ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას 2020 წლის არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარის 17 ივლისის განკარგულებით დასტურდება.
ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, უარის მიზეზი განაცხადის დაგვიანება გახდა. განმარტებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი 197-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ განცხადებით ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე უნდა მიმართოს.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების საქართველოს რესპუბლიკური პარტია განცხადება №გ-01/14/07/20/28 (ცესკოში რეგისტრაციის №1037) საქართველოს ცენტრალურ კომისიაში შემოტანილი იქნა ვადაგადაცილებით, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი 197-ე მუხლით დადგენილ ვადაში, 2020 წლის 15 ივლისამდე, რაც წარმოადგენს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს – აღნიშნულია განკარგულებაში.
საარჩევნო კომისიის ეს განკარგულება შეიძლება მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდეს. განკარგულება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

