ესპანელმა ვირუსოლოგებმა კოვიდ 19-ის კვალი აღმოაჩინეს ბარსელონას გამდინარე წყლის ნიმუშში, რომელიც 2019 წლის მარტშია აღებული ანუ ვირუსის ოფიციალურად გავრცელებამდე 9 თვით ადრე.
ამის შესახებ განცხადება ბარსელონას უნივერსიტეტში 26 ივნისს გააკეთეს.
ეს ფაქტი შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ამას ფიქრობენ.
თავდაპირველად უნივერსიტეტის მკვლევარებმა კოვიდ-19-ის კვალი 2020-ის 15 იანვრით დათარიღებულ, ანუ ინფიცირების პირველი შემთხვევის ოფიციალურ დადასტურებამდე 41 დღით ადრინდელ ნიმუშებში იპოვეს.
ამის შემდეგ მათ 2018-ის იანვრიდან 2019-ის დეკემბრამდე აღებული ნიმუშები შეამოწმეს და კოვიდ 19-ის კვალი 2019-ის 12 მარტს აღებულ ნიმუშში იპოვეს.
“სარს-კოვ-2ის დონე ამ ნიმუშებში იყო დაბალი, მაგრამ დადებითი,” – განაცხადა კვლევების ხელმძღვანელმა ალბერტ ბოშმა.
ესპანეთის ჯანდაცვის წარმომადგენელმა ხუან რამონ ვილალბიმ აღნიშნა, რომ დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია.
“როდესაც მხოლოდ ერთი მონაცემი გაქვს, ყოველთვის უფრო მეტი მტკიცებულების შეკრება გჭირდება, რომ დარწმუნდე იმაში, რომ ლაბორატორული კვლევებსა და მეთოდოლოგიაში შეცდომა არაა დაშვებული,” – განაცხადა მან.
აქ შეცდომა არაა გამორიცხული, ვინაიდან ვირუსი სხვა რესპირატორულ ინფექციებს ძალიან ჰგავს.
“მაგრამ ცხადია, რომ შედეგები ძალიან საინტერესოა,” – აღნიშნა ვილალბიმ.
მსგავსი მონაცემები აქვთ იტალიაშიც.
მილანისა და ტურინის გამდინარე წყლების ნიმუშების ანალიზი კოვიდ 19-ის კვალს უკვე 2019-ის დეკემბერში უჩვენებს.
“2 სხვადასხვა მეთოდით 2 სხვადასხვა ლაბორატორიაში მიღებული შედეგები აჩვენებს სარს-კოვ-2-ის კვალს მილანსა და ტურინში 2019-ის 18 დეკემბერს, ბოლონიაში კი – 2020-ის 29 იანვარს”.
ეს განცხადება იტალიის ჯანდაცვის წარმომადგენელმა ჯუზეპინა ლა როსამ გააკეთა.

