პოლიცია დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლს ვერ ადგენს და დახმარებას ისევ ოჯახს სთხოვს.
ფონიჭალაში, დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან, აქციის მიმდინარეობისას ცოტა ხნის წინ გამომძიებელი მივიდა და უთხრა, რომ “ყველაფერს აკეთებენ,” თუმცა კონკრეტულად რა სახის სამუშოები მიმდინარეობს დაკარგული გოგონას მოსაძებნად, ამაზე გამომძიებელს აღარაფერი უთქვამს.
მან არც მედიის კითხვებს უპასუხა, შესაბამისად უცნობი დარჩა რა ეტაპზეა სამძებრო სამუშაოები, რა მიმართულებით ეძებენ ახალგაზრდას და ვერსიებს ამუშავებენ სამართალდამცველები.
რაც შეეხება აქციას. ფონიჭალაში ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა, მეზობლებმა და ახლობლებმა გზა გადაკეტეს. მოგვიანებით, გზის გახსნის მცდელობისას პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც არსებული ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდა დააკავეს.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს.
გაჩნდა ვერსია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კონკრეტულად დღემდე არ იციან, თუ სად მუშაობდა მათი შვილი და რა მოვალეობას ასრულებდა. სრულიად მოულოდნელად, ოჯახს უარი უთხრეს გაუჩინარებული გოგონას სატელეფონო ზარების ამონაწერებზეც.
ოთხი დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11 საათზე გავიდა. ის ვერცხლისფერი “ჰიუნდაით” გადაადგილდებოდა. 12 საათზე მანქანა მარნეულში დაფიქსირდა, შემდეგ კი თეთრიწყაროს სოფელ ხიხანში. მისი კვალი უკვე სოფელ გოლთეთში იკარგება.
რა მიზნით გავიდა გოგო სახლიდან და სად მიდიოდა, არავინ იცის. თუმცა, ოჯახს გამოძიების იმედი აღარ აქვს და გვიყვება ვერსიას, რომელიც შესაძლოა თამუნა გაქრობას უკავშირდებოდეს.
დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თამარმა განათლება საფრანგეთში, კიბერუსაფრთხოების დარგში მიიღო და დღემდე არ იცის, სად მუშაობდა მისი შვილი საქართველოში და რა სამუშაოს ასრულებდა.
გაუჩინარებიდან 2 დღით ადრე თამარი სამსახურიდან წამოვიდა, რამდენიმე დღის წინ კი ოჯახს გოგონას დირექტორი დაუკავშირდა. შპს “ზეგის” ხელმძღვანელს ჩვენც დავურეკეთ. მან კონკრეტულად არ გვითხრა, რა დავალებას ასრულებდა 23 წლის პროგრამისტი ან რას საქმიანობს კომპანია.
სამართალდამცავებს ჯერ კიდევ არ ამოუღიათ გოგოს პირადი დღიურები და შესაბამისად, არც იქ ჩანიშნილი მობილურის ნომრები შეუსწავლიათ. ოჯახს სატელეფონო ანძების ამონაწერებზე უარს ეუბნებიან. შესაბამისად, ვერ დგინდება ვის ესაუბრა თამარი ბოლოს. გამოძიებამ შესასწავლად მხოლოდ გოგოს კუთვნილი კომპიუტერი წაიღო.
სოფელში, დაკარგული გოგო ნახეს, პოლიცია ავტოფარეხებს არ ამოწმებს, მაგრამ სამძებრო სამუშაოებში არაერთი ეკიპაჟია ჩართული. მომხდარს ადგილზე მობილიზებული პოლიციაც ადასტურებს.
ოჯახი კი ითხოვს, რომ ადვოკატის დახმარებით საგამოძიებო პროცესებში ჩაერთოს და წვდომა ჰქონდეს კამერებსა და სატელეფონო ჩანაწერებზე, მაგრამ პოლიცია ვერც 23 წლის გოგოს პოულობს და ვერც იმას ახერხებს, რომ ოჯახს გამოძიების დეტალები შეატყობინოს.
მთავარი