საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს, მან 5 ხმა მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 2 კანდიდატურა იყო წარდგენილი. მერაბ ტურავასთან ერთად ამ პოსტის დასაკავებელ არჩევნებში ირინა იმერლიშვილიც მონაწილეობდა.
მერაბ ტურავამ ახალ ამპლუაში უკვე გააკეთა კომენტარი. ხაზი გაუსვა საკუთარ გამოცდილებას სასამართლო სისტემაში და ასევე თქვა, რომ მისი თავმჯდომარეობის მომდევნო წლები საზოგადოებისთვის იქნება ღია და გამჭვირვალე.
“ჩემი წარსული გამოცდილება მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადო, კიდევ უფრო გავაფართოვო სასამართლო საქმიანობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე,” – განაცხადა მერაბ ტურავამ.
თავმჯდომარეს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ამოეწურა.

