ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.
– ლადო, გასულ კვირას აირაის სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. “ოცნებას” 33% აქვს, ნაცმოძრაობას 16%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 5%. რა მოცემულობაა და რა სურათი შიძლება მივიღოთ?
– ასევე 4% ჰქონდა ლელოს, 4% პატრიოტთა ალიანსს. მე თუ მკითხავთ, ჩვენ მივიღეთ რეალური სურათი. რეალური სურათი არა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც არჩევნებზე მიდიან, არამედ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ზოგადად ამომრჩევლები არიან.
თუ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არავის აძლევს ხმას და ეს ძალიან დიდი პროცენტია, არ მივა არჩევნებზე, “ქართული ოცნების” 33% პროპორციულად აიწევს და ეს 33% გახდება 45%. ხოლო ნაცმოძრაობის 16% გახდება 20%. თუ ასე მოხდა, სამწუხაროდ, მივიღებთ ისეთ პარლამენტს, როგორიც ახლაა.
– ანუ ამომრჩევლის აქტივობაზეა ყველაფერი დამოკიდებული?
– დიახ, ნამდვილად ამომრჩევლის აქტივობაზეა დამოკიდებული ყველაფერი. ოღონდ ამომრჩეველი იმ განწყობით კი არ უნდა მივიდეს, რომ ყველა გადახაზოს. კეთილი ინებოს და რომელიმე ისეთი მაინც შემოხაზოს, რომელსაც მისი ხმაც კი ვერ უშველის.
– ამაზე თქვენც საუბრობდით და დღეს კიდევ უფრო აქტიურად საუბრობენ, რომ ერთ-ერთი კანდიდატი, ვინც შეიძლება “ოცნებასთან ” კოალიციაში შევიდეს, იქნება ლელო. ასეა?
– მე ამას თავიდანვე ვიძახდი, რომ ლელო არის “ქართული ოცნების” დამხმარე რგოლი და მე ამ აზრზე ვარ დღესაც. სამწუხაროდ, ეს ის დამხმარე რგოლია, რომელიც ძალიან მიუღებელია საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის. უამრავი მაგალითია იმის, თუ რამდენი ადამიანი დაზარალდა მამუკა ხაზარაძის ბანკის მიერ. ჩვენმა ორგანიზაციამ ეს ყველაფერი კონკრეტული სახელებით და გვარებით წარმოადგინა.
– რისი თქმა გინდათ, არ ექნებათ მხარდაჭერა?
– მე იმის თქმა მინდა, რომ მიუღებელი ტიპები არიან. ადამიანები, რომლებიც გამდიდრდნენ სხვების უბედურებით, არ იმსახურებენ არავითარ პატივისცემას.
– ოპოზიციას შეეძლება კოალიცის შექმნა თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას?
– მე მაქვს განცდა, რომ ლელო, პარლამენტში შესვლისთანავე დაიშლება და ისინი გადანაწილდებიან. არ არსებობს, რომ “ქართული ოცნება” დარჩეს უმცირესობაში. დღეს ისეთი მოცემულობაა, რომ “ქართულ ოცნებას” ჰყავს პრაქტიკულად ორი დამხმარე რგოლი, ლელო და პატრიოტთა ალიანსი. ალიანსი არასდროს არ დაუპირისპირდება “ქართულ ოცნებას” და ყოველთვის იქნება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგი.
ხომ ნახეთ, ლელო არ შევიდა გაერთიანებულ ოპოზიციაში, საერთოდ არ ითანამშრომლა მათთან. ყველგან დაუყენა კანდიდატები. თუნდაც იგივე ვაკეში, ელენე ხოშტარიას, რომელიც ამას არ ელოდა.
– საბურთალოზე იქნება დიდი ამბავი. ძალიან ბევრი კანდიდატია.
– მიდის ერთმანეთისთვის ხმების წართმევის პროცესი. ხმებს უყოფენ ერთმანეთს ჭადრაკის პრინციპით. იმასაც გეტყვით, რომ მარტო საბურთალოზე არ იქნება ასეთი ამბავი. ვაკეშიც იგივე სიტუაცია იქნება და არა მარტო ვაკეში! ჯერ წარდგენის პროცესი არ დასრულებულა.
ამ ყველაფერს ორი მიზეზი აქვს. პირველი: ნაციონალურმა მოძრაობამ და ბოკერიამ ვერ შეკრეს თავის პარტიები, ვერ შეძლეს გაერთიანება და მეორეს მხრივ ეს განპირობებულია იმით, რომ ბიძინამ კომუნიკაციები დაამყარა ლელოსთან და სერიოზული გარანტიებიც მიიღო. ლელო არ არის სახუმარო ძალა, მინიმუმ 5% ჯიბეში აქვს. მით უმეტეს ჯერ ორ თვეზე მეტი წინ არის.
– შეიცვლება რამე ამ დროში?
– ჯერ სად ხართ. სერიოზული სანახაობები წინ გველის. აგვისტოს თვეა, პოლიტიკურად მკვდარი თვეა. ჩვნ ყველანი ძალიან საინტერესო პროცესების მომსწრენი გავხდებით. არ არის გამორიცხული, რაღაცა საქმე გახსნან. ვიღაცეები დააკავონ.
ვურჩევ საზოგადოებას, პოპკორნი მოიმარაგოს. სექტემბერი-ოქტომბერი ძალიან სანახაობრივი პერიოდი იქნება. საინტერესო სერიალების მომსწრენი გავხდებით და დაველოდოთ ამ პროცესებს.