ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ გიორგი გუგავა პასუხობს.
– ბატონო გიორგი, დარჩენილი ორი მაჟორიტარული ოლქიც შეივსო თბილისში, თუმცა სრული მხარდაჭერა მაინც არ ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს. ნაციონალებმა კანდიდატი არ დაუყენეს, მაგრამ მხარიც არ დაუჭირეს. რას იტყვით ამ ყველაფერზე?
– მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღო ოპოზიციამ. ეს უპრეცედენტოა თავის ბუნებით და ხასიათით, როდესაც ერთმანეთის კონკურენტებმა, განსხვავებული იდეოლოგიის, განსხვავებული წარსულის პარტიებმა, საერთო ეროვნული ამოცანებიდან გამომდინარე, შეძლეს, რომ ერთმანეთთან კოორდინირებულად არიან და ამ კოორდინაციამ და ერთობამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. ცვლილებები განხორციელდა კონსტიტუციაში, თითქმის პროპორციული არჩევნები მივიღეთ, პოლიტპატიმრები გავანთავისუფლებინეთ და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაც მივიღეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას დავამარცხებთ.
– რამდენად არის ხელისუფლების დამარცხების შანსი, როდესაც მეორე მხარეს სერიოზული ადმინისტრაციული რესურსი და ივანიშვილის ფინანსებია? ამას რას დაუპირისპირებს ოპოზიცია?
– გეთანხმებით, მეორე მხარეს სერიოზული ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსური რესურსია, რომელსაც ისინი მოსყიდვისათვის უკანონოდ იყენებენ. ოპოზიციამ ერთმანეთის ხმების დაცვის მექანიზმებიც შეიმუშავა, ამაზეც შევთანხმით, რომ ჩვენ ერთიანი ფრონტით უნდა დავუპირისპირდეთ. როდესაც ასეთ გამოცდილ, ავაზაკ და გადამგდებ პუტინისტურ ოლიგარქთან გაქვს საქმე, ოპოზიციის კოორდინირება საჭიროა და ეს შეძლო ოპოზიციამ. ოპოზიციამ ძალიან მაღალი პოლიტიკური კლასი აჩვენა
– დიდი ამბავია საბურთალოს ოლქში. ძალიან ბევრი ცნობილი კანდიდატი უპირისპირდება ერთმანეთს. ერთმანეთს ხომ არ დააკარგვინებს ხმებს ოპოზიცია?
– მე ვფიქრობ, რომ მაინც ყველაზე დიდი შანსი აქვს იმ კანდიდატს, რომელსაც საერთო ოპოზიციური მხარდაჭერა გააჩნია და ეს არის ირაკლი ოქრუაშვილი.
– სერგეენკოს და ოქრუაშვილს თითქმის თანაბარი მხარდაჭერა აქვთ გამოკითხვების მიხედვით, თუმცა ხელისუფლება ყოველთვის უპირატესობით სარგებლობს.
– თუ სწორი საარჩევნო კამპანია იქნება ჩატარებული, საბურთალოზე არის დიდი შანსი პირველივე ტურში გამარჯვების, საერთო ოპოზიციური კანდიდატის მხრიდან.
– როგორ უნდა დაიცვას ოპოზიციამ ხმები. რა დეკლარაციას მოაწერეთ ხელი?
– ამაზე შეთანხმება შედგა და დეკლარაციაზე ხელმოწერა მომავალ ორშაბათს შედგება. პრინციპები შეთანხმებულია. გაიხსნება ცხელი ხაზი, სადაც თავს მოიყრის ყველა ინფორმაცია დარღვევის შესახებ, მოხდება ინფორმაციების გაცვლა ერთმანეთის შტაბებს შორის, ადგილობრივ შტაბებს შორის. ოპოზიციის წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ ერთმანეთს, როდესაც აღმოაჩენენ დარღვევას უბანზე. საჩივრის დაწერისას მხარს დავუჭერთ ერთმანეთს და ასე შემდეგ. ჩვენი მხრიდან ყველა რესურსი და მექანიზმი გამოყენებული იქნება, რომ დავიცვათ ერთმანეთის ხმები.
