მამუკა გამყრელიძე: “ქართველი ერი უნდა მიხვდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში საშიშია”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს
– ბატონო მამუკა, ბოლო დღეებია საზოგადოების ინტერესს იწვევს ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები. იყო მოლოდინი, რომ ოპოზიციას ერთობა გაუჭირდებოდა და ჯერჯერობით ასეც ჩანს. რას იტყვით თქვენ, ადამიანი, რომელიც ამ პროცესებს შიგნიდან უყურებთ და მისი თანამონაწილე ხართ?
– ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ის პროცესი, რომლიც მიმდინარეობს გართიანებულ ოპოზიციაში. “ძალა ერთობაშია” ეს სრულიად სხვა პროცესია. ეს პოლიტიკური გაერთიანება საარჩევნო კოალიციად ყალიბდება უკვე და ჩვენ ვაპირებთ ერთად გასვლას ამ არჩევნებზე. ჯერჯერობით ასეთი შეთანხმებაა. უკვე დავიწყეთ ყოველდღიური შეხვედრები, კონსულტაციები და მუშაობა. რაც შეეხება იმ დიდ ფორმატს…
– ლეიბორისტების ოფისის ფორმატს?
– დიახ. სიმართლე გითხრათ, ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ სიტუაციის მიმართ. ამ ფორმატში ჩვენ არ ვართ არც საარჩევნო კოალიცია, არ ვართ არც გაერთიანება, ეს არის ოპოზიციური პარტიების ერთობა, ცალ-ცალკე ვართ. ჩვენ შორის უნდა ყოფილიყო გამჭირვალობა. ახლა ვხედავთ, რომ ორი თუ სამი პარტია შეიკრიბა, მოილაპარაკეს, რომ თბილისში 8 კანდიდატს ერთად წარადგენენ. კი ბატონო, ეს კარგია, მშვენიერია, მაგრამ მაშინ ჩვენთანაც მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება.
– ეს არ ყოფილა ამ პარტიების ერთობლივი გადაწყვეტილება?
– არა. ასე გამოდის, რომ ვინც ვართ ამ გაერთიანებაში, ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ ამ ადამიანებს, რაც ნორმალური და კარგი იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმება მოხდება ჩვენთან შეთანხმებით. ამ შემთხვევაში, კი ბატონო, მომეწონება თუ არ მომეწონება კანდიდატი, მხარს დავუჭერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას, ვიტოვებ უფლებას, არ დავუჭირო მხარი. ამიტომ ეს ძალიან მკვეთრად არის გასარჩევი. ეს ორი სრულიად სხვადასხვა ფორმატია. “ძალა ერთობაშია”, იქ ჩვენ ვართ საარჩევნო კოალიციად წარმოდგენილი, აქ, ყველა ცალ-ცალკე.
– “ძალა ერთობაშიას” ფორმატში არის ნაციონალური მოძრაობა და არ არის ევროპული საქართველო. ასეა?
– დიახ, ასეა. “ძალა ერთობაშიას” ფორმატში არის 12 სუბიექტი და აქედან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სუბიექტი არის ნაციონალური მოძრაობა. ევროპული საქართველო კი არ არის და ვისურვებდი, რომ იყოს.
– ნაციონალურ მოძრაობასაც ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები და შეთანხმდით?
– ერთი გაუგებრობა, რაც მოხდა, ეს იყო გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით. გაღიზიანება მოყვა იმას, რომ სხვებთან შეუთანხმებლად რატომ წარადგინა თავი პრემიერადო. სინამდვილეში ვაშაძეს არ წარუდგენია, ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ეს იყო თაკო ჩარკვიანის პერსონალური განცხადება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
– ანუ “ძალა ერთობაშია” ცდილობს, რომ ერთიანი კანდიდატებით წარდგეს?
– “ძალა ერთობაშია” ცდილობს, რომ ძალიან შეკრული და ძალიან ერთიანი გუნდით წარდგეს.
– მეორე ფორმატი დაიშლება?
– მეორე ფორმატი საარჩევნოდ არც იქნება წარმოდგენილი. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. აქ ლაპარაკია მარტო თბილისის მაჟორიტარებზე, მეტი სხვა არაფერზე არ არის საუბარი. ეს იცით როგორი რაღაცაა, ნახევარფეხმძიმობასავით გამოდის. თბილისში გვყავს კანდიდატები, რეგიონებში კანდიდატები არ იქნება, პროპორციული სია, მით უმეტეს, არ იქნება… ის რაღა საჭიროა, მაშინ იმ 8 კანდიდატის წარმოდგენა?! ძალიან ხისტი და ძალიან არასასიამოვნო იყო ევროპული საქართველოს მოსმენა, რომელიც ლამის შანტაჟის ენით ლაპარაკობდა. პირადად მე, ძალიან არ მომეწონა. ნაციონალებმა კი თქვეს, ჩვენ ორი ადგილი მოგვეცით და დანარჩენი, როგორც გინდათ, ისე დაინაწილეთო. აი დანარჩენი ვინ იქნება, ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. იმიტომ, რომ გავიმეორებ, პირადად ჩემთან, ასევე იქ, 30 პარტიაა და იქ, უმრავლესობასთან ეს საუბრები საერთოდ არ ყოფილა. ამიტომ ალბათ უნდა გავერკვეთ ამაში, ვინ არის, რას წარმოადგენს…
– სხვა შემთხვევაში მხარს არ დაუჭერთ?
