136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას ესწორებოდა 142 დეპუტატი.
განხილვა დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია “ნაციონალური მოძრაობა”, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს “ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა. პარტიაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, ისინი მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
ამ ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად 30 იქნება.
შეთანხმებას ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიპლომატების შუამავლობით ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 8 მარტს მიაღწიეს.
ცვლილება ასევე ეხება საარჩევნო ბარიერს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე პარტიას პარლამენტში მოსახვედრად მოსახლეობის 5%-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა, ახალი სისტემით 1%-იანი ბარიერის გადალახვაც საკმარისი იქნება.
კიდევ ერთი საკითხია ე.წ. 40%-იანი ჩამკეტის შემოღებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პარლამენტში მოხვდება, მაგრამ მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.