ანი მიროტაძე – „კოალიციის შექმნაზე ყველა პარტია “ლელოს” აქეთ უნდა გველაპარაკოს“

ანი მიროტაძე - „კოალიციის შექმნაზე ყველა პარტია "ლელოს" აქეთ უნდა გველაპარაკოს“

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ლელოს წევრი ანი მიროტაძე პასუხობს.

– ანი, წინასაარჩევნო კამპანია უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ვისმენთ შეფასებებს, რომ ოპოზიციას ძალიან გაუჭიდება. ვხედავთ თუ როგორი  დაპირისპირებაა ოპოზიციურ ფლანგზე. რამდენად ჯანსაღი სიტუაციაა?

– ზოგადად, ოპოზიციური კონსოლიდაცია ცუდი არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას შანსი არა აქვს და პარტიები ცალ-ცალკე ვერ გავლენ, ეს ასე არ არის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის განწყობილი ამომრჩეველი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი განწყობილია ოპოზიციურად, იმიტომ, რომ შეუძლებელია, ამ ხელისუფლებას უჭერდეს მხარს. ამიტომ ეს მრავალფეროვნება, რომელიც ახლა გაჩნდება, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რომელი სუბიექტი შემოვა ველზე, შესაძლოა, ბევრად უკეთესი იყოს. ეს მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ არჩევანი დავუტოვოთ ამომრჩეველს.

ასევე კარგია ელექტორალურად, რადგან ყველა პარტია შეეცდება, თავისი ამომრჩეველი მოიყვანოს საარჩევნო უბანთან და აქტიურობა იყოს მაღალი.

– მაღალი აქტიურობა დაამარცხებს “ოცნებას”?

– მაღალი აქტიურობის შემთხვევაში ვპირდები “ქართულ ოცნებას”, რომ ის ვერ მოვა უმრავლესობაში. როგორი მესიჯბოქსიც არ უნდა გაავრცელონ და ეს არის მათი გამოგდებული თემა და ჩვეულებრივად მათი პიარკონსულტატების და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის საინფორმაციო პოლიტიკის ნაწილია _ რომ აი, ძლიერია ხელისუფლება, ოპოზიცია ვერ შეთანხმდა და ამიტომ “ოცნება” მოიგებს არჩევნებს.

ძალიან მარტივია და ყველა მიხვდება, რომ ეს არის დაინტერესებული მხარის მიერ შემოგდებული ამბავი.

– გასული კვირის ბოლოს რეიტინგები დაიდო. ოპოზიციის ფონზე “ოცნებას” უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, თუმცა არა იმხელა, რომ მთავრობა დააკომპლექტოს.

– იცით, რამდენი ასეთი რეიტინგი მინახავს მე? 2012 წლის ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ნაციონალური მოძრაობა იგებდა არჩევნებს, მაგრამ ნაცმოძრაობამ 2012 წლის არჩევნები წააგო.

– 33%-ით “ქართული ოცნება” უმრავლესობას ვერ შექმნის. საუბარია, რომ ლელო იქნება ის პარტია, ვინც “ოცნებასთან” კოალიციაში შევა და უმრავლესობას შეუქმნის.

– ვიდრე ლელოზე ვისაუბრებ, მინდა, რომ ოპოზიციის ქეისი ამოვწურო. მე არა მხოლოდ ვისურვებდი, მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ. რადგან შემოვიდნენ არჩევნებში, არ დაეზაროთ და მივიდნენ ყველა ოჯახში და ყველას ესაუბრონ. არ დაზოგონ დრო ადამიანებთან კონტაქტისთვის. ამომრჩეველს სჭირდება იცოდეს, თუ როგორი მომავალი უნდა იყოს ამ ქვეყანაში. “ქართული ოცნება” არ არის ამ ქვეყნის მომავალი, ამ ქვეყნის მომავალი ცოტა სხვანაირია, შედეგზე ორიენტირებული, რომელიც გამოიყვანს ამ ქვეყანას კრიზისიდან.

– საუბარია, რომ ბევრი შეცდომაა ოპოზიციურ ფლანგზე, მათმა დაპირისპირებამ დააბნია ამომრჩეველი. ეს არ აზარალებს ოპოზიციას?

– შეცდომებს უშვებს ყველა. მე არ ვთვლი, რომ ეს შეცდომაა, თუმცა ამაზე შეიძლება იკამათონ. ამაში არის ერთი პოზიტივი ის, რომ მაღალი აქტიურობის პირობებში ძალიან უჭირს “ქართულ ოცნებას” გამარჯვება. თუ “ქართული ოცნება” პირველივე ტურში ვერ დაასრულებს არჩევნებს მაჟორიტარულ ოლქებში, მე გაძლევთ გარანტიას, რომ მეორე ტურში აბსლუტურად მათ ყველა კანდიდატს გაუჭირდება გამარჯვება.

რადგან ოპოზიცია გადის ასე მრავალფეროვნად არჩევნებში, კეთილი ინებონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მიიყვანონ ამომრჩეველი საარჩევნო უბანთან.

– ანი, დატოვეთ “ქართული ოცნება”, ხართ  ლელოში, რა პოზიცია გექნებათ, თუკი გამართლდა ეს ჭორები, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ლელო შევა “ოცნებასთან” კოალიციაში? ეს თავიდანვე ითქვა, როდესაც ლელომ უარი თქვა თანამშრომლობაზე რადიკალურ ოპოზიციასთან.

– რას ნიშნავს რადიკალურ ოპოზიციასთან?! ლელომ თქვა, რომ ქმნის ახალ რეალობას და ახალ მოცემულობას. ჩვენი სლოგანიც ეს არის, ახალი ძალა, ახალი იმედი, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.

ჩვენ არ შევდივართ წარსულის პოლიტიკაში. ჩვენ ხომ ყველას არ მოგვწონს ორპოლუსიანობა. ორპოლუსიანობა არის ძალიან ცუდი. იმიტომ, რომ ორპოლუსიანობა კლავს ყველაფერს. საზოგადოება ფიქრობს, რომ მაინც არაფერი შეიცვლება. ამიტომ ჩვენ ვქმნით ახალ არჩევანს. ვისაც არც დისკრედიტებული ოპოზიცია უნდა და არც ასეთი ძალიან ცუდი და კორუფციაში და ნეპოტიზმში ჩაწოლილი ხელისუფლება, რომელიც კიდევ ცდილობს, ხალხის მოტყუების ხარჯზე დარჩეს ხელისუფლებაში და მერე ასმაგად ამოიღოს ის ყველაფერი, რასაც ახლა სოციალური პაკეტების მოტივით დაარიგებს.

რაც შეეხება იმას, თუ რას იზამს ლელო, ძალიან რთულია ეხლა ამ თემაზე ლაპარაკი, თუ რას იზამს ლელო, რადგან არავინ იცის, როგორი პოლიტიკური მოცემულობა იქნება. ლელო ფიქრობს, რომ აქეთ დაელაპარაკოს ყველა. ჩვენ ასე ვფიქრობთ. ამიტომ ახლა ამაზე ლაპარაკი, შევუქმნით თუ არა “ქართულ ოცნებას” კოალიციას, ძალიან არასერიოზულია.

– რომელიმე კონკრეტულ პარტიას ერთპიროვნულად უმრავლესობის შექმნა ძალიან გაუჭირდება, ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

– კი ბატონო, მეც ვეთანხები ამას.

– მაშინ ლელოს მოუწევს არჩევანის გაკეთება, კოალიციაში შევიდეს ან ხელისუფლებასთან, ან რადიკალურ ოპოზიციასთან.

– ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მანდატს მისცემს საქართველოს მოსახლეობა ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას. მისცემს ნაციონალურ მოძრაობას ასეთ მანდატს? მისცემს “ქართულ ოცნებას”? მაშინ ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორი მანდატებიც იქნება და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ამომრჩეველი.

– ანუ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა?

– არა, მე ერთ რამეს გეტყვით, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ აქეთ გველაპარაკოს ყველა. ანუ ჩვენ კი არ შევუქმნით ვინმეს კოალიციას, მათ შეგვიქმნან, თუ ასეთი სიტუაცია იქნება. შეუქმნიან “ქართულ ოცნებასო”, როგორ უნდა შევუქმნათ?! “ქართული ოცნება” თუ გვინდოდა, ვიყავით იქ. ძალიან ბევრი ადამიანია ახლა ლელოში და ოპოზიციაში, რომელიც თავის დროზე “ქართულ ოცნებაში” იყო და იმ მოტივით წამოვედით, რომ იქნება რამე უკეთესი შევქმნათ ამ ქვეყნიდან.

– ძალიან დიდი ფული დგას ამ ყველაფრის საპირწონედ. “ოცნება” რომ სერიოზულ ფულს დახარჯავს, ეს თქვენც კარგად იცით. რას უპირისპირებთ?

– დიახ, “ქართული ოცნება” შეეცდება, რომ ძალიან დიდი ფული დახარჯოს, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ხელისუფლებაზე გავლენები, არაფორმალურად ხელისუფლებაში ყოფნა მისი საქმეების საკეთებლად. ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

– რა სიტუაციაა საჩხერე-ჭიათურაში, სადაც მაჟორიტარად წარგადგინეს?

– მე ჩავალ რამდენიმე დღეში ჩემს ხალხთან, ჩემს ზემო იმერეთში. მე ზუსტად ვიცი იმ ხალხის განწყობები. ზუსტად ვიცი, რომ გამარჯვების მისამართზე მელოდებიან ჩემი მხარდამჭერები. ეს ხალხი ბრძოლისთვის არის მზად. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ იმ შეცდომის გამოსწორება, რომელიც პოლიტიკოსებმა დაუშვეს, მე დავიწყო, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის მძევლობაში გვყავს დატოვებული საჩხერე. უი, ბიძინას მხარეა და მოდი არ შევიდეთ და ამ დროს იქ ხალხი გაღატაკდა, გაუბედურდა და მთლიანად სახე დაკარგა. ვიცი, რომ მარტივი არ იქნება, დიდი წინააღმდეგობა იქნება, თუმცა ამისთვის მზად ვარ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და თუ იბრძვი გულით, იმარჯვებ.

– ანი, ლელოს ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა, თუნდაც იგივე სამართლებრივი კუთხით. რამდენად დალაგდა ეს სიტუაცია? ხომ არ მოხდა გარკვეული შეთანხმება?

– რა შეთანხმება, იმხელა ზეწოლები იყო, დასავლელი პარტნიორების მხრიდან წერილი წერილზე მოდიოდა, რომ ასეთი პოლიტიკური სასამართლო არ შეიძლებოდა და ასეთი დევნა არ შეიძლებოდა. რა დალაგდა. რა თქმა უნდა, მათ დატოვეს ღიად ეს თემა.

– თუ დასჭირდათ, რამდენად გაააქტიურებენ?

– მე ერთი ვიცი ზუსტად, რომ იმდენად რთული სიტუაცია აქვთ,  მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ზეწოლის ყველა მექანიზმი შეიძლება გამოიყენონ.

თუ ჩვენ თავმოყვარე საზოგადოება ვართ, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ამ ზეწოლაზე მაღლა დადგომა შეგვიძლია.

სხვანაირად სახელმწიფოს ვერ შევინარჩუნებთ.