თბილისში 52 წლის მამაკაცი მოკლეს. “კურიერის” ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს. ერთ-ერთი ტყვია საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
“კურიერის” ინფორმაციით, პირს, რომელიც წარსულში მძიმე დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული, დილით სამმა პირმა მიაკითხა, სახლიდან გაიყვანა და მიმდებარე ტერიტორიაზე, იარაღიდან ესროლა. გასროლამდე დანაშაულში მონაწილე პირები ჯერ საუბრობდნენ, შემდეგ კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა. მკვლელობა ქუჩაში მოხდა.
“კურიერის” ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
დანაშაული ქუჩაში მოხდა. ცხედარი კრიმინალისტებმა მატარებლის ლიანდაგთან იპოვეს.
მოგვიანებით პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
:შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული ც.ა. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, პაატა ჯანელიძის ქუჩაზე, ოჯახის ახლობელს – 1968 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ც.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.” _ ნათქვამია განცხადებაში.