– ოპოზიციის შეხვედრაზე, სადაც დასახელდა ორი კანდიდატი, არ ყოფილან გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი. სერიოზულად გაგინაწყენდნენ, რადგან ჩარკვიანის კანდიდატურას არ დაუჭირეთ მხარი?
– თვითონ გიორგი ვაშაძე არ იყო, თუმცა მისი პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა ამ შეხვედრას.
– რამდენად დაზღვეული ხართ, რომ პარლამენტს შიგნით შესული ოპოზიცია იქნება ერთიანი და ხელისუფლების წინააღმდეგ შექმნის კოალიციას?
– რა თქმა უნდა, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ოლიგარქი უნდა დამარცხდეს და ჩამოყალიბდეს კოალიციური მთავრობა, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ამ ჭაობიდან და გადაიყვანს განვითარების ახალ ეტაპზე.
– ივანიშვილთან რომ შექმნას ოპოზიციამ კოალიცია? არიან ოპოზიიაში პარტიები, ვინც ივანიშვილისკენ გადაიხრება?
– მე არა მაქვს დღეს იმის განცდა, რომ ვინმეს სურვილი იყოს, ივანიშვილს ჩაუგორდეს და მასთან ერთად დაიმარხოს თავი. ლეიბორისტული პარტიის ფორმატში ოპოზიციური პარტიები ვმუშაობთ იმაზე, რომ შემუშავებულ იქნას საერთო დეკლარაცია, საერთო განაცხადი და ჩვენ ვაჩვენებთ საზოგადობას, რომ არ ვაპირებთ ივანიშვილისთვის კოალიციის შექმნას.
გულში ვის რა უდევს, ამის გამოცნობა შეუძლებელია. სისტემა უნდა აეწყოს ისე, რომ პარტია პასუხისმგებელი იყოს ამომრჩევლის წინაშე და მთავარ აქტორად ამ პოლიტიკურ სისტემაში იქცევა თავად ამომრჩეველი. თუ ისეთ ქმედებას ჩაიდენს ესა თუ ის პარტია, რომელიც მიუღებელი იქნება მისი ამომრჩევლისთვის, ის დაკარგავს ამომრჩეველს, გაკოტრდება და გამოვა ბიძინას ერთჯერადი მოხმარების საგანი.
– ევროპულ საქართველოს აქვს ცოტა სხვაგვარი შეხედულებები და არის ეჭვი, რომ ის განზე გადგება, როდესაც პარლამენტში შეხვალთ.
– ვინ, ევროპული საქართველო?!
– არ გაქვთ ეს განცდა?
– რატომ უნდა გვქონდეს, როდესაც მათ საჯაროდ აქვთ გაცხადებული თავიანთი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არც ერთ შემთხვევაში კოალიციას არ შეუქმნიან ხელისუფლებას.
– ხელისუფლებისგან უკვე კეთდება მინიშნებები, რომელ პარტიასთან არის შესაძლებელი კოალიციის შექმნა და ერთ-ერთ პარტიად ევროპული საქართველო დასახელდა.
– მათ შეიძლება ბევრი რამის სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ რეალობაში ეს ვერ განხორციელდეს.
– რამდენად გაუძლებენ ივანიშვილის ფულის ცდუნებას პარტიები?
– ვინც ვერ გაუძლებს, ეს იქნება მათი საბოლოო დასამარება და განაჩენი. ისინი ჩაყვებიან ხელისუფლებას პოლიტიკურ საფლავში! იმდენად მაღალია პასუხისმგებლობა ოპოზიციისა და იმდენად რეალურად აფასებენ შექმნილ სიტუაციას, რომ არა მგონია, ამ შეთავაზებებზე ვინმე დათანხმდეს ოლიგარქს.