„რა ქნას ვაშაძემ, სიყვარულით შექმნა ოჯახი და ბიძად დახვდა ვანო ჩხარტიშვილი”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს.
– ბატონო გურამ, ძალიან არასასიამოვნო საყურებელია, რაც გაერთიანებულ ოპოზიციაში ხდება. იგრძნობა დაპირისპირება. როგორია შიდა კულუარები, რას გვეტყვით თქვენ?
– დღევანდელი მდგომარეობით არანაირ დაპირისპირებას ადგილი არა აქვს. ყველაფერი მიდის ისე, როგორც ითქვა. ჩვენ თავიდანვე გვქონდა განცხადება გაკეთებული, რომ შევთანხმდებოდით საერთო კანდიდატზე. აქ პირველ რიგში საუბარი იყო დიდ ქალაქებზე. ასევე ძალიან კარგი იქნებოდა, თუ შევთანხმდებოდით რეგიონებზეც.
– ჩაიშალა ეს დაპირება და მოლაპარაკება?
– არა, არანაირი მოლაპარაკება ჩაშლილი არ არის.
– მაშინ რას ნიშნავს ეს ღია და საჯარო განცხადებები და დაპირისპირებები. თუნდაც გიორგი ვაშაძის თემაზე?
– ვაშაძის საკითხს ცოტა მოგვიანებით შევეხოთ. მე საუბარი მაქვს ზოგადად ოპოზიციაზე. ვმსჯელობთ იმაზე, რომ დიდ ქალაქებში და შემდეგ მაქსიმალურად ყველგან გავიდეთ ერთიანი კანდიდატებით.
– ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ პირველობას ვერ იყოფენო. ასეა?
– არა, ასე არ არის. რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ დიდ პარტიებს მეტი ამბიცია ექნებათ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ მეტი კვოტა და მეტი ადგილი მაჟორიტარებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა პარტიები დაიჩაგრონ. ამიტომაც თქვეს ერთმაც და მეორემაც, რომ უნდა შევარჩიოთ რეალური კანდიდატები. რომელ კანდიდატსაც რომელ რაიონში თუ რეგიონში მეტი უპირატესობა ექნება, სწორედ იქ უნდა იყაროს კენჭი. ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ და იქ სხვა პარტიამ აღარ უნდა დაასახელოს კანდიდატი.
– თქვენ თუ აპირებთ მაჟორიტარად კენჭისყრას?
– მაჟორიტარობის სურვილი არავის არა აქვს, არც მე ამ შემთხვევაში. ამ საკითხებზე ვსაუბრობთ და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველანი ერთად მივიღებთ. მე ვთვლი, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ოპოზიციის იმ კანდიდატს, რომელსაც მეტი საშუალება და უნარი ექნება გამარჯვების.
– რას აპირებს ირაკლი ოქრუაშვილი? საუბარია, რომ სერიოზული შეხვედრები და მოლაპარაკებები იმართება.
– დიახ, დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ ვხვდებით ყველა პარტიას. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები. ვხვდებით ყველას და გეტყვით თამამად, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის ერთ-ერთი ინიციატორი და მოსურნე, რომ ეს ერთობა იქნეს შენარჩუნებული და რაც შეიძლება მეტ ოლქზე შევთანხმდეთ. სწორედ ამის გამო ვხვდებით ძალიან ბევრ ადამიანს, ბევრ პარტიას, რომ 20-22 კანდიდატზე მაინც შევთანხმდეთ მთელი ოპოზიცია.
– შეთანხმდებით კი? საზოგადოებას სერიოზულად ეპარება ეჭვი ამაში. ისევ ოპოზიციური პარტიების განცხადებებიდან გამომდინარე.
– არ ვიცი, ვინმე თუ მოინდომებს ამის არევას. დღეს სიტუაცია ასეთია, რომ წესით, ივნისის ბოლომდე უნდა შევძლოთ, რომ თბილისსა და დიდ ქალაქებზე 99% შეთანხმება მიღწეული გვქონდეს.
– არიან ისეთები, ვისაც არევა სურთო. აქვთ ფინანსური ინტერესი და ასე შემდეგ.
– არ ვიცი, ეს ჯერ არ გამოკვეთილა, რომ ვინმეს ჩაშლა ჰქონდეს განსაზღვრული. ჩვენი მთავარი მიზანი ამ არჩევნებზე მიღწეულ უნდა იქნას და ჩვენი მიზანია, რომ როგორმე ეს ხელისუფლება მოვიშოროთ. ამისთვის კი ერთიანობაა საჭირო.
– რას იტყვით ვაშაძის ირგვლივ ატეხილ ამბავზე?
– გიორგის ირგვლივ ატეხილი ამბავი საკმაოდ არასასიამოვნო საყურებელი და მოსასმენია. ჩემთვის განსაკუთრებით, რადგან მე და გიორგი წლებია, მეგობრები ვართ. პოლიტიკაში მოსვლამდე ვმეგობრობდით.
