კლინიკა „სითი მედიკალში“ ექიმების მხრიდან პაციენტზე სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
პაციენტის ოჯახის წევრები კლინიკის მედპერსონალს 77 წლის ქალზე ძალადობაში ადანაშაულებენ.
„პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობას ვუსვამთ ხაზს, საგამოძიებო უწყება თვითონ იყო შესული და აპირებენ ექსპერტიზასაც. ველოდებით კამერების გახსნას, რომ ნახონ და გადმოგვცენ ინფორმაცია. ჩვენ არ გვიშვებენ კამერებამდე, ასეთი პროტოკოლიაო. მინდა კამერები გაიხსნას, რომ ნამდვილად დამტკიცდეს, რატომ არის ჩალურჯებები“, – განაცხადა პაციენტის ახლობელმა რუსუდან ხარაბაძემ.
“მამაჩემმა რომ ნახა დედაჩემი, უთხრა, რომ ღამე მორიგე ექიმმა მცემაო. მეთქი რას ქვია გცემა თქო, ჩვენ ვერავინ ეს ვერ დავიჯერეთ, რადგან ეგეთი რაღაცა წარმოუდგენელია, რადგან როგორ შეიძლება ასაკოვანი 77 წლის მძიმე რეანიმაციის პაციენტის ცემა.
გუშინ სხეულზე არაფერი არ ჰქონდა, ახლა ორივე ხელი თავიდან ბოლომდე დალურჯებული აქვს, იმიტომ, რომ აკავებდა ორი და ერთი ურტყამდა და კიდევ თურმე ეუბნებოდა, თავში ჩაარტყიო. ტელეფონი გატეხილი აქვს, ეტყობა გაუტეხეს და გამოურთეს, რომ არ დაერეკა ჩვენთან და ღამის პერანგზე აღარცერთი ღილი აღარ აქვს, იმიტომ რომ შემოახიეს, – უთხრა რუსთავი 2-ს პაციენტის ქალიშვილმა.
აღნიშულ ფაქტს არ ადასტურებს კლინიკა „სითი მედიკალის“ დირექტორი ნიკა მენთეშაშვილი და აცხადებს, რომ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.
„კამერებიდან აიღეს ჩანაწერი. ვინც არ არის აპარატულ სუნთქვაზე, იმან დაადასტურა, რომ არაფერი ყოფილა. მე თვითონ ვუყურე ჩანაწერებს, მე იქ ვერაფერი დავინახე, არ ვიცი პოლიცია რას დაინახავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ სიმართლეს არ შეესაბამება ეს განცხადება“, – განაცხადა ნიკა მენთეშაშვილმა.
აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა) და 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო.