ბიძინა გეგიძე: “არ არის გამორიცხული, ვაკეში კენჭი ვიყარო”

ბიძინა გეგიძე:  "არ არის გამორიცხული, ვაკეში კენჭი ვიყარო"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტში ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ბიძინა, რა მოლოდინი გაქვთ ამ არჩევნებიდან? იქნება ეს გარდამტეხი არჩევნები თუ შეიძლება “ქართული ოცნება” მესამე ვადით დარჩეს ხელისუფლებაში?
– ამ არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანი ამომრჩევლის აქტიურობა მგონია. რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს აუცილებელია. მეორე, მინდა პოზიტიური არჩევნები იყოს, მაგრამ რასაც ვუყურებ, სამწუხაროდ, ამ პერსპექტივას ვერ ვხედავ, პირიქით უფრო არის. ეს ძალიან ცუდია.
რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, ხელისუფლებაში მესამე ვადით არ უნდა დარჩეს. საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა “ოცნებას”, რომ რეალური საქმე გაეკეთებინა. ქვეყანა მართლაც წაეყვანა წინ, მეტი განვითარება ყოფილიყო. ამას ვამბობ არსებული შედეგიდან გამომდინარე. მე ვთვლი, რომ პროგრესი იქნება თუ “ქართული ოცნება” მესამე ვადით არ დარჩება ხელისუფლებაში.
– კოალიციური მთავრობა, რამდენად რეალურია?
– სიმართლე გითხრათ, კოალიციურ მთავრობასაც განსაკუთრებული ოპტიმიზმით არ ვუყურებ. ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს სრულიად ახალი ხედვის მქონე ხალხი. განსხვავებული ღირებულებების მქონე, რომლებიც რეალურად საქმის გაკეთებასა და ქვეყნის წინ წაყვანაზე იქნება ორიენტირებული.
არსებული პოლიტიკური მოცემულობა სრულიად უნდა შეიცვალოს, ეს ნეგატივი და სტაგნაცია უნდა დასრულდეს. წინ უნდა წავიდეთ. ასე გაგრძელება შეუძლებელია, ამიტომ ვამბობ, რომ ცვლილებებია აუცილებელი. არსებული პოლიტიკური მარაზმი უნდა შეიცვალოს. უნდა შევძლოთ, რომ ქვეყანა პროგრესული განვითარების გზაზე დავაყენოთ. ვფიქრობ, ეს არჩევნები ამისთვის უნდა გამოვიყენოთ, მე ვფიქრობ, ეს არის შანსი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
– შეიძლება ამ არჩევნებმაც ორპარტიულ დაპირისპირებაში ჩაიაროს, როგორც აქამდე ყველა არჩევნებმა?
– სამწუხაროდ, ამაზეა აგებული ეს წინასაარჩევნო კამპანიაც. დიდად არაფერი არ შეცვლილა. ჯერჯერობით ვუყურებთ იმას, რაც აქამდე გვინახავს. აბსოლუტურად არანაირი სიახლე არ არის. ახლა, თითქოს აქცენტი კეთდება მშვიდობის შენარჩუნებაზე “ოცნების” მხრიდან. მშვიდობა ძალიან კარგია, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ საკმარისი არ არის.
– პრემიერმა გახარიამ მომავლისკენ ვიყურებითო.
– აქამდე ვინმემ დაუშალა?! საკმარისზე მეტი დრო გავიდა. შედეგით უნდა შეფასდეს ყველაფერი, მით უფრო, პოლიტიკაში. მშვიდობა კარგია, მაგრამ სიღარიბეს რა ვუყოთ?! სტაგნაციას რა ვუყოთ?! ამ ყველაფერსაც აქვს ლიმიტი! მუდმივად მშვიდობით აპელირება არ შეიძლება, როდესაც ასეთ ღარიბ ქვეყნად ვრჩებით. არ შეიძლება მშვიდობით ვაპელირებდეთ და ქვეყანაში სამართლის დეფიციტი იყოს. ვაპელირებდეთ მშვიდობით და ღირსების დეფიციტი იყოს. თან რომელ მშვიდობაზეა საუბარი, როდესაც მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და ადამიანების გატაცება და შემდეგ მათი დახსნა, ლამის ყოველდღიურობად იქცეს. ამ ყველაფერზე პასუხებია საჭირო სტრატეგიის დონეზე და არა მშვიდობით აპელირება. კიდევ ერთი, სტრატეგიულ პარტნიორთანაც უნდა გვქონდეს ჩვენი მოთხოვნები სწორედ ამ მიმართულებით, რასაც ოკუპაციის დასრულება ჰქვია. მთელი რიგი გარღვევებია საჭირო ამ მიმართულებით და ჩვენ რას ვუყურებთ, მხოლოდ სტაგნაციას და მშვიდობით აპელირებას. რეალურად ამ მიმართულებით ხელისუფლებას ჩამოყალიბებული სტრატეგია 8 წლის თავზეც არ აქვს.
– რამდენად რთული არჩევნები გველოდება? შეიძლება ვითარება დაიძაბოს?
– არაფერს არ გამოვრიცხავ. თანაბარუფლებიანი და სამართლიანი არჩევნები რომ არ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. პოლარიზებული ველი, ნაციონალური მოძრაობისა და “ქართული ოცნების” ჭრილში ყველაფრის დანახვა უკვე კარგად დაძველებული თემაა. ამიტომ, არ უნდა განსაზღვროს ამ არჩევნების ბედიც ამ კონტექსტმა. ამ მოცემულობას უნდა გავცდეთ. ამ ფონზე არ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. სიახლეა საჭირო. ეს ორივე ძალა კარგად გამოცდილია, ორივე ვნახეთ მოქმედებაში. ორივე ძალა დევალვირებულია. ორივე უკვე ამ ქვეყნის წარსულია, ამიტომ წინ უნდა გავიხედოთ.
– ხომ არ აპირებთ კენჭი ისევ ვაკეში იყაროთ?
– არაფერი არ არის გამორიცხული. თუმცა, როდესაც კონკრეტულად მივიღებ გადაწყვეტილებას, ამაზე განცხადებას გავაკეთებ.