გიორგი ვაშაძე – „კალაძის იმიჯი თავიდან ბოლომდე ჩამოიშალა“

გიორგი ვაშაძე - „კალაძის იმიჯი თავიდან ბოლომდე ჩამოიშალა“„ჩვენს მაჟორიტარებს დღეს-ხვალ დავასახელებთ“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პასუხობს.
– ბატონო გიორგი, როგორც ცნობილი გახდა, ოპოზიციური პარტიები თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებს დღეს-ხვალ დაასახელებთ. ანუ შეთანხმდა გაერთიანებული ოპოზიცია?
– დიახ, ამ საერთო ფორმატიდან ვასახელებთ, შალვა ნათელაშვილის გაერთიანებული ფორმატიდან რამდენიმე კანდიდატს დავასახელებთ.
– გამოდიოდა ინფორმაციები, რომ ოპოზიციის შიგნით სერიოზული პრობლემები იყო, რომ ვერ თანხმდებოდით და ა.შ. დალაგდა შიგნით სიტუაცია?
– ხომ ხვდებით, ეს ყველა დისკუსიის თანმდევია, ვფიქრობ, რომ ყველა შეთანხმებისკენ მიდის და არ მგონია, რომ რაიმე პრობლემა იყოს ამ საკითხთან მიმართებაში.
– რამდენ მაჟორიტარზე შეთანხმდით? როგორც ითქვა, ერთ-ერთი თქვენც იქნებით. რომელ რაიონში აპირებთ კენჭისყრას?
– ვნახოთ, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და ყველაფერი ცნობილი გახდება. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ყველაფერს ვიტყვით, მაგრამ ისეთი სტრატეგია გვაქვს, რომ ერთ ან ორ ადგილს მაინც დავტოვებთ თავისუფალს, საზოგადოებისთვის აქტიური პირებისთვის, სხვადასხვა ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი ექნება, რომ შემოუერთდნენ ამ სახალხო ბრძოლას. ანუ ახლა დასახელდეს მეორე ეტაპი და შემდეგ კიდევ იყოს მესამე ეტაპი.
– ამ ეტაპისთვის რამდენი მაჟორიტარია შერჩეული?
– ოთხი მაჟორიტარია უკვე შერჩეული ამ ეტაპისთვის დამატებით.
– და აქედან ერთ-ერთი თქვენ ხართ?
– სავარაუდოდ, ვნახოთ…
– ითქვა ისიც, რომ რომ ეკა ბესელიაც გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარად დასახელდება. რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?
– პირდაპირ გეტყვით, რომ ამის შესახებ არ მსმენია არც ერთ განხილვაში, გულწრფელად გეუბნებით.
– 20 ივნისი მოდის, აქცია იგეგმება. თუმცა საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა ვერ შედგეს ეს აქცია. დაუშვებს ხელისუფლება რუსთაველზე შეკრებას, თუნდაც ამ პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე?
– ხომ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ გადათხარა რუსთაველი, პარლამენტის წინა ტერიტორია და აღარც აპირებს, რომ ის გააკეთოს. საერთოდ კატასტროფაა მისი მუშაობის სტილი და სტანდარტი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვხატოთ პროტესტი 20 ივნისს, იმიტომ, რომ 20 ივნისი შავი ლაქაა საქართველოს ისტორიაში. ეს არის თვალების დათხრის დღე და ამ ყველაფერზე პირადად გახარიაა პასუხისმგებელი. იმიტომ, რომ ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ასევე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გასცა ეს ბრძანება და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამ აქციაში მონაწილეობას, რა სახითაც არ უნდა გაიმართოს ეს პროტესტი. რეალურად ყველას უნდა ახსოვდეს, რა მოხდა 20 ივნისს.
– რას იტყვით ხლეისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესებზე? ჩვენ ვნახეთ კრიტიკული წერილები დასავლეთიდან. თუმცა არ აპირებს “ოცნება” სტრატეგიის შეცვლას.
– მოვა დრო და “ქართული ოცნება” ერთიანად ჩამოიშლება. დაიმსხვრევა თავიდან ბოლომდე. ხუხულასავით დგას ახლა, ჭამენ ერთმანეთს შიგნით, ყველა ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვის. ერთმანეთს უვრცელებენ გარკვეულ ჭორებს. არის მცდელობა, რომ ეს ჭორები ჩვენთანაც მოიტანონ. მე ზოგადად ვარ საჯარო პოლიტიკის მომხრე და ჭორებს არასდროს ვუსმენ, მაგრამ მათი სტრატეგიაა ერთმანეთზე, სხვებზეც ათასი ბინძური ჭორის გავრცელება.
– უკვე აღარ იმალება, გამოდის ხმები, რომ შიგნით სერიოზული დაძაბულობა და დაპირისპირებაა.
