ლევან ბერძენიშვილი – „გახარია ჯალათის სახელს ვერ მოიშორებს“

ლევან ბერძენიშვილი - „გახარია ჯალათის სახელს ვერ მოიშორებს“„ლელოს” ნაბიჯი თამამიც არის და საშიშიც… არ ველოდი, რომ მაჟორიტარებზე ყველა შეთანხმდებოდა“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
„ლელო“ ყველა მაჟორიტარულ ოლქში წარადგენს კანდიდატს. ამის პარალელურად, ოპოზიცია საერთო კანდიდატების დასახელებაზე ისევ მსჯელობს, თუმცა, რამდენად მოხერხდება ეს, არავინ იცის. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ლევან ბერძენიშვილს ყველა ოლქში შეთანხმება წარმოუდგენლად მიაჩნია, თუმცა ფიქრობს, რომ მთავარ ოლქებში შეთანხმება ოპოზიციისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია.
„ლელოს“ გადაწყვეტილების, საერთო კანდიდატების დასახელებისა და ხელისუფლების შანსების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი საუბრობს.
– ოპოზიცია საუბრობს მაჟორიტარების ნაწილში საერთო კანდიდატების დასახელებაზე და ამ დროს „ლელო“ აცხადებს, რომ ყველა ოლქში თავის კანდიდატებს დაასახელებს. ამას თქვენთვის რა ახსნა აქვს?
– ყველა პოლიტიკური ძალის შეთანხმება ამ ტიპის საკითხებზე ძნელი წარმოსადგენია. პრაქტიკულად ეს ძნელი განსახორციელებელი იქნებოდა. „ლელომ“, როგორც ახალმა ორგანიზაციამ, თავისი პოზიცია გამოხატა და არ დაიწყო ლოდინი, სხვები რას იტყოდნენ. ეს არც კარგია და არც ცუდი.
საერთოდ, იმის მოლოდინი, რომ ყველა ძალა დაჯდება და მოილაპარაკებს, არც მქონია და არც მაქვს. მთავარია, რომ ძირითადმა პოლიტიკურმა ძალებმა რაღაც ტაქტიკა განსაზღვრონ. შესაძლოა, კარგიც კი იყოს, რომ „ლელომ“ თქვა ის, რასაც ამ საკითხზე ფიქრობს. ახალ ძალას ყოველთვის აქვს სურვილი, ყველა ოლქში კანდიდატი ჰყავდეს და სხვა. ეს არ არის გასაკვირი, გამოცდილება გვეუბნება, რომ ასე ხდება ხოლმე.
– ეს ხელისუფლების წისქვილზე ხომ არ ასხამს წყალს?
– არა მგონია. უნდა შევხედოთ სურათს. რას ნიშნავს, როცა ადამიანი ამბობს, რომ ის დააყენებს თავის კანდიდატურას? ეს ნიშნავს იმას, რომ მას აქვს იმედი, ის გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მაინცდამაინც დიდ იმედებს აღარ ამყარებს მეორე ტურზე. როდესაც არავის უთანხმდები, არ გაქვს გარანტირებული, რომ მეორე ტურში აუცილებლად მიიღებ დახმარებას.
„ლელოს“ ეს ნაბიჯი, ერთი მხრივ, თამამია და, მეორე მხრივ, საშიშიც არის იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც ამ განაცხადს აკეთებს. ის ამბობს, მეორე ტურში გარანტირებულად ოპოზიცია, შესაძლოა, არ დამეხმაროსო. ასე ხდება ხოლმე. იციან, რა რისკზეც მიდიან. მათ აქვთ თავიანთი ანგარიში და გათვლა. რამდენად სწორი აღმოჩნდება, ვნახავთ – რამდენ მაჟორიტარს გაიყვანს, რამდენი გავა მეორე ტურში, რამდენი გაიმარჯვებს პირველივე ტურში და ა.შ. შესაძლოა, საერთოდ მეორე ტურშიც კი ვერ გავიდეს ვერც ერთი კანდიდატი, ასეც შეიძლება მოხდეს, მაგრამ, თუ გადიან მეორე ტურში, მათ გარანტირებული არ აქვთ ოპოზიციის ხმები.
– დანარჩენი ოპოზიციისთვის თუ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ მათ მაინც მოახერხონ შეთანხმება საერთო კანდიდატებზე?
– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მსხვილმა ოპოზიციურმა ძალებმა მოახერხონ შეთანხმება.
– თქვენ ეს რეალისტურად გეჩვენებათ?
