„ივანიშვილს ყელზე ყულფი აქვს ჩამოცმული“

„ივანიშვილს ყელზე ყულფი აქვს ჩამოცმული“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს მიმდინარე პროცესების შესახებ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, რა ხდება ოპოზიციაში? ნაციონალური მოძრაობა ცალკე აპირებს კანდიდატების დაყენებას. შესაძლოა, აღარც “ძალა ერთობაშიას” ფორმატში დარჩეთ. რა ხდება რეალურად?
– ეს არ არის სწორი ინფორმაცია, ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომელიც გვქონდა თავიდანვე განსაზღვრული. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ რეგიონებში არ დავაყენებდით ჩვენს კანდიდატურებს. ჩვენ რეგიონებში დავაყენებთ საკუთარ კანდიდატურებს, თუმცა, შესაძლებელია, იყოს რამდენიმე ოლქი, სადაც გავმართავთ კონსულტაციებს ოპოზიციურ კანდიდატთან. ჩვენთვის მთავარი იყო, შემდგარიყო შეთანხმება თბილისზე.
– თუმცა ორ ოლქზე აქაც ვერ მოხდა შეთანხმება.
– დიახ, ერთი თვე გავიდა და ჯერჯერობით მხოლოდ ექვს ოლქშია მიღწეული შეთანხმება და, როგორც იტყვიან, გაიჭედა ეს ორი ოლქი. ამიტომ, როდესაც 8 ოლქში შეთანხმება არ არის ბოლომდე მიღწეული, ჩვენ არ გვინდა ისეთი შეთანხმება, რომელიც არ იქნება მხარდაჭერილი პარტიების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ. ჩვენ გვინდოდა, ეს ორი კანდიდატი ყოფილიყო ისეთი ჩუღურეთში და საბურთალოზე, რომელიც მთლიანი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით დაამარცხებდა პირველივე ტურში “ქართულ ოცნებას”.
– მაგრამ ეს ვერ ხერხდება?
– იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს სწრაფად გადაწყდება, ვინაიდან ჩვენ ხელი გვეშლება რეგიონებში მაჟორიტარების წარდგენაში. რეგიონების აბსოლუტურ უმრავლესობაში ჩვენ დავაყენებთ ჩვენს კანდიდატურას. ახლა მანდატების 80% ნაწილდება უკვე პროპორციული სისტემით და, თუ ჩვენ ყველგან არ გვეყოლა ჩვენი მაჟორიტარი რეგიონებში, ამით ძალიან დაზარალდება სია.
– თბილისის შეთანხმებით არ ზარალდება თქვენი სია?
– თბილისში შემდგარი კონსენსუსიც აზარალებს ჩვენს სიას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იკვეთება მომავალი ხელისუფლების კონტურები. როდესაც შენ თანამშრომლობ თბილისში და პარტნიორი ხარ თბილისში, მაშინ გამოდის თეზისი, რომ თბილისში ვართ პარტნიორები, რეგიონში – კონკურენტები, ხოლო მომავალ კოალიციურ მთავრობაში – ერთიანი მთავრობის წევრები. ეს მოდელი უფრო ადვილი შესასრულებელი იქნება არჩევნების შემდეგ და ამიტომაც დავთმეთ ძალიან სერიოზულად. მხოლოდ ორ ოლქში დავაყენეთ კანდიდატურა.
– “ძალა ერთობაშიას” ფორმატზე რას იტყვით, იქ რა ხდება? ტოვებს ამ ფორმატს ნაციონალური მოძრაობა?
– რა თქმა უნდა, “ძალა ერთობაშია” რჩება და უფრო მეტიც, ჩვენი სურვილია, ის უფრო გაფართოვდეს, კიდევ შემოემატოს სხვა პარტიები და ცალკეული ავტორიტეტული პიროვნებები, რომლებიც უფრო გააძლიერებს კოალიციას და სურვილი გვაქვს, ეს იყოს უფრო გაფართოებული ფორმატი, რითაც შევძლებთ უკვე გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევას. რაც შეეხება ამ გაერთიანებაში შემავალი ამა თუ იმ პარტიისა თუ პიროვნების სურვილს, იყაროს ამა თუ იმ უბანში კენჭი, ეს უკვე, ბუნებრივია, მათი პერსონალური გადასაწყვეტია.
ჩვენ არ ვწყვეტთ, ვინ იქნება დიდუბეში ან საბურთალოზე. ამას წყვეტენ დარჩენილი პარტიები, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, ვინაიდან, თუ შერჩეული იქნა ისეთი კანდიდატი ამ დიდი ოპოზიციიდან, რომელიც შესაძლებელია, აშკარად განწირული იყოს მარცხისთვის, მაშინ ჩვენ ჩვენი სიტყვაც გვეთქმის. ჩვენ ველოდებით ისეთი კანდიდატის დაყენებას, რომელსაც გამარჯვების აშკარა შესაძლებლობა ექნება.
