მამუკა გამყრელიძე – “თუ ოპოზიციამ ხელისუფლებას მაგიდა არ აუყირავა, წააგებს”

მამუკა გამყრელიძე - "თუ ოპოზიციამ ხელისუფლებას მაგიდა არ აუყირავა, წააგებს"”ოპოზიცია ბაქიბუქობს და დიდ შეცდომას უშვებს”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, ხელისუფლებამ დაანონსებულზე ადრე დაიწყო რეგულაციების მოხსნა. ასეთი შეფასებები მოვისმინეთ, რომ მთავრობას ხალხის რისხვის შეეშინდა. მეტისმეტი ხომ არ მოუვიდათ?
– ჩემი აზრით, ზედმეტი მოუვიდათ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ზედმეტობაში ორი მდგენელია: სიბრიყვე და უცოდინრობა და, მეორე მხრივ, ადამიანის თავისუფლების განზრახ შეზღუდვა, რათა უფრო მარტივად მართონ საზოგადოება. რაც ვნახეთ ამ შემსუბუქებაში, დიდი შეღავათი ნამდვილად არ არის. მშენებლობები საერთოდ არ უნდა გაეჩერებინათ, რა აუცილებელი იყო?! ღია სივრცეში ხდება ყველაფერი. ასევე დაუშვეს ავტოსახელოსნოების მუშაობა და შიდა ფრენები. ახმეტასა და ჩოხატაურს შორის თუ სად არის ეს შიდა ფრენები?! ვინ სად დაფრინავს?! რეალურად ეს შეზღუდვები არაფრისკენ არის მოწოდებული. მანქანაში წინ არ უნდა იჯდე და უკან ორზე მეტი არაო. თუ ერთ მანქანაში სხედხართ, რა მნიშვნელობა აქვს, წინ იჯდები თუ უკან?! ეს ყველაფერი სრულიად გაუგებარია. ასევე ქალაქებს შორის მიმოსვლაა სასწრაფოდ აღსადგენი.
– თბილისი და რუსთავი ისევ ჩაკეტილია.
– სასწრაფო წესით უნდა აღდგეს. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. ღია ტიპის კაფე-ბარები რატომ არ უნდა აღდგეს?! ესეც სრულიად გაუგებარია. ღია სივრცეში, დისტანციით რომ დასხდნენ ადამიანები, ამით არაფერი დაშავდება. სოციალიზაციის გარეშე ადამიანს ძალიან უჭირს. ღიად გეტყვით, რომ მთელ მსოფლიოში ყველგან ჩავარდა ონლაინსწავლება. ფუნდამენტურ ცოდნას ვერ იძენენ ბავშვები. ადამიანი ვირტუალური ცხოვრებისთვის არ არის შექმნილი. ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად შეეცადა, რომ ადამიანებისთვის ურთიერთობა შეეზღუდა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ შიში აქვს. ადამიანები ერთად რომ შეიკრიბებიან, ერთმანეთს რომ აზრს გაუზიარებენ, ბევრად უფრო მწვავე სიტუაცია შეიძლება მიიღოს მთავრობამ.
– საზოგადოების რეაქციის ეშინიათ?
– რა თქმა უნდა, ეშინიათ, იმიტომ, რომ ძალიან გაუჭირდა ხალხს. მე ხშირად მაქვს ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც ყოველდღიური შემოსავალი ჰქონდათ – სილამაზის სალონში მომუშავეები, იგივე ბაზრობებზე მომუშავეები. უკიდურეს გაჭირვებაშია ეს ხალხი. რაში ეყოფათ 200 ლარი?!
– არაფრის მომცემი არ არის ხელისუფლების ეკონომიკური გეგმაო. ასეა?
– სიმართლე გითხრათ, გაჩერებული ეკონომიკის პირობებში არც მთავრობის და არც ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი არც ერთი ეკონომიკური გეგმა არაფრად ივარგებს, იმიტომ, რომ საქართველოს არ აქვს ისეთი მარაგები, რომ შეძლოს თავისი მოსახლეობის რჩენა გარკვეული დროის განმავლობაში. ამიტომ ერთი თვე არის ძალიან დიდი ვადა, ორი თვე კატასტროფაა.
– ოპოზიცია ასევე ითხოვს, რომ საპარლამენტო სხდომები განახლდეს, რადგან ხელისუფლება, როგორც უნდა, ისე მოქმედებს. მიიჩნევენ, რომ გვიანდება საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანა და ჩნდება დიდი ეჭვი, რომ მიზანმიმართულად აჭიანურებს ხელისუფლება, რათა ძველი სისტემით ჩაატაროს არჩევნები.
– რაც შეეხება საპარლამენტო საქმიანობას, მოდით, ასე ვთქვათ, ოპოზიცია რომ ბაქიბუქობს, ბოდიშს კი მოვიხდი მათთან ასეთი გამოთქმისათვის, მაგრამ მუდმივად მესმის, რომ აი, ჩვენ საპარლამენტო ტრიბუნა გვაქვს და ასე შემდეგ… როცა ჰქონდათ ეს ტრიბუნა, ან მაშინ რა გააკეთეს?! საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს ხელისუფლებას და აბსოლუტურად არაფრის შესაძლებლობა დღეს ოპოზიციას არა აქვს, გარდა იმისა, რომ იყაყანოს და ეს ყაყანი შეიძლება საპარლამენტო ტრიბუნიდანაც დაიწყო და მის გარედანაც. ერთადერთი, საპარლამენტო მუშაობის დაწყებას ალბათ იმიტომ ითხოვს ოპოზიცია, რომ არ უნდათ, გადაიდოს არჩევნები.
– ხელისუფლების ზრახვებზე რას იტყვით, რამდენად ცდილობენ პროცესის გაჭიანურებას?
– ხელისუფლება შეეცდება, მაქსიმალურად გააჭიანუროს ყველაფერი და, ჩემი აზრით, არა მგონია, წავიდნენ არჩევნების გადადებაზე.
– რატომ, მერე უფრო რთული იქნება?
– რა თქმა უნდა, რთული იქნება. სოციალური სიტუაცია არავითარ შემთხვევაში არ გამოსწორდება. ადამიანი უნდა იყოს ბეცი, იმას ვერ ხვდებოდეს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ ნამდვილად არ წავა. ამიტომ შეეცდებიან, არ გადადონ არავითარ შემთხვევაში. ახლა რაღაცა კოზირები უჭირავთ ხელში, გარკვეული ძალაუფლება აქვთ, ადმინისტრაციული რესურსი მთლიანად მათ ხელშია და ამას გამოიყენებენ მაქსიმალურად. რეალურად, შესაძლოა, არჩევნები არაფრის მომტანი იყოს ასეთ პირობებში. თუ ამათ რაღაცა ექსტრაორდინარული არ გაუკეთე და “მაგიდა არ აუყირავე”, ნებისმიერ შემთხვევაში მოიგებენ არჩევნებს, ისეთი ადმინისტრაციული და საფინანსო რესურსი აქვთ.
– ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი და ყველა მათგანი გაუნაწყენდება ხელისუფლებას…
– ხელისუფლებას გაუნაწყენდება, მაგრამ, თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს ისტორიულადაც ასეა, რომ გაღარიბებული და გაღატაკებული მოსახლეობის ყიდვა არის ძალიან ადვილი. დაშინება კიდევ უფრო ადვილია. ეს დაშინება და მოსყიდვა ადრეც ჰქონდათ და ახლა გაცილებით გაუადვილდებათ. ამიტომ იმის იმედად ყოფნა, რომ ხელისუფლებაზე განაწყენებული ხალხის ტალღაზე მოვა ოპოზიციად, მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ასე არ იქნება, თუ არ მოხდა ის, რასაც ამწუთას ხელისუფლება არ ელოდება.
– რას არ ელოდება ხელისუფლება?
