გია ხუხაშვილი: “ბიძინა მძიმე დილემის წინაშეა, იქ ხომ საგიჟეთია!”

გია ხუხაშვილი: "ბიძინა მძიმე დილემის წინაშეა, იქ ხომ საგიჟეთია!"იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ვაჟკაცობა ერთი ერთზე ჩხუბია. ამ უცნაურ განცხადებას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
როგორ უნდა გავიგოთ პრეზიდენტის ეს განცხადება, ხომ არ არის ეს ერთი ერთზე ჩხუბის წახალისება, რას ნიშნავს “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძის დანიშვნა, რა ეჭვებს იწვევს კომუნიკაციების კანონში შესატანი ცვლილებები და რა ზეგავლენას მოახდენს ეს საინვესტიციო გარემოზე? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.
– პრეზიდენტმა უცნაური განცხადება გააკეთა. თქვა, რომ ერთი ერთზე ჩხუბია ვაჟკაცობა. თქვენთვის რას ნიშნავდა მისი ეს განცხადება, ძალადობის წახალისება ხომ არ არის, ოღონდ ერთი ერთზე ძალადობის?
– არაფრის წახალისება არ არის. ამ ადამიანს რაღაცის გაფუჭება შეუძლია, მაგრამ არაფრის წახალისება არ შეუძლია. ეს არის ყალბი რომანტიზმი, გასული საუკუნეების ყალბი რომანტიზმია. ეს იყო მე-18-19 საუკუნეებში, მერე გასული საუკუნის 60-იან წლებში ერთი ერთზე ჩხუბობდნენ და ა. შ. იმ რომანტიკაშია ჩარჩენილი, წარსულის რომანტიზმით ცხოვრობს. ვერ გაიზარდა და ვერ განვითარდა. იქ არის ჩარჩენილი ეს ქალბატონი.
– ერთ დროს მონარქიაც იყო და იმის დაბრუნებაც ხომ არ უნდა მოინდომოს?
– შეიძლება. დუელები იყო და დუელების ამბავში ილაპარაკა და არა იმგვარად, რომ რაღაცის წახალისება ილაპარაკა. ყარაჩოღლური, თავისი ქმრისგან ან თავისი მშობლებისგან მოსმენილი ნარატივით აზროვნებს. თვითონ თავისი ვერაფერი ვერ შესძინა.
– უცნაურად “გააპრავა” გია ვოლსკიმ პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ როდესაც ასეთი ბოროტი ოპოზიცია გყავს, ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთოო. ამ განცხადებაზე რას იტყოდით?
– გია ვოლსკიც იქ არის დარჩენილი. ასე რომ, ფერი ფერსა და მადლი ღმერთსაო.
– “ოცნებამ” ირაკლი კობახიძე დანიშნა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რას მოუტანს ეს “ქართულ ოცნებას”?
– არ ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება კობახიძე. ეს ერთადერთი იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მაქსიმალურად აგრესიული. იმიტომ, რომ ადრეც გითხარით, ირაკლი კობახიძე არის წითელი ნაჭერი ქართულ პოლიტიკურ კორიდაზე და მისი წინ გამოჩენა ნიშნავს, რომ ისევ კორიდაზე მოგვიწევს ბრძოლა და არა რაღაცა ცივილიზებულ პოლიტიკურ პროცესში.
– მხოლოდ ამას ნიშნავს კობახიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა?
– ბევრი რამეა, მაგრამ ეს სხვა სპეციალობის ადამიანებს უნდა ჰკითხოთ – ზოგი ფსიქოლოგებს ჰკითხეთ, ზოგი ფსიქიატრებს, ზოგი სხვებს და სხვებს. ყველაფერზე მე ნუ მალაპარაკებთ.
– ირაკლი კობახიძე ასოცირდება გავრილოვის ღამესთანაც. ამ თემასთან ბმასაც ხომ არ ხედავთ?
– არა მგონია, ეს თემა ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყოს. სხვა პრობლემებია ქვეყნის წინაშე და უფრო მნიშვნელოვანი საკითხები. გასაგებია, რომ პოლიტტექნოლოგიურად ვიღაცა აქცენტს გააკეთებს გავრილოვის ღამეზე. დამერწმუნეთ, რომ ირაკლი კობახიძეს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები აქვს, ვიდრე ეს გავრილოვია.
– რა პრობლემები?
– ამაზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. მე გითხარით, რომ მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, რომ ამაზე კომპეტენტურად ვილაპარაკო.
– “ოცნების” შანსს რაში ხედავთ?
– მას აქვს რესურსები მონოპოლიზებული და ოპოზიციაც ვერ გამოიყურება მთლად წელში გამართულად და ადეკვატურად.
უკვე ჩანს “ოცნების” რიტორიკაში დენდროლოგიურ პარკზე საუბარი. ამ თემაზეც ხომ არ ააგებენ კამპანიას?