– ანუ თაკო ჩარკვიანს არ დაუჭერთ მხარს საბურთალოზე?
– ჩვენ ახლა კონკრეტულ გვარებს აღარ განვიხილავთ. ეს ხომ უჩვენოდ წყდება. იმავე “ძალა ერთობაშიას” შემადგენლობაშია გიორგი ვაშაძე, რომელიც დააყენეს ამ პარტიებმა, ჩვენ გარეშე. ჩვენ ხომ მხოლოდ ორი წარმოვადგინეთ, მაგრამ გიორგი ვაშაძე ჩათვალეს ამ პარტიებმა კონკურენტუნარიან მაჟორიტარ კანდიდატად, ამიტომ ამას გადაწყვეტენ ისინი.
– რა ხდება ხელისუფლებაში? ახალი სანქციები მოდის დასავლეთიდან.
– ხელისუფლებაში ის ხდება, რომ ივანიშვილს უკვე ყელზე აქვს ჩამოცმული ყულფი, რომელიც იკვრება და იკვრება. ყოველდღე ვისმენთ გავლენიანი პოლიტიკოსების განცხადებებს. ახლა უკვე იქამდე მივიდნენ, რომ ამერიკის კონგრესში მოხვდა უკვე ფაქტობრივად ივანიშვილის გვარი. ზუსტად ისეა სიტუაცია, გვარს არ დავასახელებ და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეო, დაახლოებით ასე წერია ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებაში, საქართველოსათვის 132 მილიონი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით თავდაცვის საჭიროებისათვის და ფაქტობრივად შევარდნაძის მმართველობის შემდეგ პირველად მოხდა, რომ საქართველოს დაუწესეს სანქცია. ეს დიდი სანქციაა 15%-ის დაკლება ამ თანხას არ მოგვცემენ, სანამ არ შესრულდება ბევრი რამ.
– კერძოდ, რა უნდა შესრულდეს?
– ყველაფერი ის, რასაც ოპოზიცია ამბობდა, სიტყვასიტყვით არის გამეორებული. სასამართლო სისტემის არარსებობა, დემოკრატიული პროცესების უკანდახევა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ოლიგარქიული მმართველობის ჩამოყალიბება. სწორედ ასე იწყება ნელ-ნელა ყელზე თოკის შემოჭერა. ეს არის სერიოზული გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისა და მერე გაფრთხილება ივანიშვილის. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ერთი კაცია.
– ეს პროცესი ქვეყანას უფრო არ აზარალებს, ვიდრე პირადად ივანიშვილს?
– სამწუხაროდ, ძალიან დაზარალდება ქვეყანა, ბუნებრივია, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და, რაც მთავარია, პირადად ბიძინა ივანიშვილს დაემუქრება სანქციების საფრთხე და ამ სანქციებში იქნება მისი აქტივების გაყინვა. ფაქტობრივად მას არავინ შეუშვებს არც ამერიკაში და არც ევროპაში. მერე, არ არის გამორიცხული, გაიზიაროს მოლდოვის მილიარდერის ბედი, რომელსაც თავი მეფე ეგონა და არავინ იცის, სად არის გაქცეული. ეს პერსპექტივა უკვე ძალიან ნათლად გამოჩნდა.
ასე რომ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნება”, სრულიად გაკოტრებული, ჩაფლავებული ეკონომიკა. აგერ 5 მილიარდი მოიზიდეს პანდემიის დროს. ამ 5 მილიარდიდან 500 მილიონს დავურიგებთ ხალხსო და ესეც არ გააკეთეს. დღეისათვის დარიგებულია 60 მილიონი, ანუ 1%-მდე, რაც მოიზიდეს, დანარჩენი კი თავიანთ კორუფციულ ხარჯებს მოახმარეს.
ასე რომ, ყველანაირად მძიმე ვითარებაა და ხალხი უკვე ხედავს, გამოსავალი ხელისუფლების შეცვლაა. ეს პროცესი ნელ-ნელა უკვე მწიფდება. ვიღაც ერთი კაცი მოაჯდეს ამ ქვეყანას და თავის კოლმეურნეობასავით მართოს იგი, ამას არავინ აპატიებს, არც ევროპა, არც ამერიკა და არც ქართველი ხალხი.
ეს ყველაფერი დასრულდება ხელისუფლების შეცვლით ოქტომბერში.