– ოპოზიციის ერთობას. აუცილებელია ოპოზიციური სპექტრის დიდი გაერთიანება. ისე არაფერს აზრი არ აქვს. აბსოლუტურად ყველა უნდა გაერთიანდეს. უნდა გაკეთდეს ტექნიკური მთავრობა, უნდა გაიმარჯვოს ამ გაერთიანებამ არჩევნებში და შემდეგ კანონით როგორც არის მიღებული, ისე უნდა შეწყვიტოს მოქმედება ამ ტექნიკურმა პარლამენტმა და დანიშნონ ახალი არჩევნები.
– ხედავთ ამის რესურსს ოპოზიციაში, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ?
– ადრე იყო ამაზე საუბარი. ორ ადამიანს ეკუთვნის ეს იდეა, გიგი უგულავასა და პაატა დავითაიას, რომლებმაც თქვეს, მოდით, გავაკეთოთ ისე, რომ ტექნიკურმა პარლამენტმა შეცვალოს საარჩევნო კოდექსი, მიიღოს ისეთი კოდექსი, როგორიც საჭიროა და შემდეგ უკვე ყველა დავიშალოთ და ცალ-ცალკე მივიღოთ მონაწილეობაო. ის, რომ შენ ჩემი ზურგით გინდა პარლამენტში მოხვედრა, აღარ იქნება.
– ოპოზიციის გააქტიურებაზე საუბრობთ, ისინი კი აცხადებენ, რომ ამის საშუალება არანაირად არ ეძლევათ, თუნდაც საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე.
– ღიად გეტყვით, დიდი ტყუილია ის, რომ ოპოზიცია ამბობს, ჩვენ არ გვეძლევა მუშაობის საშუალებაო. ამას კატეგორიულად არ ვიზიარებ, იმიტომ, რომ არსებობს უამრავი სხვადასხვა ფორმატი და აბსოლუტურად ყველა ფლანგზე სიჩუმეა. არსებობს ზუმი და ამ ზუმით შეიძლება, უამრავი ადამიანი ჩაერთოს, ისაუბროს, გეგმები დასახოს, რაღაც ერთიან გეგმაზე ჩამოყალიბდნენ. თუმცა ეს ყველაფერი არ კეთდება, ამიტომ მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ოპოზიციის, რას ელოდებიან?! მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ონლაინსივრცე.
– ალბათ, ფიქრობენ, რომ ონლაინრეჟიმი არაეფექტურია.
– რა თქმა უნდა, არაეფექტურია, გაცილებით ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე პირისპირ შეხვედრები. ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ახლა თუ არა გვაქვს სხვა საშუალება?! რა უნდა ვქნათ? ყველა ჩაიკეტოს თავის სახლებში და მხოლოდ საკუთარი თავის პიარით დაკავდეს?! ჩემი აზრით, ეს არის უგუნურება. ამ ფონზე ხელისუფლება ძალიან დიდი სიჩქარით მიდის ამ არჩევნებისაკენ, უზარმაზარ ნაბიჯებს დგამს გამარჯვებისაკენ და არავითარ შემთხვევაში ამის დაშვება არ შეიძლება. ოპოზიცია დიდ შეცდომას უშვებს, რომ არ იყენებს იმ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რომლებიც აქვს.
– ოპოზიციას შემოდგომაზე გაუჭირდება მუხტის აკრეფა?
– უდავოდ გაუჭირდება. ეს კარდაკარები, პირისპირ შეხვედრა მოსახლეობასთან და საუბრები კიდევ კარგა ხანს არ იქნება შესაძლებელი. ამიტომ ვამბობ, რომ რაღაცა ექსტრაორდინარულია მოსაფიქრებელი.
– ხელისუფლებას უნდა პროცესის გაჭიანურება, რომ არჩევნები ძველი სისტემით ჩაატაროს. როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია?
– რაში სჭირდება ძველი სისტემით ჩატარება და დასავლეთის ალაპარაკება? შეცვლის კანონს, ახლით ჩაატარებს და იმითაც მოიგებს. ამ მდგომარეობით ნამდვილად გაიმარჯვებს.