მამუკა გამყრელიძე – “თაკო ჩარკვიანის საკითხი ცალკე გადაწყდება”

მამუკა გამყრელიძე - "თაკო ჩარკვიანის საკითხი ცალკე გადაწყდება" “ოცნებამ” “ევროპული საქართველო” წამოიკიდა”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა 
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, როგორც იქნა, შეთანხმდა ოპოზიცია და ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. დასრულდა დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე? რა მოლოდინი გქონდათ და რა გაგრძელებას ელით?
– სიმართლე გითხრათ, ნაკლებად ველოდი იმას, რომ მოხდებოდა შეთანხმება, მაგრამ მოხდა და ეს კარგია.
– რამდენად იყო გათვალისწინებული ყველა ოპოზიციური პარტიის პოზიცია, როდესაც მაჟორიტარები დასახელდა?
– იცით რა, ყველა პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, წარედგინა თავისი კანდიდატი. მე ძალიან გამიკვირდა, რომ გირჩმა არ წარადგინა თავისი კანდიდატი, თუმცა ისინი მხარს უჭერენ ამ კანდიდატებს. მათ შეეძლოთ საბურთალოზე ძალიან წარმატებულად ზურა ჯაფარიძის კანდიდატურა დაესახელებინათ. ლელომ შეიკავა თავი მხარდაჭერისგან და გადაწყვიტა, ცალკე გავიდეს. ასევე ელისაშვილმაც, რომელმაც ცალკე წასვლა ამჯობინა. უკიდურესად მძაფრი შეფასებები გააკეთა. ალბათ პოლიტიკურად სწორად მოიქცა, რადგან მისი ამომრჩეველი ზუსტად ასეთია. ყველას ინტერესი იყო გათვალისწინებული და ეს ორი ადგილი სწორედ იმიტომ არსებობს იქ თავისუფალი. მაგალითად, თაკო ჩარკვიანმა თქვა, მიიღებს მონაწილეობას საბურთალოზე, მაგრამ ეს არ გაუჟღერებია იმ შეხვედრაზე. მოგვიანებით ცალკე გააჟღერა.
– როდესაც საუბრობთ, რომ ორი ადგილია თავისუფალი მაჟორიტარებში, ამას გულისხმობთ, რომ ერთს ჩარკვიანი შეავსებს?
– არ ვიცი, მან დამოუკიდებლად გააკეთა ეს განცხადება და არ ვიცი, რას აპირებს. ამაზე შეთანხმება საერთო ჩატშიც კი არ მომხდარა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას მხარს არ დავუჭერთ. რატომაც არა, მაგრამ რადგან შეთანხმებული კანდიდატი არ იქნება, შეიძლება იქ ყველამ თავისი კანდიდატი დააყენოს. ჯერ კარი არ დახურულა, კონსულტაციები გაგრძელდება. ძალიან საინტერესო და კარგი პროცესია.
– ეს დაპირისპირება, კინკლაობა და ასე შემდეგ, ეს პროცესი დასასრულისკენ მიდის?
– რას ნიშნავს კინკლაობა? რა ფორმატშიც ვართ შალვა ნათელაშვილთან შეკრებილები, ნამდვილად არ ყოფილა განსაკუთრებული დაპირისპირება. კი, იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ კინკლაობა და უხეში გამოხდომები არ ყოფილა. ელისაშვილმაც ბოლოს გააკეთა ეს მძაფრი განცხადებები, მანამდე არ აკეთებდა.
– რა ხდება გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია”? ყველა აქ ხართ ერთად, ნათელაშვილის ფორმატში?
– არა, რა თქმა უნდა. ეს გაერთიანება კვლავაც რჩება. გუშინაც შეკრებილები ვიყავით “ძალა ერთობაშიას” ოფისში.
– თქვენ კიდევ ცალკე კანდიდატები გეყოლებათ?
– არა. თბილისის 8 ადგილზე გვეყოლება ეს ერთიანი მაჟორიტარები, რომლებიც დასახელდა. თუ საბურთალოზე დაემატება თაკო ჩარკვიანი, ეს უბრალოდ შეთანხმების საკითხი უნდა იყოს. იმ ფორმატში ყველა გამოვდივართ ჩვენ ჩვენი ორგანიზაციების სახელით. რაც შეეხება რეგიონებს, რეგიონებში “ძალა ერთობაშიას” ეყოლება თავისი კანდიდატურები.