– დენდროლოგიურ პარკზე საარჩევნო კამპანიის მიბმა ღრმად არასერიოზულია. ამისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად კარგი საქმეა, მაგრამ არ არის იმ მასშტაბის პოლიტიკური მოვლენა, რომ ამაზე მოხდეს მთელი პოლიტიკის აგება.
– ელოდებით თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოვა საარჩევნო კამპანიაში?
– არ ვიცი. მას წინააღმდეგობრივი განწყობა აქვს. მას ეს ძალიან არ უნდა. იმიტომ, რომ ის მოდელი, რომლითაც ის ინარჩუნებს ძალაუფლებას, მას აკმაყოფილებს. მაგრამ ამ მოდელს ახლავს თავისი პრობლემები, რის გამოც შესაძლოა ის გამოჩნდეს. ეს მე არ ვიცი. ის საკმაოდ მძიმე დილემის წინაშე დგას და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მე არ ვიცი. იქ ხომ საგიჟეთია! ერთი ეტყვის ასე, მეორე ეტყვის ისე. ფაქტობრივად თქვენ ახლა იმ კითხვას მისვამთ, რაზეც მხოლოდ “არიოლი” და “რეშკა” უნდა ავაგდოთ და რაც დაჯდება, ისე გააკეთებს.
– დიდი ხმაურია კომუნიკაციების კანონში შესატან ცვლილებებზე. თქვენ ბრძანდებით ეკონომისტიც და როგორ უყურებთ ამ საკითხს, იქონიებს თუ არა ეს გავლენას საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზეც?
– რა არის იცით, მთლიანად კანონზე არ ვისაუბრებ. არც ვიცნობ დეტალებში. საერთოდ უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპი მიმაჩნია უნივერსალურ პრინციპად. მთავარი ის არის, რომ თუ კერძო სუბიექტი ასაჩივრებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, კომუნიკაციების გადაწყვეტილების, ეს სანქცია არ უნდა მუშაობდეს და არ უნდა ამუშავდეს მანამდე, სანამ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს არის უნივერსალური და მტკიცების ტვირთი უნდა იყოს ხელისუფლების მხარეს, როდესაც რაღაც არის სადავო.
გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიას უნდა ჰქონდეს გარკვეული უფლებები რეგულაციისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვეხებით სენსიტიურ დარგებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გამოყენებული ბოროტად. ეს არის პრინციპი – უდანაშაულობის პრინციპი ბიზნესის მხრიდან. იმიტომ, რომ ძალიან სპეციფიკურია ბიზნესი. თუ სახელმწიფო ორგანოს – მარეგულირებელს მივეცით იმის ინსტრუმენტი, რომ მან ნებისმიერი სანქციები მიიღოს, მათ შორის ისე, რომ მხარეს არ მისცეს ამის გასაჩივრების შესაძლებლობა და შესაბამისად შეჩერების საშუალება, ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება ისეთი ზარალი მიიღოს, რომ ეს იყოს კრიტიკული ზარალი და ფუნქციონირება შეწყვიტოს. აქედან გამომდინარე დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი უნდა იყოს მარეგულირებელ კომისიაზე და არა – კერძო სუბიექტზე.
– იმან არ გაგიჩინათ გარკვეული კითხვები, რომ ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობაში შეიკრიბა უმრავლესობა. როცა ღამის 1 საათზე იხილავენ საკითხებს?
– ბუნებრივია, ეს კითხვებს აჩენს და შეიძლება შორს წავიდეს, რომ ხომ არ აქვს ვინმეს ამ სფეროს კონტროლის ინტერესი, ან კონკრეტული კომპანიების მიმართ ინტერესი. ეს კითხვები იბადება, როდესაც ასე არაჯანსაღ ვითარებაში ხდება განხილვა.
– არჩევნებთან ბმაც ხომ არ დაინახეთ?
– არჩევნებთან ბმას მაინცდამაინც ვერ ვხედავ. იმიტომ, რომ ეს კომპანიები, რომლებზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, პოლიტიკურად სენსიტიურები ნამდვილად არ არიან. ისინი საკმაოდ ლოიალურები არიან ხელისუფლების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ. რა პრობლემა უნდა ჰქონოდათ მათთან?!
– საფრთხე ხომ არ დაინახეს, რომ ოპოზიციის მხარეს გადაიხარონ, რაღაცა თანხები შესწირონ მათ და ამის კონტროლი ხომ არ ჩანს?
– არა. ილუზიაა ეს. ჩვენთან ბიზნესი მანამდე არ გაზრდილა ჯერ, რომ ოპოზიციას რაღაცა გადაუხადოს. ისინი მხოლოდ თავის ტყავზე ფიქრობენ.
– კი, მაგრამ იმასაც ხომ ხედავენ ხოლმე, საიდანაც უბერავს ქარი და იქით იხრებიან?
– არა მგონია. თუ ვინმეს ამის გაკეთება უნდა, ისეთი ფორმით გააკეთებს, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს.