იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გიორგი გახარიას ესაუბრა. მოგვიანებით მან “ტვიტერში” დაწერა, რომ გიორგი გახარიასთან საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებზე ისაუბრა. პომპეო აცხადებს, რომ ამერიკა ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს რუსული ოკუპაციის წინაშე.
ამის ფონზე საქართველოს პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმის ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რაც უკავშირდება მასზე განხორციელებულ ზეწოლას და მკვლელობის მომზადებას. საუბარია 2006 წლის პერიოდზე.
რატომ გახდა საჭირო პომპეოს გზავნილები, რატომ გააცოცხლა პატარკაციშვილის საქმე ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ და რა პრობლემებს ხედავს ოპოზიციაში? – ამ და სხვა საკითხებზე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.
– პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე გაავრცელა განცხადება. ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის ამ საქმის გარკვევა, თანაც, როცა ეს ხდება წინასაარჩევნოდ და პოპულიზმის მცდელობა ხომ არ არის?
– როგორც წესი, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია, რომელიც ტრადიციად იქცა, უფრო სწორად, მე ვიტყოდი, სამარცხვინო სპეკულაცია. როდესაც საქმე იდება თაროზე, მტვერი ედება და არჩევნების წინ ვიღაცა გადაწმენდს და, ასე რომ ვთქვათ, გამოძიების იმიტაციას ქმნის. ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ. ეს არ არის პირველი შემთხვევა და, რაც ყველაზე ცუდია, ეს არის უხარისხო საჭმელი და უნდათ, რომ მრავალჯერადად აჭამონ ამომრჩეველს. მორალისგან დაცლილია ჩვენთან თამაშის წესები. სამწუხაროა, რომ ამაში მართლმსაჯულების სისტემაც არის ჩარეული.
– ვინ მოიფიქრებს ხოლმე ასეთ სცენარებს?
– ამას რა მოფიქრება უნდა, ეს არ არის ახალი სცენარი. ეს არის სცენარი, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან მომდინარეობს. იგივე “შპარგალკებით” მოქმედებენ ახლაც, ახალი რა მოიფიქრეს?!
– ივანიშვილი პირადად არ არის ხოლმე ჩართული ამ პროცესებში?
– ეს უკვე მატრიცაა. ივანიშვილი ამას აღარ სჭირდება, ეს არის მატრიცა და ერთადერთი, შუბლის ძარღვი უნდა გაიწყვიტო, რომ ამ პრინციპით იმოქმედო, მეტი არაფერი არ არის საჭირო.
– ასეთი პოპულიზმი მორიგ ჯერზე იმუშავებს?
– რა არის, იცით? არსებობს მოწყვლად ადამიანთა რაღაცა რაოდენობა, რომელზეც ასეთ რაღაცები ყოველთვის მუშაობს, თუმცა შემდეგ ჯერზე ასეთ ადამიანთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება.
– თუმცა, რეალურად გამოძიებაც არ არის რეზონანსული. რაღაცა პატარა ეპიზოდია.
– უბრალოდ, ახლა სჭირდებათ ბადრი პატარკაციშვილის საქმის აქტუალიზაცია. არ არის გამორიცხული და სავარაუდოა, რომ ზურაბ ჟვანიაზეც დაიწყონ ლაპარაკი. კიდევ ერთხელ გაგვახსენებენ ამ საქმეს და მეტი არაფერი.
– იმ ფონზე, რაც პომპეომ განაცხადა, როდესაც გახარიას ესაუბრა და შემდეგ “ტვიტერშიც” დაწერა, ამის წინააღმდეგ ხომ არ არის ეს ქმედება მიმართული რეალურად?
– არა. ეს ქმედება არის ძალიან მცირე დეტალი. ეს არ არის ყველაზე დიდი უბედურება. ეს არის მრავალჯერ აპრობირებული სპეკულაციური ქმედებების კიდევ ერთხელ გამეორება. ამას არ აქვს პირდაპირი კავშირი მართლმსაჯულების სისტემასთან არსებულ პრობლემებთან, თუმცა ირიბი კავშირი აქვს. ის, რომ გამოძიება, პროკურატურა და მართლმსაჯულება მოწყვლადია და პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობს ამა თუ იმ ფორმით, ეს არის პრობლემატური, თუმცა პრობლემები ბევრად უფრო მძიმეა.
– რატომ გახდა საჭირო პომპეოს ჩარევა? ვერ გაიგო ჩვენმა ხელისუფლებამ კონგრესმენების და სენატორების გზავნილები და სახელმწიფო მდივნის განცხადება გახდა საჭირო?