– კვირას, პარლამენტმა კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით. “ევროპულმა საქართველომ” ბოლო დღეს შეცვალა გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა. იყო მოლოდინი, რომ ნაციონალებიც მიიღებდნენ კენჭისყრაში მონაწილეობას, მაგრამ მათ არ შეცვალეს საკუთარი პოზიცია. ამ პროცესს როგორ აფასებთ, რამდენად წინგადადგმული ნაბიჯია?
– ეს არის იძულებით გადადგმული ნაბიჯი. ძალიან მკვეთრად იყო გაცხადებული ყველა ოპოზიციური პარტიის მხრიდან, რომ ახლა შეყოლა ხელისუფლებასთან ამ პროცესში არ შეიძლებოდა. მან უნდა შეასრულოს თავისი ნაკისრი ვალდებულება ორივე ნაწილში. მარტო რურუას გამოშვებას არ ეხება საქმე.
– კიდევ რას?
– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო დროში და წინასაარჩევნო პერიოდში არ მოხდეს პოლიტიკური დევნა.
– ანუ იმის თქმა გსურთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მეტი პრინციპულობა გამოიჩინა და “ევროპულმა საქართველომ” – არა?
– მოდით, ასე ვთქვათ, ბოლო წუთამდე ხელისუფლება სპეკულირებდა ამით, რომ იცით, მე არა მაქვს საკმარისი ხმები, იმ მომენტში რომ არ მიეღო ასეთი გადაწყვეტილება “ევროპულ საქართველოს”, რომ არ გამოეჩინა პრაგმატულობა და პრინციპულობას გაჰყოლოდა, არ გამოვრიცხავ, რომ ჩაეგდოთ. თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ საკმარისად ჰყოლიათ დეპუტატები.
– აცხადებენ კიდეც, მეორე და მესამე მოსმენით თავისუფლად დავამტკიცებთ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშეცო.
– დიახ, ასეა. ჩემი აზრით, ეს იყო ერთგვარი ფანდი ხელისუფლების მხრიდან. ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია, ანუ ევროპელები, “წამოიკიდეს”.
– ანუ უნდოდათ, რომ “გაეპრავებინათ” ეს პროცესი, რომ აი ოპოზიციაც მხარს უჭერს კანონპროექტსო?
– დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან უხეში, ღია, ასე აშკარად რომ ჩანს, ისეთი სპეკულაცია იყო. სხვას რას მოველით ჩვენ ამ ხელისუფლებისგან. ეს განცხადებები სრულიად გულისამრევი და აცდენილია ყოველგვარ რეალობას. რა ვუყოთ, რაც გვაქვს, ეს გვაქვს.
– რა მოლოდინი გაქვთ?
– მოლოდინი მაქვს იმის, რომ იქნება ძალიან მძიმე დაპირისპირება. მოლოდინი მაქვს იმისი, რომ დიდი უპირატესობით გამარჯვება შეუძლებელი იქნება ნებისმიერი მხარისათვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ საზოგადოებაში ჭარბი იქნება სიბრძნე და არა სიხარბე. ვფიქრობ, რომ სწორ არჩევანს გააკეთებენ და სწორედ ოპოზიციას მისცემენ ხმას.
მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ოპოზიციას. გაერთიანებული ოპოზიცია იქნება ეს, ლელო იქნება თუ ელისაშვილი. მთავარია, რომ უნდა მოხდეს იმ დემოკრატიული ნაბიჯების გაგრძელება, რასაც ხელისუფლების მონაცვლეობა ჰქვია.
ამ ხელისუფლებამ უკვე ამოწურა თავისი რესურსი. ეს უკვე კადრებზეც ჩანს. აღარ ჰყავთ კადრები, აღარ აქვთ ახალი ენერგია, დრაივი და საჭიროა, რომ ცვლილება მოხდეს და ოპოზიციურმა პარტიებმა თავისი ენერგია შემატონ დემოკრატიზაციის პროცესს. მე ძალიან მინდა, რომ ასე მოხდეს.
– ბატონო მამუკა, თქვენ კოალიციური მთავრობის მოლოდინი გაქვთ?
– მე მოლოდინი მაქვს, რომ ოპოზიციას ეყოლება კოალიციური მთავრობა. მე მოლოდინი მაქვს იმის, რომ ხელისუფლება ვერ მოახერხებს 50%-ის გადალახვას. ოპოზიცია კი შეძლებს 50%-ზე მეტის აღებას.
– ანუ თქვენი მოლოდინია, რომ “ოცნება” მარცხდება?
– რას ნიშნავს მარცხდება? ხელისუფლება შეიცვლება.