„ოპოზიციაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და არაფერი ტრაგედიაა იმაში, რომ გაიწელა დრო შეთანხმებისთვის. უნდა წარმოვიდგინოთ ერთი მარტივი რამე, ჩვენ იმავდროულად ერთმანეთის კონკურენტები ვართ. გარდა იმისა, რომ გვაქვს საერთო მიზანი – ხელისუფლება შევცვალოთ, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არჩევნები არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის არჩევნები იქნება, არამედ ოპოზიციაში და ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში ერთგვარი ფილტრაციის არჩევნები. ზოგი გაცურავს და გადარჩება, ზოგი ჩაიძირება და ჩამოშორდება პოლიტიკას”, – განაცხადა გადაცემა “რეაქციაში” “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
როგორც ოქრუაშვილი აცხადებს ქვეყანაში არსებულ რეალობას ვერ აცნობიერებს ვერც ივანისვილი და ვერც გახარია.
“არ მინდა სიტუაციის დრამატიზება, მაგრამ შესაძლოა ეკონომიკური მდგომარეობა ისეთ მდგომარეობამდე მივიდეს შემოდგომისთვის, რომ პოლიტიკოსები ხალხის რისხვას ვეფარებოდეთ, რომ ხელისუფლების მისამართით არ იყოს გამოხატული დიდი დოზით, იმდენად უმართავი შეიძლება გახდეს. ამას ვერ აცნობიერებს ვერც ივანიშვილი და ვერც გახარია. ყველგან, სადაც ამ ვირუსმა რაღაც კრიზისები შექმნა, კონსოლიდაცია მოხდა პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების. ჩვენთან მიდის ხელის გადაწევის პრინციპით ერთმანეთის ჩაწიხვლა. არ იქნება ცვლილება შემოდგომაზე? – აუცილებლად იქნება გაზაფხულზე, მე ამაში დარწმუნებული ვარ.
ხელისუფლების ქმედებებმა და ღრმა კრიზისმა ყველა ჩვენგან დაგვანახა და გაგვაგრძნობინა, რომ უნდა გვქონდეს ერთი გამოკვეთილი მიზანი, ეს არის ხელუსფლების შეცვლის მიზანი”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
რას იზამს ოპოზიცია, თუ არჩევნებს „ოცნება“ მოიგებს?
“თუ “ოცნება” მოიგებს ძალისმიერი მეთოდებით, დაახლოებით მიაღწევს 60%-იან ზღვარს. მთავრობას შექმნის ვიღაცების გადაქაჩვის მეთოდით და ამას იგივე კოალიციური მთავრობა შეიძლება დავარქვათ. თუ არ გააგრძელა ქვეყნის მშვიდად მართვა და ისეთი რეფორმების გატარება, რაც აუცილებელია ქვეყნისთვის, პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება. ხალხი არის დაღლილი და გაბრაზებული. ხალხი გაბრაზებულია ჩვენთან მიმართებაშიც – ზოგადად პოლიტიკოსებს და ოპოზიციას ვგულისხმობ და მასზე 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო მეტი დოზით ხელისუფლებასთან მიმართებაში. ივანიშვილთან მიმართებაში უზომო ტიპის აგრესიაა”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
გაცურვას და გაღმა ნაპირზე გასვლას აპირებთ თუ ხელისუფლების დამარცხებას? – ასეთი კითხვით მიმართა გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა სტუდიაში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს.
“ხელისუფლების ქმედებებმა და ღრმა კრიზისმა ყველა ჩვენგან დაგვანახა და გაგვაგრძნობინა, რომ უნდა გვქონდეს ერთი გამოკვეთილი მიზანი, ეს არის ხელუსფლების შეცვლის მიზანი”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