– რატომ უნდა დავუჭირო მხარი, თუ არ ვიცი, ვინ არის და არც მკითხეს აზრი?! მით უმეტეს, ეს არ არის საარჩევნო ფორმატი, უბრალოდ, ეს არის რაღაც პოლიტიკური სათათბირო, სადაც ეს პარტიები შეიკრიბნენ და რაღაცა კონსულტაციის რეჟიმში საუბრობენ.
– გამოდის ხმები, რომ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილი უდგენს პოლიტიკურ დღის წესრიგს. არიან პარტიები, რომლებიც ივანიშვილის თამაშს თამაშოებენ ამ გაერთიანებაში?
– რა გითხრათ, ჩემთვის არაფერი შემოუთავაზებია ივანიშვილს, არც სამოქმედო გეგმა არ გამოუგზავნია. ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ვიღაცას რომ მასთან პერსონალურ დონეზე კონტაქტი ექნება, ეს სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია. კულუარებში ვინ, სად და რას საუბრობს, ვერ გეტყვით. პირადად მე, არანაირი კონტაქტი არასდროს არ მქონია ამ ადამიანთან არც საქართველოში და არც რუსეთში ყოფნისას.
– რამდენად შეძლებს ივანიშვილი, რომ სიტუაცია არიოს ოპოზიციურ ფლანგზე?
– ამ ადამიანს იმხელა ფულადი რესურსი აქვს და იმდენად სუსტია ადამიანი, ყველაფერი შეიძლება რომ მოხდეს. არასდროს არაფერს არ გამოვრიცხავ. სწორედ ამიტომ იყო საშიში ამ ადამიანის მოყვანა პოლიტიკაში თავის დროზე, 2012 წელს ვგულისხმობ. მას სხვებთან შედარებით, მართლაც რომ შეუდარებლად დიდი ფინანსური რესურსი აქვს. ამიტომ ის ძალიან საშიშია. თუ მიხვდება ქართველი ერი მაგას, რომ პოლიტიკაში არ უნდა იყოს ასეთი ადამიანი, ძალიან კარგი. იყოს ბიზნესში, აკეთოს თავისი საქმე და ღმერთმა ხელი მოუმართოს. პოლიტიკაში ეს კაცი, უბრალოდ, საშიშია.
– რას იტყვით ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესებზე? დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი გახარიას წასვლაზე, თუმცა ამ 20 ივნისსაც ჩემთან ერთად შეხვდებითო შეგვპირდა. რას იტყვით თქვენ, გაუშვებს გახარიას ივანიშვილი?
– აქ არის ერთი მარტივი მომენტი, თუ გახარიას დააყენებენ სიის სათავეში, მაშინ მას მოუწევს თანამდებობის დატოვება.
– თქვენ ფიქრობთ, რომ გახარია სიის სათავეში იქნება?
– არ გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ გახარიამ თავის თავი არაერთხელ აჩვენა, როგორც ძალიან ეფექტიანმა ხელმძღვანელმა საარჩევნო პროცესის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მას ვიხილავთ სიის სათავეში.
– და ეს იქნება მიზეზი მისი პრემიერობიდან წასვლის?
– თუ ასე მოხდა, კი. თუმცა შიგნიდან სხვა ბევრი ჭორიც გამოდის.
– კერძოდ?
– ის, რომ სერიოზული პრობლემები იყო მასა და კახა კალაძეს შორის. ეს ჯერჯერობით ჭორის დონეზე ვიცით და ვნახოთ. თუმცა ფაქტია და პირადად ჩემი შეფასება ასეთია, კალაძე რომ არის, ამაზე ცუდი მერი თბილისს ჯერ არ ყოლია. ამას ვხედავ ყოველდღე, ვაკეში ვცხოვრობ.
– ბოლო პერიოდია ძალიან ბევრს საუბრობენ კალაძის კორუფციაში ჩართულობაზე. თქვენ ფიქრობთ, რომ ამიტომ დაეტაკა გახარია კალაძეს?
– არ გამოვრიცხავ. თუმცა შესაძლოა, ფულიც ვერ გაიყვეს ერთმანეთში. დავიჯერო, კალაძე ყელამდეა კორუფციაში და გახარია ანგელოზია? ფაქტია, რომ კალაძის მიმართ საზოგადოებაში დიდი გაღიზიანება გროვდება. ხომ ვუყურებთ, როგორი სიტუაციაა. ძალიან ქედმაღალი ადამიანია, როგორი ცინიკური განცხადებები აქვს. ეს კი მიუღებელია ხალხისათვის. საქმე ისაა, რომ ცინიზმი არც გახარიას აკლია. ეს ცინიკური პოზიცია, თეთრზე რომ შავს გეუბნებიან, მართლა სამარცხვინო საყურებელია.
– როგორ მივალთ არჩევნებამდე?
– მე ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ამ პანდემიის მეორე ტალღა არ შემოგვიგდონ, მოიგონონ. როგორც ხედავთ, საკმაოდ მართვადია ეს პროცესი, ძალიან ადვილი სამართავია. ამიტომ ყველაფერს უნდა ველოდეთ.