– ერთი დიდი ჭორბიუროა! გაუნათლებელთა კასტაა შეკრებილი “ქართულ ოცნებაში” და ჭორების გავრცელების მეტი მათ არაფერი შეუძლიათ. როგორც თავის შიგნით, ისე გარეთ, რაღაცა უამრავ ჭორს ავრცელებენ. ტროლების და ბოტების პარტიად იქცა “ქართული ოცნება”. აი, ეს არის რეალობა!
– იმის თქმა გინდათ, რომ ამ სისტემამ თავადვე მოიცვა “ოცნება”?
– კი, ასეა. როგორც ბაცილა, ისე შეეყარა ეს ყველაფერი. სრულ კატასტროფაში არიან. ყველა ერთმანეთს ჭამს, უპირისპირდება და არის ბრძოლა, თუ ვის რა ლუკმა შეხვდება.
– სიას ვერ აკომპლექტებენ და ვერ ინაწილებენ კვოტებს…
– კი, კი, ზუსტად ასეა. ვერ ინაწილებენ და უფრო მეტიც, გეტყვით, რომ ჩაძირული გემივით არის, ზოგს გაქცევა სურს, მაგრამ სახის შენარჩუნება უნდა. ვირთხებივით ერთმანეთს ჭამენ, ამ გემს ძირი გამომპალი აქვს და როდის ჩაიძირება, არ იციან. თან ეშინიათ დასავლელი პარტნიორების რეაქციის, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა აქვთ დაშვებული დასავლეთში. ასე რომ, ძალიან მძიმე ვითარება აქვთ.
– გახარიას საკმაოდ დიდი კვოტა სურს და კალაძე არ უთმობსო. გახარია გუნდის ლიდერად რჩება?
– იმდენად ჩამოიშალა კალაძის იმიჯი თავიდან ბოლომდე, რომ მას აღარაფერი უშველის. დიდი კორუფციაა, ჭავჭავაძის გამზირი კი მართლა სახეა კახი კალაძის. კატასტროფა ხდება ვაკეში. ნარმანიას თუ ვინატრებდით თბილისის მერად, ამას ვინ წარმოიდგენდა! შეადარეთ პეკინის და ჭავჭავაძის ქუჩების სარეაბილიტაციო დრო და ზოგადად მიმდინარეობა. ყველაფერი ჩამოშლილი აქვთ და პლუს ამას, შიგნით ერთმანეთს ებრძვიან. დაუჭამიათ ერთმანეთი, ჩვენ რას გვერჩიან, ან ამ ქვეყანას რას ერჩიან, თორემ თვითონ რაც უნდათ, ის უქნიათ. ეგ რა ჩვენი გასარჩევია.
ზოგადად, როცა პოლიტიკურ ძალას არ აქვს არანაირი იდეოლოგია და არანაირი მისწრაფება, რომ რამე უნდა გააკეთოს ქვეყანაში, იქ ერთმანეთის ჭამას იწყებენ მაქსიმალურად. რისთვის უნდა “ქართულ ოცნებას”, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, რამე პროექტი დაიწყო და დასასრულებელი აქვს?! რამე დიდი ინვესტიციები შემოვიდა წელს და გასაგრძელებელია თუ რა?! ერთადერთი, უნდა დარჩნენ იმიტომ, რომ დიდი ფული იშოვონ და კიდევ ძარცვონ ეს ქვეყანა. აი, ამას უნდა გამოვუტანოთ ჩვენ განაჩენი ოქტომბერში.
– ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აქცენტი კეთდება არჩევნების გადადებაზე. რამდენად გამოიყენებს ხელისუფლება პანდემიურ ვითარებას არჩევნების გადასადებად?
– ხელისუფლება მზად არის, რომ ყველაფერი გააფუჭოს და იმ დონეზეც კი მივიდეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობის ბინძური სპეკულაცია ჩაატაროს და თავისი სურვილისამებრ გადაანაწილოს და გადმოანაწილოს ესა თუ ის ვითარება. რაც შეეხება უშუალოდ გადადების საკითხს, ეს არის მათი გეგმა ბე, ვთქვათ, თუ ოქტომბერში მძიმე ვითარება იქნება რეიტინგული თვალსაზრისით, იფიქრებენ, რომ იქნებ ახალ წელთან ახლოს მივიტანოთ არჩევნები, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ.
ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აბნეულები და დაბნეულები არიან. არ იციან, რა უნდათ და აქედან გამომდინარეობს ეს ყველაფერი. ოპოზიციის ერთიანობაა მთავარი ბერკეტი და მექანიზმი მათი ჩანაფიქრის საწინააღმდეგოდ.
8 მარტის შეთანხმებასაც ამ გზით მივაღწიეთ და აუცილებლად ისევ ამ გზით ვივლით, რომ არ მივცეთ მანიპულაციის შესაძლებლობა “ქართულ ოცნებას”!