კოტიკო გოგინაშვილი
რა არის პროპაგანდა? ეს არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს გავრცელების ქვემდებარეს. პროპაგანდის საშუალებით ხალხის აზრზე და შეხედულებაზე ხორციელდება ფსიქიკური ზეწოლა სხვადასხვა ხერხებით ( ლოზუნგით, მუსიკით, სიმბოლოებით). პროპაგანდისტი მიზნის მისაღწევად ხშირად ფაქტებს ამახინჯებს, რათა აუდიტორიას მხოლოდ თავისთვის სასურველი ინფორმაცია მიაწოდოს.
როგორი კავშირი შეიძლება ჰქონდეს პროპაგანდას ჟურნალისტიკასთან? ჟურნალისტიკის სფეროს წარმომადგენლების მოვალეობა არის, ხალხს მიაწოდონ სწორი ინფორმაცია, ასევე მედიასაშუალება არ უნდა ეწეოდეს, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის პროპაგანდას. მაგრამ ასრულებს თუ არა ქართული მედიასივრცე თავის მოვალეობას?
ეს არის ძალიან საინტერესო შეკითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა ბევრ ჟურნალისტს უჭირს. ქართული არხები შეიძლება ითქვას დაყოფილია ორ კატეგორიად: ერთი ნაწილი ნაკლებად სკანდალურია და არ არის აქტუალური საზოგადოებისთვის, რადგან იგი არ ავრცელებს მწვავე მოვლენებს, რომლებიც ხდება ჩვენს ქვეყანაში.
აქ მე ვსაუბრობ მთავრობის გავლენის ქვეშ მყოფ მედიასაშუალებებზე (იმედი, რუსთავი 2, მაესტრო) იმედის საინფორმაციო სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე ხშირად ვკითხულობთ, საკმაოდ სახალისო და კოლორიტულ ნიუსებს:
“მოკლეს ენოტი, რომელიც გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მთვრალი ეგონათ’’
“სუპერგმირობაზე მეოცნებე ბოლივიელმა ბიჭებმა თავი შხამიან ობობას დააკბენინეს’’
ასეთი სპეციფიკური ინფორმაციების წყალობით ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტული ტელეკომპანია ცდილობს საზოგადოებას გააცნოს, თუ როგორ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამით გადაფაროს ჩვენს ქვეყანაში არსებული კრიტიკული ნიუსები, რომლებსაც სხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ, რათა ხალხმა ხელისუფლების უარყოფითი მხარეები დაინახოს.
დიდი ხნის განმავლობაში რუსთავი 2 ითვლებოდა ,,ქართული ოცნების’’ მთავარ მოწინააღმდეგედ, თუმცა 2019 წლის ზაფხულში ყველაფერი შეიცვალა. რუსთავი 2-ში ქიბარ ხალვაშის მოსვლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის’ იდეოლოგიის თაყვანისმცემლებმა გადაწყვიტეს ახალი ტელეარხის შექმნა, სადაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გააგრძელებდნენ ოპოზიციის მომგებიან ნიშნებზე საუბარს და მთავრობის მიწასთან გასწორებას.
ნიკა გვარამიამ და მისმა ახლობლებმა დააარსეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და პოპულარული ტელეკომპანია მთავარი არხი. ფეისბუქის ცნობილმა გვერდმა ,,ქართული ტელევიზია”-Georgian tv” 30 მაისს გამოაქვეყნა ქართული არხების სატელევიზიო რეიტინგი, რომლის ლიდერი იყო მთავარი არხი.
მთავარი არხი – 4.100.000
იმედი – 2.800.000
რუსთავი 2 – 2.100.000
ტვ პირველი – 1.600.000
თითქმის ყველა ქართულ ტელეკომპანიას აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები, თუმცა არსებობს ერთი არხი, რომელიც თავისი გადაცემებით საზოგადოების ნაწილის დაცინვის და გალანძღვის ობიექტი ხდება. ეს არის პოსტვ. არის თუ არა შალვა რამიშვილის გუნდი ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ?
რამდენიმე წლის წინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მართავდა ჩვენს ქვეყანას, რამიშვილი მუშაობდა იმდროინდელ ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ არხზე, მაესტროზე. აქედან გამომდინარე, პოსტვ-ს სიმპათიები ,,ქართული ოცნების’’ მიმართ მაყურებლისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. რამდენად ადეკვატურად აშუქებს იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ითვლება თუ არა ეს ტელეარხი პროვოკატორ მედიასაშუალებად?
პოსტვ-ის ეთერში იგრძნობა სარედაქციო გუნდის სიძულვილი ოპოზიციისა და არასამთავრობო ტელეკომპანიების მიმართ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ შალვა რამიშვილი ცინიკურად გამოეხმაურა ვახო სანაიას და ნინო ჟიჟილაშვილის წასვლას ტვ პირველიდან.
დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ პოსტვ ტოვებს პროვოკატორი ტელეარხის შთაბეჭდილებას, არის გადაცემები, სადაც ამ მედიასაშუალების ჟურნალისტები ქუჩაში აჩერებენ მოქალაქეებს და უსვამენ საკმაოდ უსიამოვნო და ინტრიგანულ კითხვებს (რას მიზამდი? სად წამიყვანდი? სექსის საერთაშორისო დღეს რას აკეთებდი?)
დავუბრუნდეთ ისევ იმედს.
ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ამ ტელეკომპანიის ეთერში გადის 11 წლის წინ გადაღებული სერიალი “შუა ქალაქში’’. იმედმა ორი სერიიდან ამოჭრა სცენები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ ნაციონალების მთავრობის პოლიტიკოსები.
ეს უბრალო დამთხვევაა თუ სარედაქციო გუნდის დამოკიდებულება ახლანდელი ოპოზიციის მიმართ? ასევე დგას თუ არა ამის უკან ქვეყნის მთავრობა? ამის მსგავსი შეკითხვები მაყურებლების დიდ ნაწილს გაუჩნდა.
როგორ იმიჯს უქმნიან საგამომძიებლო გადაცემები “ქართულ ოცნებას?”
ძალიან ცუდს. რატომ? იმიტომ, რომ ამ გადაცემების მეშვეობით საზოგადოება იგებს ბევრ სკანდალურ და მწვავე სიახლეებს, რომლებშიც გარეულები არიან მთავრობის ჩინოვნიკები.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასეთი ტიპის პროგრამა გადის ტვ პირველზე.
ნოდარ მელაძის მოსვლის შემდეგ ტელეკომპანია პირველის ეკრანებიდან გაქრნენ არხის გამოცდილი სახეები – ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი და დიანა ტრაპაიძე. სიღრმისეულ დეტალებზე ჯერჯერობით მედიასივრცე არ საუბრობს, თუმცა მაყურებელთა დიდი ნაწილის აზრით, მთავარი არხის ყოფილი ჟურნალისტის გადასვლამ ახალ ტელევიზიაში, გავლენა იქონია ტვ პირველის ცნობილი სახეების მომავალზე.
ყოველ შაბათს 8 საათზე მელაძე თავის საავტორო გადაცემაში, კოლეგებთან ერთად, აშუქებს ფაქტებს, რომლებიც ხელისუფლების ბნელ ნაწილზე მიუთითებს.
სხვა მედიამაუწყებლებიც არ ჩამოუვარდებიან ტელეკომპანია პირველს სკანდალური პროგრამებით. ქართულმა ტელევიზიამ (Georgian tv) რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა სამი საგამომძიებლო ტელეპროდუქტის რეიტინგი, სადაც ლიდერობდა მიშა სესიაშვილის გადაცემა.
მთავარი შაბათს (მიშა სესიაშვილი) – 217
ნოდარ მელაძის შაბათი – 70
შაბათის ფორმულა (დავით ქაშიაშვილი) – 2.9
ტვ პირველი ითვლება ჩვენი ქვეყნის ყველაზე ობიექტურ მედიასივრცედ. არხის მთავარი ლოზუნგია “გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში’.’
ტელეკომპანია პირველის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ისინი ამ არხზე მუშაობისას მიკერძოებულები არასოდეს იყვნენ, თუმცა ბოლო პერიოდში არსებულმა ცვლილებებმა საზოგადოებას ცოტათი შეუცვალა აზრი იმის შესახებ, რომ მთავარი ობიექტური ტელეარხი ქვეყანაში არსებულ მოვლენებს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენების გარეშე აშუქებს.
ტვ პირველის ყოფილი ჟურნალისტების შეხედულებები არ ემთხვევა არხის მენეჯმენტის შეხედულებებს. ტელეკომპანია პირველის პოლიტიკურ გადაცემებში ჩვენ ვეღარ ვხედავთ “ქართული ოცნების” წევრებს. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ტელეარხის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლების წევრები დებატებში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობენ. ეს თეორია შორს არ არის სიმართლესთან, ქოცებს არ სურთ კრიტიკული კითხვების მოსმენა და უხერხული პასუხების გაცემა. ტვ პირველის ჟურნალისტები საკმაოდ ჩამჭრელ და ლოგიკურ შეკითხვებს უსვამენ მთავრობის ჩინოვნიკებს, მაგრამ ოპოზიციონერების მიმართ თითქოს ნაკლებად კრიტიკულად არის განწყობილი პირველების გუნდი.
ამ ტელეკომპანიის დღის ამბების რეგულარული სტუმრები არიან ნაციონალური მოძრაობის’, ,,ევროპული საქართველოს”, ,,გირჩის’’ და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები.
არხის განვითარების პროცესი გადადის თუ არა ოპოზიციური ფრთის წინასაარჩევნო პროპაგანდაში ? ამ საკითხზე ბევრი კამათის და ლეგიტიმური შეკითხვის დასმის უფლება აქვს ქართველ მაყურებელს. შეესაბამება თუ არა ეს მოსაზრება სიმართლეს, ამას დრო გვიჩვენებს.
—
ქართული მედიასივრცე აქტიურად ეწევა გარკვეული პოლიტიკური პარტიების პროპაგანდას. თითქმის აღარ დარჩა არხი, რომელიც ადეკვატურად აშუქებდეს ქვეყანაში არსებულ მოვლენებს. აშკარად ჩანს, რომ ნებისმიერი პოლიტიკურ იდეოლოგიის მატარებელი ჩინოვნიკები ტელესივრცის საშუალებით ცდილობენ, მოიგონ ხალხის გული.
მიკერძოების მიუხედავად, ქართული ტელემედია არ კარგავს თავისებურ ხიბლს და განაგრძობს მაუწყებლობას, რათა ხალხი უკეთესად გაეცნოს ქვეყანაში განვითარებულ ფაქტებს.