ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ პაატა დავითაია პასუხობს.
– ბატონო პაატა, რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე, რამდენად დალაგდა ოპოზიცია? წინა ინტერვიუში ცოტა განაწყენებულმაც კი განაცხადეთ, ოპოზიცია გამარჯვებისთვის არ იბრძვისო. თქვენ მომხრე იყავით გაერთიანების, რაც ვერ მოხერხდა. რას იტყვით ახლა?
– დიახ, ძალიან სწორად დასვით აქცენტი და როგორც მე გითხარით, ზუსტად ისე ვითარდება სიტუაცია. სამწუხაროდ, არ მოხერხდა ერთიანი ოპოზიციური სპექტრის ერთი სისტემით არჩევნებში გასვლა, ერთიანი საარჩევნო სიით, ერთიანი თემით, მაჟორიტარებით. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივი იქნებოდა, თავიანთი ამბიციები რომ დაეწიათ ზოგიერთებს. რადგან გაერთიანება არ მოხდა, ახლა მეორე სიტუაციის განვითარების საკითხი დგას.
– ეს რას გულისხმობს?
– ეს გულისხმობს იმას, თუ ვინ შეძლებს გაერთიანებას. რაც უფრო გაერთიანდებიან ოპოზიციის ჯგუფები, მით უფრო შესაძლებელია ხელისუფლების დამარცხება. ამ ეტაპზე ერთადერთი ასეთი გაერთიანებაა „ძალა ერთობაშია”, რომლის დამფუძნებელიც მეც ვარ.
„ძალა ერთობაშია” ერთი საარჩევნო ბლოკით გავა არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ჩვენი კარი ღიაა და კონსულტაციები მიმდინარეობს გარკვეულ პარტიებთან, შემოერთებასთან დაკავშირებით. ეს არაა ძალიან დიდი ერთიანი ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ ერთ-ერთი წამყვანი იქნება ამ საარჩევნო პროცესში.
შეთანხმება მოხდა თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება მთლიანი ოპოზიციის კი არ არის, არამედ – უმეტესი ნაწილის.
– ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურას თუ დაუჭერთ მხარს საბურთალოზე?
– პირდაპირ გეტყვით, რომ ოქრუაშვილის კანდიდატურა განიხილება, მიმდინარეობს კონსულტაციები, მზაობა ამ მიმართულებით უმეტესი პარტიებისა არის. როგორც კოორდინატორი, გეტყვით, რომ ეს ყველაფერი კვირის ბოლოს გახმაურდება და ეს პროცესი დასრულებული იქნება.
– ანუ თუ დადგება მისი კანდიდატურა, ექნება მხარდაჭერა?
– კი, რა თქმა უნდა. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები ერთიან ოპოზიციურ სპექტრში, რომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს დაუჭიროს მხარი.
– რა იქნება რეგიონებში?
– რეგიონებში „ძალა ერთობაშია“ ყველგან წარადგენს თავის კანდიდატს.
– ჯობდა, რომ ოპოზიციას რეგიონებშიც ჰყოლოდა საერთო კანდიდატები?
– საერთო კანდიდატები უნდა ჰყოლოდა იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ერთიანი საარჩევნო ბლოკი. ერთიანი საარჩევნო ბლოკი მდგომარეობს იმაში, რომ მაჟორიტარული და პროპორციული სიაც უნდა იყოს ერთიანი.
– რადგან ასეთი დაბალი ბარიერია, ოპოზიციას ხომ მეტი შანსი აქვს პარლამენტში მოხვედრის?
– სამწუხაროდ მე ასე არ ვფიქრობ. ყველამ კარგად ვიცით, როგორ მუშაობს ამომრჩეველი საქართველოში. ის ხედავს ორ რამეს. პირველი, იმ ძალას, რომელსაც აძლევს ხმას, რომელიც არის ძლიერი და ხშირად ეს არის ხელისუფლება და მეორე, ხმას აძლევს იმ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც აქვს შანსი, შეცვალოს ხელისუფლება. მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე ძალას ამომრჩევლის ძირითადი მასა ხმას არ აძლევს.
ეს არჩევნებიც გვაჩვენებს და ყველა დაინახავს, რომ ძირითადი ბრძოლა იქნება “ქართულ ოცნებასა” და „ძალა ერთობაშიას“ შორის. იმ პატარა პარტიებს, რომლებსაც ეს 1% დაბალი ბარიერი ჰგონიათ, გაუჭირდებათ ამ ბარიერის გადალახვაც კი.
– საკმაოდ დაბალია, რატომ გაუჭირდებათ?
– იმიტომ, რომ ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ხმების წაგლეჯა ხდება. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ცდილობს, მაქსიმალურად მეტი ხმა აიღოს. ყველა არჩევნებში ჩემმა პარტიამ თითქმის 1% აიღო. მე რომ წავსულიყავი არჩევნებში მარტო, შანსი მქონდა, ასე უფულოდ და უყველაფროდ 1%-იანი ბარიერი გადამელახა, ეს იყო ადრე. თუმცა ამ საარჩევნო კანონით მივხვდი, რომ ეს აბსურდია.
– რატომ?
– როდესაც ხდება ხმების წაგლეჯა, ძალიან ძნელია, შედეგს მიაღწიო. ამიტომ გადავწყვიტე პოლიტიკურ ჯგუფებთან გაერთიანება. კი ბატონო, გამოდიან და ამბობენ, რომ დაბალი ბარიერია, თუმცა არავინ საუბრობს იმაზე, რომ პარტიებს არ გაუწიეს ფინანსური დახმარება, რომ ბიზნესიც აღარ რიცხავს ფულს, არ აქვთ სარეკლამო დრო და როგორ წარმოგიდგენიათ ყოველივე ამის გარეშე თუნდაც 1%-ის აღება?!
აი, ამიტომ იყო სწორი გაერთიანება.
– „ძალა ერთობაშიას“ ფორმატში შედის ნაციონალური მოძრაობაც, თუმცა ისინი ინდივიდუალურად აყენებენ რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებს. ამას როგორ ახსნით?
– კი ისინი აყენებენ თავიანთ კანდიდატებს, თუმცა ამის „ძალა ერთობაშიას“ ფორმატში განხილვა ხდება. მეორე მხრივ, რომ შევხედოთ სიტუაციას, ერთ-ერთი ძლიერი ძალა, ფინანსურად და პოლიტიკურად, არის ნაციონალური მოძრაობა და, რა თქმა უნდა, ძლიერი ცდილობს, დააყენოს თავისი კანდიდატი. ეს ჩვეულებრივი ამბავია.
მე ვისურვებდი, რომ უფრო ფართო სპექტრი ყოფილიყო გაშლილი, მაგრამ ყველაფერი მაინც ტექნიკურად მიბმულია იმაზე, ვისაც უფრო მეტი რესურსი გააჩნია. ამიტომ წამყვანი ძალა არის ნაცმოძრაობა.
– მათ ფონზე პატარა პარტიები ხომ არ იჩაგრებით?
– ეს არის რეალობა. დაჩაგვრაზე არ არის საუბარი. მე რაც შემიძლია, ყველაფერს ვდებ ამ ერთობაში. მე არ მაქვს დიდი ამბიცია, რადგან ვიცი ჩემი შესაძლებლობები, არ გამაჩნია დიდი რესურსები. ეს ყველაფერი ამ საარჩევნო სისტემამ და ხელისუფლების მიდგომამ გამოიწვია. გეტყვით იმასაც, რომ არასწორია ხელისუფლების მიდგომა, ჩაჩექმოს პოლიტიკური პარტიები.
– რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები გაერთიანდებიან?
– მე ამის დიდი იმედი არ მაქვს. ჩემი პოზიციაა, რომ გაერთიანება უნდა მოხდეს არჩევნებამდე. ამომრჩეველმა წინასწარ უნდა იცოდეს, რა ძალა შეცვლის ხელისუფლებას. თუ ეს ამომრჩეველს არ ეცოდინება, ისე არ დაუჭერს მხარს. ამიტომ ეს პროცესი ოპოზიციას აზარალებს.
თუ ხელისუფლების ცვლილება გვინდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ერთობისთვის.