– რეალისტურად არ მეჩვენება. ეს რომ მოხდეს ყველა უბანში, გამორიცხულია, მაგრამ, გარკვეულ უბნებში რომ მოხდეს, სავსებით რეალურია და შესაძლებელია, მით უმეტეს, გამოკვეთილი იქნება ლიდერები და, ერთმანეთს რომ არ დავუპირისპიროთ ისინი, სწორი იქნება.
– ხომ არ არის სასურველი, რომ რაღაცა სახით ჩატარდეს პრაიმერიზი და ამ გზით მოხდეს კანდიდატების შერჩევა?
– მრავალპარტიულობის შემთხვევაში გამორიცხულია ეგ. პრაიმერიზი ერთ პარტიაში ხდება ხოლმე. როდესაც ასეთი საზოგადოება ვიქნებით, რომელიც ამისთვის მზად არის, მერე ხელისუფლება გაიმარჯვებს თუ ოპოზიცია, მნიშვნელობა აღარ ექნება. ჩემი აზრით, არ არის ეს რეალისტური. ასეთი წამოწყებები იყო საქართველოში, მაგრამ არასდროს შედეგი არ მოჰყოლია. მე არ ვარ ამის დიდი გულშემატკივარი.
„ქართული ოცნება“ როდესაც მოდიოდა, მაშინ ჩვენ წინასწარ ჩავატარეთ გამოკითხვები და გამოკვლევები. ამის მიხედვით უნდა დაგვეყენებინა კანდიდატები. გამოკვლევამ თქვა, რომ ამ ადგილას ერთი კონკრეტული კანდიდატი ჯობს, მაგრამ კოალიციამ თქვა, არა, ის მაინც არ დავაყენოთო.
პრაიმერიზის გზით არაფერი დადგინდება ჩვენთან. ამას გარდა, აქ არის ფინანსური საკითხი.
– მაშინ, როდესაც ოპოზიციის მთავარი მტერი ბიძინა ივანიშვილისა და „ოცნების“ სახით მოსაშორებელია, რამდენად სწორია მისი ნაწილის მხრიდან ერთმანეთის კრიტიკა თუ სხვადასხვა ეპითეტი?
– სასიამოვნო არ არის, მაგრამ რამე უსაშველო არ ხდება ამ მიმართულებით და კატასტროფა არ მომხდარა ამ სფეროში. ჯერჯერობით ოპოზიცია შესაძლებლობის ფარგლებში სოლიდურად და სოლიდარულადაც მოქმედებს.
– რამდენად სწორად მიგაჩნიათ პრემიერმინისტრობის კანდიდატის დასახელება? რამდენიმე ძალის ფორმატში გიორგი ვაშაძის კანდიდატურა გაჟღერდა. ფიქრობთ თუ არა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პარტიამ საკვანძო თანამდებობები არჩევნებამდე დაასახელოს, რათა ამომრჩევლებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ?
– მე ვფიქრობ, რომ ეს დასახელება დარჩა დასახელებად. არ აჰყვა მთელი ოპოზიცია. ცალკეულ ძალებს შეუძლიათ, ასეთი მოსაზრებები მოსინჯონ, მაგრამ პარტიული გადაწყვეტილებები არ ყოფილა. რამდენმა კაცმაც ან ქალმაც არ უნდა თქვას, რომ ვაშაძე კარგია ან ცუდი, მე არც შევედავები და არც ვიკამათებ. არც კი ვიფიქრებ ამ თემაზე, სანამ ის პოლიტიკური ორგანიზაცია არ იტყვის მტკიცედ, ჩვენ გვინდა ამა ამ ადამიანის კანდიდატურაო და მოლაპარაკებებში შევა სხვებთან, თქვენ როგორ გინდათ და ა.შ. მე საქართველოში 30-მდე ადამიანის დასახელება შემიძლია, რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს იქნებოდა ჩემი ნათქვამი, რომ, შესაძლოა, სტრატეგიულად ამ თვალსაზრისით არც იყოს სწორი.
ამწუთას ამ დასახელებით არაფერი დაშავებულა, მაგრამ არც გაკეთებულა, წინ არ წავწეულვართ. მე, მაგალითად, შემიძლია, კიდევ უკეთესი ორი კაცი დავასახელო მაგ ერთობაში. ის, რომ ხალხმა იცოდეს წინასწარ, ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ თანამდებობაზე, ტაქტიკურად სწორ ნაბიჯად არ მიმაჩნია. ხალხმა უნდა იცოდეს, რომელი ძალების მოყვანა სურს ხელისუფლებაში.
– ხელისუფლებას თუ რჩება გამარჯვების შანსი და რაზეა დამოკიდებული ეს შანსი?
– ხელისუფლებას შანსები, რა თქმა უნდა, აქვს. მე არ მგონია, რომ იმდენად წყალწაღებული იყოს ახლა, აბსოლუტურად არანაირი შანსი არ ჰქონდეს, მაგრამ, იმ ნაბიჯების მიხედვით, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, იმ ტონის მიხედვით, რომლითაც ისინი მეტყველებენ და იმ გადაწყვეტილებების მიხედვით, რომლებსაც ისინი იღებენ, აქვთ ილუზია, რომ გამარჯვებული არიან.
ეგ ილუზია დაღუპავს. საერთოდ, ილუზიები დამღუპველია, მაგრამ, როდესაც ამ ტიპის ილუზიებშია და როდესაც იმ ტიპის მეტყველება მოდის ხელისუფლებისგან, როგორიც, მაგალითად, კობახიძის მეტყველებაა, რომ ოპოზიცია გოიმია და ა.შ. ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას რაღაცა სწორად არ აქვს დაგეგმილი.
– გახარიაზეც შეიძლება ითქვას იგივე, თუნდაც მისი ცინიკური დამოკიდებულება ოპონენტებისადმი, დეპუტატებისადმი მიმართვა „ბიჭოთი” და ა.შ.
– გახარიას რაც შეეხება, ის ვერასოდეს ასცდება ჯალათის სახელს, რამდენიც არ უნდა აქონ. გახარია არის კაცი, რომელმაც ბავშვებს თვალები დასთხარა. დამთავრებულია. კიდევ ბევრის თქმა შემიძლია, იმდენი რამე აქვს ჩადენილი, მაგრამ აღარ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება, დაიჯეროს, რომ დაგვავიწყდება. მაგრამ ეს წარმოუდგენელია.
გახარიას ცინიზმი საერთოდ სასაცილოა. ის არც განათლებულია, არც მოაზროვნე, არც მეტყველებით გამოირჩევა და ა.შ. ძალიან დაბალი დონეა. კობახიძეს რაც შეეხება, ის უზრდელია, თორემ იურიდიული პროფესიონალიზმი აქვს, გახარიას კი არაფერი აქვს, გარდა იმისა, რომ სიბერეში ძველბიჭობას აპირებს. ეს ძველბიჭობა დიდი ხანია, მოდიდან გადავიდა. ესენი აშკარად სხვაგან არიან. შეხედონ მსოფლიოს.
მსოფლიოში პოლიტიკური კლასი რომ დაეცა, ამის ნიშანი საქართველოც არის. იგივე ამერიკის პრეზიდენტი სახუმარო თემაც აღარ არის, უკვე საშიში ხდება მისი ქმედებები, ან თუნდაც საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებები, როცა პანდემიის დროს რეგიონში არჩევნები ჩაატარა, ან თუნდაც ჩვენი მეზობლების განცხადებები.
მოკლედ, როცა პრემიერ-მინისტრს ვერ დაიცავ, სომხეთი იქნები თუ ბრიტანეთი, ცუდადაა საქმე. მაგრამ მათ კორონა მაინც შეეყარათ, ჩვენს პრემიერს კი სხვა დაავადება შეეყარა. ამას თავში ავარდნა ჰქვია. ვისგან აუვარდა, არ ვიცი. სად აქვს წარმატება, რომელ სფეროში? ის, რომ ჩვენმა ექიმებმა კარგად იმუშავეს და ქართველები კარგად მოვიქეცით, მაგის დამსახურებაა? სადაც უნდა ჰქონდეს წარმატება – ეკონომიკა თუ სოციალური დახმარებები, აქ არაფერს აპირებენ. სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან და არ ითვალისწინებენ. ივანიშვილის გადმორიცხული მილიონებით რომ ტრაბახობენ, ეგ ერთი არჩევნების ჩატარებაში არ ეყოფათ.
ამდენი ქურდბაცაცა ხელისუფლებაში შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა. ამას სულ არ ითვალისწინებენ. მომხრეები ჰყავთ და იმათ იმედზე არიან. ამ დროს ამ მომხრეებს ხელფასს უხდიან, მაგრამ ასეთი 20%-ია, ქვეყნის არჩევნებში კი მონაწილეობს 100%. ასე რომ, პრობლემები აქვთ, მაგრამ უშანსოდ არ არიან. თუ გონს მოეგებიან და რაღაცას იზამენ, ფონს გავლენ.
ოპოზიციაშიც იქნება პრობლემები და ყველგანაც, მაგრამ, ამწუთას რა განწყობაც არის ხელისუფლებაში, თუ ასე გაგრძელდება, მას შანსი არ ექნება.