ესპანეთის სამეფო სახლი ადასტურებს, რომ ქვეყნის ყოფილი მეფე ხუან კარლოს პირველი 3 აგვისტოს შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს. სამეფო სახლის პრესსპიკერის განმარტებით, ხუან კარლოს პირველი 3 აგვისტოს შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა და იქ რჩება. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
ესპანეთის დატოვების თაობაზე ხუან კარლოს პირველის მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ 3 აგვისტოს გახდა ცნობილი. ამ დრომდე ოფიციალურად არ დასტურდებოდა, თუ რომელ ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად ყოფილი მეფე. მისი ადგილსამყოფელის შესახებ მედიაში სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა.
ბოლო პერიოდში 82 წლის ხუან კარლოს პირველის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებებმა იჩინა თავი. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გამოკვლევა დაიწყო, მონაწილეობდა თუ არა ხუან კარლოს პირველი ჩქაროსნული რკინიგზის ხელშეკრულების საქმეში, რომელიც საუდის არაბეთთან გაფორმდა. მანამდე შვეიცარულმა გაზეთმა დაწერა, რომ ხუან კარლოსმა ამ საქმეში მონაწილეობისთვის საუდის არაბეთის აწ უკვე გარდაცვლილი მეფისგან 100 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.
მონარქის სავარძელი ხუან კარლოს პირველმა 1975 წელს დაიკავა. 2014 წლის ივნისში იგი ტახტიდან ოფიციალურად გადადგა და ესპანეთის მეფე მისი ვაჟი, ფილიპე VI გახდა.
იპნ