ლადო სადღობელაშვილი – „ივანიშვილმა კალაძე გახარიაში გაცვალა“

ლადო სადღობელაშვილი - „ივანიშვილმა კალაძე გახარიაში გაცვალა“”არ ვიცი, რა ზურგი აქვს გახარიას ამისთანა, რომ ვერ მოუხერხა ბიძინამ ვერაფერი”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.
– ლადო, ბოლო პერიოდია აქტიურად საუბრობენ “ქართულ ოცნების” შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე. დაერივნენ ერთმანეთს, მაჟორიტარებს ვერ იყოფენო. ასევე საუბარია კალაძე-გახარიას დაპირისპირებაზე. რა ინფორმაციები გაქვთ თქვენ?
– მე თქვენთან ინტერვიუებში სულ ვსაუბრობდი, რომ ივანიშვილი გახარიას არჩევნებს არ ჩაატარებინებდა. თუმცა, ბოლო პერიოდია, სურათი შეიცვალა.
– რატომ, რა შეიცვალა?
– მე ყოველთვის მეგონა, რომ ფავორიტად პარტიაში, პოპულარობიდან გამომდინარე და წარსულიდან, რომ თავიდანვე მედგრად ამ პარტიაში დგას, კალაძე უფრო მიმაჩნდა. არასდროს არ წარმომედგინა, რომ ბიძინა ივანიშვილი კალაძეს გაცვლიდა გახარიაში. როგორც ჩანს, ამ წუთის მდგომარეობით ასეა. რაღაცები შეიცვალა შიგნით გუნდში. მე მექმნება ასეთი შთაბეჭდილება, რომ კალაძე იცვლება გახარიაში პარტიულ დონეზედაც კი. არამარტო მაჟორიტარების გამო, ბევრი სხვა რამის გამო მიდის შიდა ბრძოლები.
– დიდი დაპირისპირებაა როგორც გახარიასა და კალაძეს შორის, ისე ივანიშვილსა და კალაძეს შორის. ასეთი რა დააშავა კალაძემ?
– მეც ზუსტად მაგას ვამბობ, რომ აი, ასეთი ვითარებაა შექმნილი. ჯერ კიდევ არ ჩანს, რა თამაში წამოიწყო ივანიშვილმა.
– ანუ ტოვებს ივანიშვილი გახარიას?
– დღეს ისეთი ვითარებაა, რომ გახარიას მეტი პრიორიტეტები აქვს, ვიდრე კალაძეს. მით უმეტეს, რომ გამოდის ბევრი ინფორმაცია, რომ კალაძე დადის სხვადასხვა ადგილებში, მართავს ფარულ შეხვედრებს. ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც კალაძე მერობაზე იყრიდა კენჭს, ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა ამ თემებზე, რომ მე ცალკე მინდა გასვლაო, ცალკე ვაპირებ პარტიის გაკეთებასო.
– შეიძლება მიუხვდა რაიმე ზრახვებს ივანიშვილი და ამიტომაც ანაცვლებს გახარიათი?
– მეც ეგ ეჭვი მაქვს, რომ ასეა.
– გამოვიდა ხმები, რომ კალაძე ევროპის ქვეყნებში ეძებს ქართველ მილიონერ პარტნიორებს, დამაფინანსეთ და გავუშვათ ბიძინაო. ამაზე რას იტყვით?
– დიახ. სწორედ ასეთი ერთ-ერთი ვიზიტის დროს იყო, კალაძე და თალაკვაძე რომ გამოიჭირეს იტალიაში. სწორედ ამ საკითხს ეხებოდა ეს ვიზიტი.
– თალაკვაძეც კალაძის გუნდის წევრია?
– მე ვიცი, რომ თალაკვაძე ლილუაშვილის კადრია, ვიდრე კალაძის. თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს გახარია უფრო პრიორიტეტული გახდა, ვიდრე კალაძე. კალაძისთვის რთულია, შეეგუოს ამ გარემოებას. ისიც ვნახეთ, რომ რამდენჯერმე უკვე ნერვებმა უმტყუნა.
