„ქართულ ოცნებას“ რეგიონებში კორონავირუსი გადაარჩენს?

 „ქართულ ოცნებას“ რეგიონებში კორონავირუსი გადაარჩენს?კოვიდთან მებრძოლი ექიმები „ქართული ოცნების“ პარტიულ სამსახურში გაააქტიურეს.  ტენდენცია განსაკუთრებით საგრძნობი გახდა რეგიონებში. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ცნობილი ექიმი და ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ლომინაძე დაასახელა, ამავე კოვიდმიმღები დაწესებულების მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე  ქუთაისის საკრებულოს შემადგენლობაში შეიყვანეს.

თუმცა,  როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ნადირაძეს საკრებულოში შესვლა სიით უწევდა.

„როგორც ცნობილია, ნიკა ლატარია  საკრებულოდან გავიდა, სიის მიხედვით  შესვლა სპორტული „ააიპ“-ის ხელმძღვანელს, კობა ფხაკაძეს უწევდა, მაგრამ მან ამ შესაძლებლობაზე უარი თქვა. შესაბამისად,  საკრებულოში მომდევნო წევრი თემურ ნადირაძე შევიდა“, – განმარტეს ქუთაისის საკრებულოში.

თავის მხრივ, როგორც ნადირაძე აღნიშნავს, ის „ქართული ოცნების“ წევრია და  პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების სურვილიც აქვს.

„მე უკვე ვიყავი ქუთაისის საკრებულოს წევრი და ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიასიას ვხელმძღვანელობდი. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილებით, ახლაც წავადგები საკრებულოს. ამასთან პოლიტიკაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და ექიმები ყოველთვის აქტიურ სიტყვას ვამბობდით ქუთაისში“, – განაცხადა ნადირაძე,

თუ რა დოზით იქნებიან წარმოდგენილი კოვიდთან მებრძოლი ექიმები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს საკითხი წინასაარჩევნო პერიოდის გააქტიურებასთან ერთად უფრო და უფრო აშკარა გახდება.

თუმცა, ფაქტია, რეგიონებში კორონავირუსთან ბრძოლის თემას მმართველი პარტია ზუსტად ისევე  წარმატებულად გამოიყენებს, როგორც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავარ ოპოზიციურ ძალასთან ბრძოლის დროს – მათი 9-წლიანი მმართველობის განახლების საშიშროებას.