„ქართულ ოცნებას“ არ აწყობს არჩევნების გადადება.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა რომან კაკულიამ განაცხადა.
კაკულიას განმარტებით, ის არჩევნების ოქტომბერზე უფრო ადრე ჩატარებას მიესალმება.
მისი თქმით, ისეთი საკითხებია დღის წესრიგში დამდგარი, რომელთა მიმართ აუცილებელია საზოგადოების აზრის დროულად გამოხატვა.
“არჩევნების გადადებაზე არავითარ ინტენსიურ საუბრებს ადგილი არ აქვს.
ვფიქრობ, ვისაც ყველაზე მეტად არ აწყობს არჩევნების გადადება, ეს არის “ქართული ოცნება”.
თუ არჩევნების თარიღის ცვლილებაზეა საუბარი, მე, პირადად, მივესალმები მხოლოდ უკან გადმოწევას, რაც შეიძლება მალე.
ისეთი საკითხებია დღის წესრიგში დამდგარი, დაწყებული ამერიკელი კონგრესმენების წერილებიდან და ბევრი სხვა საკითხი, რომელთა მიმართაც საზოგადოების აზრის გამოხატვა ვიდრე არ მოხდება, ჩვენ ვერავითარ პროგრესს ვეღარ განვიცდით.
ამიტომ, რაც უფრო მალე გაირკვევა საზოგადოება ვის რა სახელს არქმევს, ვის როგორ აღიქვამს, ეს ძალიან მალეა გასაკეთებელი. ამიტომ არჩევნების გადატანას იქით კი არა, აქეთ მივესალმებოდი, რათა მალე გაირკვეს ეს ყველაფერი.
მსოფლიოში უკვე ყველამ ყველაფერზე გამოთქვა აზრი, გარდა ქართული საზოგადოებისა. ამიტომ, რაც უფრო მალე მოხდება ამ აზრის გამოთქმა ყველა მიმდინარე საკითხთან მიმართებაში, ორიენტაციისთვის, რათა ჩამოყალიბდეს საზოგადოება, როგორ განვითარდეს – ეს მნიშვნელოვანია.
მე უბრალოდ გული მწყდება, რომ ბევრი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. ამიტომ არანაირად არ დავუჭერ მხარს არჩევნების გადადებას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა”, – განაცხადა კაკულიამ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, არჩევნების თარიღმა დეკემბრამდე გადაიწიოს.