ეს არჩევნები ძალიან განსხვავებული და რთული იქნება. ივანიშვილს არ ექნება ის ფუფუნება, რაც 2016 წელს ჰქონდა. ვეღარ შეიყვანს იმდენ ხალხს, რამდენიც წინა მოწვევის პარლამენტში შეიყვანა. ამიტომ ადგენს სიას თავად და ამიტომ არის, რომ ყველა კადრს ნდობის მიხედვით არჩევს. იმ კვოტას, რომელიც იყო გათვლილი პარტიულ პირებზე, ანაწილებდა უშუალოდ კალაძე. სწორედ აქ ყოფს ფეხს გახარია და უნდა, რომ მისგან წაიღოს ამ კვოტის მაქსიმალურად დიდი ნაწილი. კალაძის კადრებს ანაცვლებს გახარიას კადრები. კალაძეს სიაში თუ ჰქონდა 30 კვოტა, აქედან დაახლოებით 20-ს გახარია წაიღებს.
– ანუ გახარია იბარებს მთლიანად საარჩევნო პროცესს? იმაზეც საუბრობენ, რომ შესაძლოა სიის პირველ ნომრად ვიხილოთ და ეს გახდეს საბაბი პრემიერობიდან გადადგომის.
– იქნება პირველი ნომერი და მერე ისევ აირჩევენ პრემიერად, რა პრობლემაა?! გადადგება ფორმალურად ორი თვით პრემიერობიდან, ჩაატარებს არჩევნებს და მერე დაბრუნდება ისევ. თუმცა, ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს?!
– რას ნიშნავს?
– ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ გადააყენებს მას ვერასდროს ბიძინა ივანიშვილი. ამის შანსი არ არის. სწორედ აქ მოვდივარ წინააღმდეგობაში საკუთარ აზრებთანაც კი, რომ როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა ეს დაუშვას? ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი მმართველობის სტილი აქვს ივანიშვილს, არ არსებობს პრემიერი, რომელმაც გაძლო ორ წელიწადზე მეტი. თვითონაც კი ძალიან მოკლე ხანი იყო პრემიერად. ასევე ღარიბაშვილიც.
– გახარიას შემთხვევაში რა იცვლება?
– როგორ ჩანს, იცვლება. თუ გახარიამ აიღო გარკვეული კვოტა, დავუშვათ, შეიყვანა პარლამენტში 15 კაცი და ჯამში “ოცნებამ” გაიყვანა 90 კაცი, იმ 90 კაციდან თუ 15-ს გახარია აკონტროლებს, გამოდის, რომ გახარიას პრემიერობიდან გადადგომა იქნება იმის ნიშანი, რომ “ოცნება” უმცირესობაში აღმოჩნდეს. არ მგონია, რომ ბიძინა ამის დაშვებას აპირებდეს.
მისი სტრატეგიაა, რომ არავისზე არ იყოს დამოკიდებული მისი ძალაუფლება. მე ასევე თვალს ვადევნებ ინტერნეტგამოკითხვებს. გუშინაც შემხვდა ერთ-ერთი ცნობილი სააგენტოს გამოკვლევა კითხვით, თუ ვის აირჩევდი პრემიერად და აღმოჩნდა, რომ გახარიას ბევრად მაღალი პროცენტი ჰქონდა, ვიდრე ივანიშვილს.
– ანუ?
– მე იმის თქმა მინდა, რომ თვითონ “ქართულ ოცნებაშიც” კი ბიძინა ივანიშვილს უფრო დაბალი რეიტინგი აქვს, ვიდრე გახარიას. ეს კარგად არც ერთ პრემიერს ან მინისტრს არ დაუმთავრდა. სერგეენკოსაც კი ეს თავის დროზე ცუდად დაუმთავრდა. ივანიშვილი არავის პატიობს მასზე მაღალ რეიტინგს.
არ ვიცი, ეს ადამიანი ვინ არის, რა ზურგი აქვს გახარიას ამისთანა, რომ ვერ მოუხერხა ბიძინამ ვერაფერი. ეს ივანიშვილის მართვის სტილში არანაირად არ ჯდება. თუ კვოტას აძლევ ადამიანს და არჩევნებს ატარებინებ, მერე ასე მარტივად ვერ მოიშორებ.
– რატომ არ გაუშვა?
– კულუარებიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა უთხრა გახარიას, გადამდგარიყო, წასულიყო, თუმცა გახარიას კატეგორიულად უთქვამს, არსადაც არ წავალო. ასე მარტივად არ დასრულდება ეს ამბები. აქ რაღაც კიდევ მოხდება.
– ამ ფონზე რა ხდება ოპოზიციაში?
– როდესაც ასეთი ამბები ხდება “ქართულ ოცნებაში”, წარმოიდგინეთ, რა ამბები ტრიალებს ოპოზიციაში. აქ ხომ ფული თამაშობს ძალიან დიდი როლს?! შესაბამისად, ფულის გადახდებით აქ საქმეები წყდება და ლაგდება.
– ოპოზიციიდან ვიღაც-ვიღაცები ურიგდებიან ბიძინას. ვინ გაურიგდა?
– რა თქმა უნდა, ასეა. დღეს ოპოზიციაში ძალიან ბევრს არ აქვს იმის ფული, რომ არჩევნები ჩაატაროს. იმისთვის, რომ არჩევნები ჩაატარო, საჭიროა, რომ მილიონიდან ორ მილიონ დოლარამდე გქონდეს ანგარიშზე. მე დღეს ძალიან ცოტა ვიცი ისეთი პარტია, ვისაც ერთი ან ორი მილიონი დოლარი აქვს ანგარიშზე. რა თქმა უნდა, ამ პარტიებში არ ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და „ევროპულ საქართველოს“. კიდევ ლელოს აქვს ფული. სხვას ვის? არც არავის. ამ სამ პარტიას აქვს ფული. ამიტომ წინასაარჩევნო გარიგებების სახე ეძლევა ხოლმე ამ პროცესს. კონკრეტულ ბიზნესმენს დაავალებს ბიძინა, რომ ამა თუ იმ პარტიის ანგარიშზე შეიტანოს მილიონი და ირმა ინაშვილი იქნება თუ ნინო ბურჯანაძე, ჩაგსვამენ გამსვლელ სიაში. აი ასეთი დახმარებები და გარიგებები ხდება. ფულს ქეშად კი არ არიგებს ბიძინა. აი, ასე ეხმარება კონკრეტულ პარტიებს.
ზუსტად ვიცი, რომ ირმა ინაშვილი და ნინო ბურჯანაძე მიუღებლები არიან რუსეთში და მათ აღარაფრად აღარ თვლიან. ერთადერთი შანსი, რომ პარლამენტში მოხვდნენ, არის ის, რომ შეეკრან ბიძინა ივანიშვილს.
ან, თუნდაც გირჩი რომ ავიღოთ, თავისი ფინანსებით შეძლებს არჩევნებში რაიმე წარმატების მიღწევას? რა თქმა უნდა, არა. ასევე ელისაშვილზე რომ არის აქცენტები დასმული, ელისაშვილს ფული საიდან უნდა ჰქონდეს?!
ელისაშვილსაც ბიძინა აფინანსებს?
– მე მაქვს ინფორმაცია, რომ 2017 წელს ელისაშვილი კალაძეს შეეკრა და „გაუპრავა” არჩევნები.
– ელისაშვილი?
– დიახ, სწორედ ელისაშვილი! 2017 წლის მერის არჩევნებზე, კალაძესთან ერთად კენჭს იყრიდნენ ელისაშვილი და უდუმაშვილი. უდუმაშვილი არ აპირებდა კალაძის გამარჯვებას, გამოვიდა ელისაშვილი, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ და პირველმა თქვა, ვულოცავ კალაძეს არჩევნებში მოგებასო. დღესაც კი გამოდის ელისაშვილი და აცხადებს, ოპოზიცია ვარო, მაგრამ ეგეთი ოპოზიციაა ირმა ინაშვილი, ნინო ბურჯანაძე, იგივე გირჩი. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ბატონი ხაზარაძეც საკმაოდ დაახლოებული პირია ივანიშვილთან.
– სასამართლო პროცესებიც რაღაც საეჭვოდ შეწყდა.
– სწორედ მაგას ვამბობ, რომ ყველაფერი გაჩერებულია. მე როდესაც ერთ-ერთ გაზეთში დავწერე ხაზარაძეზე უარყოფით კონტექსტში, დამიკავშირდნენ “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ადამიანები და მომთხოვეს, ნუ წერ ხაზარაძეზე ასეთ რაღაცებსო. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს პარტია კონტროლდება ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედ იმიტომაც აძლიერებენ.
სწორედ ლელო იქნება გახარიას და მისი გუნდის საპირწონე ძალა პარლამენტში. სავარაუდოდ, რა კვოტაც ეყოლება გახარიას პარლამენტში, იქნება ეს 10 ადამიანი თუ 15, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი ლელოდან ამდენივე ხალხს გაიყვანს.