– საქართველოს ხელისუფლება თავს იშტერებს და თითქოს ვერ ხვდება… ხან ამბობს, რომ 3 სენატორი იყო, ხან ამბობს, რომ 5 იყო… აქაც ათასი არგუმენტი მოეძებნებოდათ მანამდე. იყო განცხადებები, რომ ეს არ არის ხელისუფლების პოზიცია და კონგრესმენები არ არიან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები და ა. შ. სულ ეს ტერმინები გვესმოდა მათგან. გადაწყვიტეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმაც უთხრას ჩვენ ხელისუფლებას, რომ ეს არის ამერიკული პოლიტიკური ელიტის კონსოლიდირებული აზრი და რომ “ოცნების” ვირეშმაკობას აზრი არ აქვს – იციან, რა ხდება მართლმსაჯულებაში თუ სხვა მიმართულებებით. არიან ადამიანები, ვისაც სანამ პირდაპირ არ ეტყვი, მანამდე თავს იშტერებს.
– ახლა გაიგებენ?
– გაგებით აქამდეც გაგებული ჰქონდათ.
– გაითავისებენ?
– სხვა საკითხია, რამდენად გაითავისებენ. გასაგებია, რომ ხელისუფლებას უნდა ძალაუფლების შენარჩუნება. თუ მათ ამ სურვილს რაიმე საფრთხე შეექმნა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი კიდევ ერთხელ არ გადაკვეთენ წითელ ხაზებს, თუმცა ამას არ ვისურვებდი.
– პომპეოს განცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ თუ სამართლიანი წესებით არ ჩატარდება არჩევნები, ეს იქნება მკაფიოდ წითელი ხაზის გადაკვეთა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან?
– ეს ყოველთვის ასე იყო. საერთოდ, მცირე დარღვევებზე თვალს ხუჭავენ, მაგრამ დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. დასავლეთში შეიქმნა განცდა, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია. შესაბამისად, ბევრად უფრო მკაცრი იქნება დასავლეთი თავის პოზიციებში და, შესაბამისად, ბევრად უფრო ხისტი იქნება კონტროლი.
მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისთვის სჯობს, რომ ცეცხლს არ ეთამაშოს, თუმცა ოპოზიციის შემყურე არ მგონია, რომ ხელისუფლებას რაიმე სჭირდებოდეს. იმიტომ, რომ ოპოზიცია კიდევ უფრო უარეს დღეშია. ასე რომ, შესაძლოა, ხელისუფლებას არც დასჭირდეს მაინცდამაინც დიდი ძალისხმევა და დიდი დარღვევები.
– ოპოზიციასთან დაკავშირებით რას უსვამთ ხაზს?
– ამ არჩევნებში “ქართული ოცნების” მთავარი მოკავშირე მაინც ოპოზიციაა, ვიდრე სხვა რამე.
– მთლიანად ოპოზიციას გულისხმობთ თუ ვინმე კონკრეტული გყავთ მხედველობაში?
– ძირითადი ნაწილი. მოდით, ასე ვთქვათ. ყველაფერს აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ყველაფერს უკუღმა აკეთებს ოპოზიცია ბოლო ორი თვის განმავლობაში.
– რა გააკეთა ოპოზიციამ ასეთი?
– კონკრეტულად ის, რომ ჯერ თვითონ არაფერი არ შეუძლია და დასავლეთის დახმარებითა და მისი ძალისხმევის შედეგად ოპოზიციამ რაღაცა შედეგი მიიღო საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მაგრამ იმდენი ქნა, რომ ეს ლამის “ქართული ოცნების” გამარჯვებად გამოაცხადეს.
– როდესაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს?
– დიახ. ბევრი სისულელე აკეთეს. მერე იყო აბსოლუტურად გაუგებარი, არაეთიკური და ბრიყვული შეტევა გერმანიის ელჩზე. ანუ, რასაც ჰქვია, თავში აუვარდათ. იფიქრეს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უპირობოა და შეუძლიათ მათ მართონ დასავლეთი. კი არ იპარტნიორონ, მათ მართონ დასავლეთი და დასავლური განწყობები. თავში ავარდნამ გამოიწვია ტლაპოში ჩავარდნა. გარდა ამისა, არის შიდა პრობლემები და გაუგებარი ამბიციები.
– მათ შორის, ურთიერთდაპირისპირებაც? თუნდაც განცხადებები იმაზე, რომ გიორგი ვაშაძე ვანო ჩხარტიშვილისგან ფინანსდება?
– დიახ, ბევრი დეტალია. საერთო მოცემულობაა ასეთი, რომ ხელისუფლების მთავარი მოკავშირე არის ოპოზიცია.

