იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
12 ივნისს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგა. პროტესტის ნიშნად, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ღარიბაშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ქვეყნის მთავარ მტრად გამოეცხადებინა. ღარიბაშვილი ამაყობს იმით, რომ „ოცნება“ პირველი ხელისუფლებაა, რომლის დროსაც ქვეყანას რუსეთთან ომი არ ჰქონია. თუმცა, მინისტრს რატომღაც არ გაახსენდა არც რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი, არც უკანონო ბორდერიზაცია და არც ჩვენი ტერიტორიებიდან გატაცებული მოქალაქეები, რომელთაგან არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემთხვევები ტრაგედიით დასრულდა.
ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას და თავდაცვის სამინისტროში მისი თვალით დანახულ მთავარ პრობლემებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი თეონა აქუბარდია საუბრობს:
– ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლაზე საინტერესო აქცენტი გააკეთეთ სოციალურ ქსელში და მიუთითეთ, რომ მან სულ ორჯერ ახსენა რუსეთის ოკუპაცია და ისიც სხვა კონტექსტში. ეს რას ნიშნავს, როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მკვეთრად არ ამბობს, რომ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია?
– ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა ჩემთვის ორი მიზეზით იყო საინტერესო. ერთი ის არის ის შეფასება, რომელიც მან ქვეყნის უშიშროების გარემოსთან დაკავშირებით გააკეთა და მეორე მხრივ იმ მიმართულებების გამო, რომლის განხორციელებასაც აპირებს თავდაცვის პოლიტიკის კონტექსტში.
დავიწყოთ საუბარი უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით. მას ჩამოთვლილი ჰქონდა 6 ძირითადი საფრთხე. გლობალური საფრთხის კონტექსტში დაიწყო მან საუბარი, რომელიც მემკვიდრეობით ერგო ამ ხელისუფლებას. ის აგრძელებს იმ თეზას, რომ რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია არის წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა და ამას იზიარებს ირაკლი კობახიძეც. რა თქმა უნდა, ეს ასე არაა რომ ეს დაიწყო 2008 წლის ომით. ეს დაიწყო 90-იან წლებში. როდესაც ვსაუბრობთ, რომ წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა. აქ პრობლემაა ის, რომ ცდილობენ მოსახლეობას დაანახონ, რომ ეს რუსეთის მიზეზით კი არ მოხდა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომების შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი არ იყო ახალი ამბავი.
ღარიბაშვილი საკმაოდ ხშირად იმეორებს იმას, რომ ეს არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც ომი არ ჰქონია რუსებთან. აქაც ვხედავ რისკებს. ის, რომ ეს განცხადებები ქვეყნისთვის კარგი შედეგის მომტანი არ არის, ეს მდგომარეობს იმაში, რომ ერთი მხრივ მტრის ხატის გადატანა ხდება რუსეთიდან ქვეყნის შიგნით – ოპოზიციური ძალების მიმართულებით. იმ მიმართულებით, რომ თითქოს მტერი არა რუსეთი, არამედ ოპოზიციაა. მეორე მხრივ ისინი ომს უყურებენ, როგორც ამ სიტყვის კლასიკურ გაგებასთან.
– აქ საქმე გვაქვს კომპეტენციის პრობლემასთან თუ ხედავთ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართულ პოლიტიკას „ოცნების“ მხრიდან?
– ეს გარკვეულწილად არის ჩამოყალიბებული ნარატივი. არ მგონია, რომ ეს იყოს კომპეტენციის პრობლემა. „ოცნებას“ 2020 წლის ოქტომბერში არჩევნები აქვს მოსაგები, შესაბამისად ისინი ყველანაირი რესურსის მობილიზაციას ახდენენ იმისათვის, რომ იმ ბრძოლის შედეგად მოხდეს ამ არჩევნების მოგება. ამ შემთხევაში „ოცნებისთვის“ მართლა არის პრობლემა ოპოზიცია. არც თუ ისე კარგ ვითარებაშია, იქნება ეს ფინანსური რესურსი თუ მხარდამჭერების რაოდენობა, შესაბამისად ხელისუფლებას აქვს შიში, რომ დაკარგოს ძალაუფლება. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლარიზაცია, რომელზეც დასავლეთი მიუთითებს, ამაზე საუბარი იყო 8 მარტის შეთანხმების დროსაც, როცა ჩააგდეს დაპირება. ახლა უკვე პოლარიზაციის საკითხმა გადაინაცვლა ჯარის თემატიკაშიც, რაც ძალიან სარისკოა.
