უბედური შემთხვევა თბილისში – მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 6 წლის ბიჭი დასთან და დედასთან ერთად მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა, როდესაც ფეხი დაუცდა და დინებამ გაიტაცა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ დედას შვილები სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი და მათ ფოტოებს უღებდა. სწორედ ამ დროს დაუცდა ფეხი სველ ქვაზე 6 წლის ბიჭს და ის მტკვარში გადავარდა.
დედამ და მისმა 13 წლის დამ ბავშვის გადარჩენა სცადეს და წყალში თავადაც შევიდნენ, თუმცა მდინარის სიღრმე ქვემო ფონიჭალის ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 9 მეტრია და დინება იმდენად ჩქარია, რომ ისინი მაშველებმა გამოიყვანეს, ბიჭის ცხედარი კი მტკვარმა მეორე ნაპირზე გამორიყა.
ადგილობრივები და თვითმხილველები ბიჭის გადარჩენას მეორე ნაპირზეც ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, პატარა ბიჭს პულსი აღარ ესინჯებოდა.
გარდაცვლილი ბიჭის 13 წლის და შოკური მდგომარეობით რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული. მკურნალი ექიმის დავით ლალიაშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ტრავმული დაზიანებები არ აქვს.
გამოძიება ამ ეტაპზე 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა თბილისში დღეს მოხდა.
რუსთავი 2

