დაცვით.
– დიახ, კეთილი ინებონ, შეიკრიბონ და აკეთონ საქმე. “ქართულმა ოცნებამ” უამრავი ადამიანი დატოვა დღეს უმუშევარი. ეს ადამიანები ძირითადად ამ ხელისუფლების პირობებში დასაქმდნენ და ამიტომ მხარსაც უჭერდნენ მათ. დღეს ეს ადამიანები აღარ იქნებიან ამ ხელისუფლების მხარდამჭერები. 600 ათასი ადამიანი დავთვალე მინიმუმ და თითოეულს ოჯახში ერთი ადამიანი მაინც ეყოლება ზრდასრული, ვინც არჩევნებში მონაწილეობს და ვინც გაბრაზებულია ამ ხელისუფლებაზე.
– ეს ხალხი “ოცნებას” ხმას აღარ მისცემს? დაახლოებით მილიონ ამომრჩეველს კარგავს?
– მილიონს თუ არა, 500 ათას ხომ კარგავს?! ეს დაახლოებით ამომრჩევლის 20%-ია. კიდევ 20% რომ მოაკლდეს ამ ხელისუფლებას, მე არ ვიცი, რისი იმედი აქვთ. ერთადერთი, რაც ამათ უშველით, უნდა გახსნან ჯიხურები და თითო სულ მოსახლეზე 1.000-1.000 ლარი დაარიგონ.
დღეს “ოცნება” დარჩენილია მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსისა და პენსიონერების იმედზე, თან ამ ადმინისტრაციული რესურსიდანაც ბევრ ხალხს უშვებენ სამსახურებიდან. საოცარი რამ ხდება, მსოფლიოში რომ არსად ხდება, ისეთი. შსს-დან და პრობაციიდან უამრავი ხალხი გაუშვეს უკვე,
– რატომ უშვებენ ამ ხალხს?
– არ ვიცი. რეფორმასა და რეორგანიზაციას აბრალებენ ამ ყველაფერს, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის დროს ხალხის გათავისუფლება, როდესაც ყველაფერი ისედაც გაჩერებულია?!
ეს პროცესები არჩევნებზე აისახება?
– თავისთავად აისახება, სხვანაირად როგორ?! ეს კრიზისი ხელისუფლებამ ნაადრევად შექმნა, ძალიან მკაცრი შეზღუდვები დაგვიწესა. არც ერთ ქვეყანაში არ აუკრძალავთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დამისახელონ იტალიისა და ესპანეთის გარდა ქვეყნები, სადაც მეტრო გაჩერდა. ასეთი მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა ჩვენთან არც ყოფილა და არც არის.
– რამე ფარული გეგმები ხომ არ აქვთ?
– ბოლო პერიოდში საინტერესო ნიუსები ვრცელდება. ამ კორონავირუსის ფონზე კონკრეტული ფეიკჯგუფები ავრცელებენ ინფორმაციებს გახარიას შეცვლის თაობაზე. მე ორი დღის წინ გადავედი ამ საიტებზე, სადაც ასეთი ინფორმაციები იდება. ამ საიტებზე ყოველთვის ხელისუფლების შტოებიდან გამოსული ინფორმაციები იდება.
– რის თქმა გინდათ, რომ გახარიას თალაკვაძე შეცვლის?
– ეს იყო კბილის მოსინჯვა, შემოგდებული პროგნოზი. გატესტეს საზოგადოების რეაქცია. ამ საიტზე დადებული ინფორმაციები ყოველთვის მართლდება, დაახლოებით ორ-სამ თვეში.
– ანუ იგეგმება გახარიას შეცვლა?
– მე ადრეც მითქვამს, სანამ კორონავირუსი იქნებოდა, რომ გახარიას ამ არჩევნებს არ ჩაატარებინებენ. მე ამის შესაბამისი არგუმენტაციაც მაქვს. არ არსებობს, რომ დატოვონ. უკვე დიდი ხანია, რაც პრემიერია.
ქოცებმა გახარიას ხერხემალი შეარქვეს. ესეც ძალიან ნიშანდობლივი ფაქტორია. როგორც ნაცები მერაბიშვილს აფეტიშებდნენ, ქოცები გახარიას აფეტიშებენ. როგორც წესი, ეს ცუდად მთავრდება ხოლმე. მე მაქვს ინფორმაცია, რომ გახარია ვერ ჩაატარებს ამ არჩევნებს.
– რა მიზეზით გაუშვებენ? თავადვე ამბობენ, რომ კარგი მენეჯერია.
– როგორ არის კარგი მენეჯერი, ამიხსნას ვინმემ. შეიძლება, მკაცრია და მძიმე ხელი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს კარგ და სწორ მართვას. მერაბიშვილიც მკაცრი იყო და, როგორ დაამთავრა, ვნახეთ ყველამ. კარგი მენეჯერობა გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკური მხარე წესრიგში უნდა იყოს და ზოგადად – ყველაფერი. ძალიან ბევრი ჩავარდნა აქვს. ხელისუფლებას ვურჩევდი, დროულად გააუქმონ ეს შეზღუდვები, ნუ ცდიან ხალხის მოთმინებას. წინ არჩევნებია და ეს ყველაფერი ძალიან ძვირად დაუჯდებათ.