ირაკლი ოქრუაშვილი – ”ოპოზიციის ერთობა რომ არ დაზარალებულიყო, იმიტომ გავიწიე გვერდზე”

ირაკლი ოქრუაშვილი - ''ოპოზიციის ერთობა რომ არ დაზარალებულიყო, იმიტომ გავიწიე გვერდზე''”მხოლოდ ოპოზიციის ერთობას შეუძლია დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა. ერთობა რომ არ დაზარალებულიყო, იმიტომ გავიწიე გვერდზე. თუ ვინმეს მაჟორიტარობის კანდიდატობის ორი ადგილი ეკუთვნოდა, მეც მეკუთვნოდა ერთი, მაგრამ უარი ვთქვი. სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით გამოვიყენე სიტყვა ბუღალტერია. სწორედ საკითხისათვის ამგვარ დამოკიდებულებას ვგულისხმობდი. არ მომწონს ასეთი მიდგომა, რომ მე მეტი მეკუთვნის და შენ – ნაკლები. ამით შეიძლება მთავარ მიზანს ავცდეთ.” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ტვ ”პირველის” ეთერში.

ოქრუაშვილის განცხადებით, ელისაშვილს თუ არ მოსწონდა ოპოზიცის 98 პროცენტი, თავიდანვე არ უნდა დამჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან.

”ჩვენ პოლიტიკოსები ვართ, შეიძლება წარსულში არ მოგვწონდა ერთმანეთი, მაგრამ ახლა არაა წარსულის ქექვის და რაღაცეების წამოძახების დრო. არ ვართ თითოეული ჩვენთაგანი ისეთი ძლიერები, რომ დამოუკიდებლად შეგვეძლოს ხელისუფლების ცვლილება, თუ ერთობა დაირღვევა, დარჩება ”ოცნება” კიდევ ოთხი წელი და მერე რა პასუხს ვაძლევთ საზოგადოებას”.

მისი აზრით, ოპოზიციის ამგვარი დაპირისპირებით ხელისუფლება დიდად ვერ იხეირებს.

”ამ ერთგვარი დაპირისპირებით ხელისუფლება დიდად ვერ იხეირებს და ვფიქრობ, ვერ დააზიანებს ერთობას. ჩვენ უფრო მტკივნეულ საკითხებზე მოგვიწევს შეთანხმება და გაერთიანება, თუნდაც კოალიციური მთავრობის კონტურები როცა გამოიკვეთება, მინიმუმ სამ დიდ ქალაქში უნდა შევთანხმდეთ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატზეც.”

იქნება თუ არა ოქრუაშვილი რომელიმე  რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატი?

”ამ არჩევნებზე არსად ვიქნები მაჟორიტარობის კანდიდატი, სადაც საჭირო იქნება, იქ შევასრულებ ”შავი მუშის” საქმეს.

ოქრუაშვილი თვლის, რომ ახლა დღის წესრიგში დგას გიორგი რურუას გათავისუფლება და  ”ქართულმა ოცნებას” აუცილებლად მოუწევს რურუას გამოშვება, რადგან შეთანხმება დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევით არის მიღწეული და ისინი საკითხს უყურადღებოდ არ დატოვებენ.

”ხალხს არ აინტერესებს პოლიტიკოსებმა რა თქვეს ერთმანეთზე. ხალხს აინტერესებს იქნება თუ არა ეკონომიკური სტაბილურობა და იქნებიან თუ არა სოციალურად დაცულნი. ამაზე პასუხის გაცემა ოპოზიციასაც მოგვიწევს. ვფიქრობ, დროა უკვე ამ მხრივაც დავიწყოთ  მუშაობა და გავიშალოთ რეგიონებში”.  – განაცხადა ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა.