„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” არ დაუშვებს რევანშიზმით ხელისუფლების ცვლილებას , – ამის შესახებ, „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე პროცესები რევანშისტული ძალების გააქტიურებას ცხადყოფს.
„ჩვენი მთავარი მესიჯია, ამ ქვეყნის რეალური კეთილდღეობა და სტაბილური განვითარება. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პროცესები ცხადყოფს რევანშისტული ძალების გააქტიურებას და “ქართული ოცნების” ერთგვარ ურთიერთობას ამ რევანშისტულ ძალებთან. ჩვენ არ გვინდა დავუშვათ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს რევანშიზმით, ან შეიცვალოს “ნაციონალური მოძრაობით”, “ევროპული საქართველოს”, “ქართული ოცნების” ან “ლელოს” თანამშრომლობის საფუძველზე. ამ ქვეყანაში ერთადერთი ძალა ვართ, რომელიც არ დაუშვებს რევანშიზმით ხელისუფლების ცვლილებას”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევენ ყველაზე დიდ კონკურენტად, ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ყველაზე დიდი კონკურენტი “ქართული ოცნებაა”.
“არ უნდა დავხუჭოთ თვალი იმაზე, რომ ჩვენ გვიპირისპირდება ყველა დიდი პარტია. ამ პარტიების უკან დიდი ფინანსური კაპიტალია. ჩვენ არ გვაქვს ფული, მაგრამ გვაქვს ჯიგარი შევცვალოთ ქვეყანაში ხელისუფლება და ვითარება. არა რევანშიზმით – არამედ არჩევნებით”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ 2020 წლის არჩევნებისათვის თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინა კანდიდატები. პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი ვაკის მაჟორიტარის მანდატისათვის იბრძოლებს.
იპნ

