დე ფაქტო აფხაზეთის ეკლესია “პატრიოტთა ალიანსის” ხატს უკან აბრუნებს

დე ფაქტო აფხაზეთის ეკლესია "პატრიოტთა ალიანსის" ხატს უკან აბრუნებს“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის მიერ აფხაზეთში ჩატანილ ხატს, ოკუპირებული რეგიონი უკან აბრუნებს.

ამის შესახებ,  დე ფაქტო “აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის“ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

“აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს ხატს, რომელიც ქართველმა დეპუტატებმა აფხაზეთის მრჩევლის მონაწილეობით ჩამოიტანეს და ილორის ტაძარს აჩუქეს. ეკლესია ხატს უკან დააბრუნებს.

ეს მისია ისე შედგა, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არაფერი შეუტყობინებიათ.

მსგავსი აქციები დაუშვებელია, ვიდრე აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია და აფხაზეთის სახელმწიფოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. მან აფხაზეთში ყოფნის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტოები გადაღებულია 18 აგვისტოს აფხაზეთში, ილორის ტაძარში.