– რა ქნას ვაშაძემ, თუკი მისი ცოლის ბიძა ვანო ჩხარტიშვილია?
– როდესაც “ოცნების” ხელისუფლება გვეუბნება, რომ დედა არ არის ნათესავი, მოსამართლეს აძლევს დავალებას, რომ ასე თქვას. არც ცოლის დედაა ნათესავიო. ვაშაძის შემთხვევაში ცოლის ბიძაზეა საუბარი. რა ქნას ამ ადამიანმა? სიყვარულით შექმნა ოჯახი და ბიძად დახვდა ვანო ჩხარტიშვილი. ამის გამო ვერც სიყვარულზე იტყოდა უარს და ვერც ნათესაობაზე.
იმ ადამიანს აქვს თავისი ცხოვრება, ამას კი – თავისი. ვანო ჩხარტიშვილი ყოველთვის იყო ვანო ჩხარტიშვილი. 2003-ამდეც, 2012-ამდეც და 2012-ის მერეც. როგორც მე მახსოვს, ჩხარტიშვილს 2012-ამდე საქართველოში ჩამოსვლის პრობლემა ჰქონდა, ვერ ჩამოდიოდა, გიორგი ვაშაძე კი მაშინ იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. მერე პარლამენტის წევრი გახდა. შემდეგ კი ოპოზიციაშია და აგრძელებს თავის საქმიანობას. ორივეს თავისი გზა და თავისი მიმართულება აქვთ.
ჩემი ცოლის ბიძა რომ რომელიმე ოლიგარქი იყოს, ამის გამო მე ვერც ოჯახს დავანგრევდი და ვერც იმ ადამიანს ვეტყოდი, არ უნდა იყო ჩემი ცოლის ბიძა-მეთქი. ეს არის თითიდან გამოწოვილი ამბავი. როდესაც ვიღაცა ხედავს მასზე ძლიერს, მასზე გონიერ ადამიანს, უნდა, რომ ჩირქი მოსცხოს. დაახლოებით ამ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. ცდილობენ, ვაშაძეს ჩირქი მოსცხონ იმის გამო, რომ მისი მეუღლის ბიძაა ვანო ჩხარტიშვილი.
– იწყება საკონსტიტუციო განხილვები, საპარლამენტო ოპოზიცია კი მასში მონაწილეობს არ მიიღებს. ეს რამდენად დააზარალებს პროცესს?
– უკვე მთელი მსოფლიო იმაზე ლაპარაკობს, რომ 8 მარტს საქართველოში ისტორიული შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უნდა იქნას შესრულებული. ამ შეთანხმების მთავარი ნაწილი იყო ამ სამი პირის გამოშვება. სამიდან ორი, ოქრუაშვილი და უგულავა გამოუშვეს. რურუა კი პატიმრობაში რჩევა. თუ 8 მარტის შეთანხმება იქნება შესრულებული, თუ ხელისუფლება არ ჩაერევა სასამართლო ინსტიტუციაში და მოსამართლეს მისცემენ ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანის უფლებას, დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ პატიმრობას, მინიმუმ, გირაოთი შეუცვლის. მხოლოდ და მხოლოდ ეს ნაბიჯია გადასადგმელი ხელისუფლების მხრიდან, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს და, შესაბამისად, ცვლილებები შევიდეს კონსტიტუციაში.
რას აპირებს ხელისუფლება, ამას ვერ გეტყვით. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ გაუმკლავდა კორონავირუსს. რა თქმა უნდა, მათ გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, თუმცა სიტუაცია რომ ჩვენს ქვეყანაში უკეთესია, ეს მედიკოსების დამსახურებაა და არა – გახარიასი ან ივანიშვილის.
– გახარია ახსენეთ და საგრძნობლად იმატა ხმებმა მისი გადადგომის შესახებ. მიდის გახარია?
– ივანიშვილის პერსონა უკვე ძალიან კარგად შევისწავლე. ამ ადამიანს აქვს ერთი მიმართულება, რომ მასზე მეტი ავტორიტეტი არ უნდა ჰქონდეს არავის. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ მან გახარია ტყუილად დანიშნა 20 ივნისის შემდეგ?! სწორედ იმიტომ დააწინაურა, რომ 20 ივნისის შემდეგ გახარიას რეიტინგი ნულს ქვევით იყო. ივანიშვილი დარწმუნებული იყო, რომ გახარია წელში ვერანაირად გაიმართებოდა და ვერც მომხრეებს გაიჩენდა.
როგორც ჩანს, ვიღაცამ მიუტანა ამბავი, რომ გახარიამ ძალები მოიკრიბა, პოპულარულია და თუ ეს დაიჯერა ივანიშვილმა, დაიბარებს გახარიას და ერთი საათით ადრე შეატყობინებს, რომ გადაყენებულია თანამდებობიდან.