ხვალ რომ მოხდეს ისე, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ წამოიწყოს აგრესია და არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც ომის წარმოება პირდაპირი გაგებით. ეს შეიძლება იყოს ჰიბრიდული ომის წარმოება, რასაც ყოველდღე ვხედავთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია ქვეყნის ერთიანობა, იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ თუ „ლეიბორისტები“. ქვეყანა ყველასია. ეს ქვეყანა დასაცავია.
– გვესმის, რომ თავდაცვის მინისტრია, მაგრამ ის არ არის ხელშეუხებელი ფიგურა. ის რას ნიშნავს, როდესაც ღარიბაშვილი ჯარს აიგივებს საკუთარ თავთან?
– ის არ არის გენშტაბის უფროსი. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ როდესაც თავდაცვის მინისტრი გახდა ირაკლი ალასანია, მისი მთავარი დაპირება იყო, რომ უნდა მომხდარიყო ჯარის დე-პოლიტიზაცია, რა პრობლემებიც წინა ხელისუფლების დროსაც იყო. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ თავდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია, ან მაჯის საათებთან დაკავშირებით გაკეთებული კითხვა აღიქმება ჯარის სულისკვეთების და ქვეყნის თავდაცვის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად. ეს სამწუხაროდ ჯერ კიდევ ლევან იზორიას დროს დაიწყო. გვახსოვს, რომ სახლები აჩვენა „რუსთავი 2“-მა და როდესაც მას კორუფციაში ადანაშაულებდნენ, გამოვიდა თავდაცვის სამინისტროს ლოგოს ქვეშ და თქვა, რომ ეს იყო თავდაცვის წინააღმდეგ მიმართული აქტი, რაც ასე არაა. თავდაცვის მინისტრი არის მენეჯერი, რომელიც სამოქალაქო პირია. მისი ფუნქცია არის თავდაცვის პოლიტიკისა და ჯარის ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელება.
ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციები, როდესაც ის საუბრობს ამ კონტექსტში ოპოზიციასთან მიმართებით, როდესაც ის მას აკრიტიკებს, ეს რისკებს ქმნის. რისკებს იმ თვალსაზრისით, რომ ჯართან მიმართებაშიც გაიყოს პოზიციები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი რაც მედიაში ქვეყნდება სიმართლეა, ვგულისხმობ პოლიტიკურ განცხადებებს. მაგრამ მთავარი პრობლემა ღარიბაშვილის ინტონაციაა და ის ხელოვნურად ცდილობს პოლარიზაციის გაჩენას. ეს ხდება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე, თავდაცვის სამინისტროზე. როდესაც მას ოპოზიციური ძალები შემოჰყავს და მას დესტრუქციულ ძალებს უწოდებს თავისი მედიასაშუალებებით და თავისი სპეციალისტებით, რაც აღრმავებს იმ გახლეჩილობას, რაც ქვეყანაში არსებობს. ამით ის ხელს უწყობს რუსეთს, რომლის მთავარი მიზანიც საზოგადოების პოლარიზაცია და საზოგადოების დაქსაქსვაა.
– თუ შევხედავთ ამ წლებს, როგორ მიდის მიზნისკენ „ოცნება“ და მერე თანდათან ძლიერდება ეს ნარატივი. პირდაპირ შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს არის რუსული პოლიტიკის ნაწილი?
– სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ინტერესები ემთხვევა რუსეთის ინტერესებს. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ახდენენ საზოგადოების პოლარიზაციას, საზოგადოებრივი აზრის გაყოფას და ერის გათიშულობას. ამაში ხდება მათი ინტერესების დამთხვევა. ოღონდ „ოცნება“ ამას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აკეთებს, ხოლო რუსეთი იმიტომ, რომ შეასუსტოს საკუთარი გავლენა საქართველოზე და შეასუსტოს დასავლეთის გავლენა. საერთო ტაქტიკაა და ეს არის პრობლემა. არ მინდა, ვინმემ ჩემი პოზიცია ჩასაფრებულად მიიჩნიოს, მაგრამ ეს ის გულის ტკივილია, რაც მაქვს. როდესაც მტერი გვყავს 40 კმ-ში, თავდაცვის ძალებთან მიმართებით ამ ტიპის განცხადებები აზიანებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. როდესაც მინისტრი ოპოზიციას დესტრუქციულ ძალებს ეძახის და მასზე განხილვას მეტ დროს უთმობს, ვიდრე რუსეთის ჰიბრიდულ ომს, ეს აჩვენებს იმას, რომ მინისტრი მტრის სახით ოპოზიციას უფრო აღმატებულ ხარისხში განიხილავს, ვიდრე რუსეთს.
– მცირდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ეს რაზე მიუთითებს?
– მე სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე მისი განმარტებები თუ რას აკლდება ეს თანხა. უბრალოდ, ზედაპირულად რა დაკვირვებაც ჩანს არის ის, რომ სუს-ს აკლდება 1 მილიონი ლარი, შსს-ს – 10 და როცა ამ დროს თავდაცვის სამინისტროს აკლდება 75 მილიონი ლარი, ესეც „ოცნების“ პრიორიტეტებზე მიანიშნებს. ჩვენ უნდა მიგვეღო კითხვებზე პასუხები, რა მოაკლდება სამინისტროს და რაზე მოახდენს ეს გავლენას. პარლამენტარების ვალია ერთი მხრივ თავდაცვის პოლიტიკა, რაც არ გვაქვს დღეს. არ არსებობს თავდაცვის სტრატეგია. ჯერ კიდევ ლევან იზორია ყველა სესიაზე ამბობდა, რომ უნდა დამტკიცებულიყო ეს დოკუმენტი, ახლა უკვე ღარიბაშვილი ამბობს ამას, მაგრამ ისევ არ არის დამტკიცებული. თავდაცვის მიზნების შესახებ მე როგორც ამ სფეროს სპეციალისტმა ბევრი არაფერი ვიცი.
– როდესაც საუბრობთ ღარიბაშვილის პერსონაზე, თქვენ როგორც თავდაცვის სპეციალისტს არ გიჩნდებათ კითხვები მისი ძველი ქმედებების მიმართ, როდესაც ის იყო პრემიერი. მხედველობაში მაქვს საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვის საშუალებების შესყიდვა, რის გამოც მოხსნა მაშინ ირაკლი ალასანია?
– რა თქმა უნდა, საჰაერო თავდაცვა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა როდესაც პარლამენტში ისაუბრა ღარიბაშვილმა, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის მეორე ფაზა, რომელიც ხელმოწერილი იყო ლევან იზორიას მიერ საფრანგეთში 2018 წლის დეკემბერში, როგორც ჩანს სრულდება. ახსენა, რომ მართვის და კონტროლის ნაწილია დარჩენილი. ასე, რომ ირაკლი ღარიბაშვილია ის პერსონა, რომლის დროსაც ერთი მხრივ ირაკლი ალასანიას წასვლა მოხდა ხელისუფლებიდან და შემდეგ უკვე ახალი ხელშეკრულების გაფორმება მოხდა ახალი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის დროს.
სოციალური მიმართულებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ღარიბაშვილის მინისტრობისას რა მთავარ პრობლემასაც ვხედავ არის ის, რომ თავდაცვის პოლიტიკის პრობლემაა. აუცილებელია სოციალური პირობების გაუმჯობესება, მაგრამ თავდაცვის პოლიტიკა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა მინისტრის დროს იცვლება თავდაცვის პოლიტიკა. მაგრამ ღარიბაშვილის უმთავრესი პრობლემა არის მისი პოლიტიკური პოზიცია. სხვა თანამდებობაზე მის ამ პოზიციაში პრობლემას ვერ დავინახავდი, მაგრამ ჯარი არის ყველასი და ჯარში არ უნდა ხდებოდეს დაპირისპირების გადატანა შიდა პოლიტიკურ კონტექსტში. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა დღეს.

