ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.
– ლადო, გარკვეულ უსიამოვნებაში გაეხვიეთ. დაწერეთ კიდეც პოსტი, ჭორებს არ აყვეთ, არ ვარ თბილისში, ჩამოვალ და ყველაფერს პასუხს გავცემო. რა ხდება?
– ირაკლი დოლენჯაშვილს, რომელიც არის ჩემი ახლო მეგობარი, ჩვენ ერთად დავაფუძნეთ ორგანიზაცია, უსიამოვნება მოუვიდა სანდრო ბრეგაძესთან. სატელეფონო შელაპარაკებას ჰქონდა ადილი და არანაირი მუქარა არ ყოფილა, როგორც ამას სანდრო ბრეგაძე ამბობს. თუმცა მან ჩართო ლაივი და შსს-ს მოუწოდა, გამოძიება დაეწყო. ძალიან პირადულია ეს ყველაფრი, თუმცა მე გამრიეს. ეს არის პირადული კონფლიქტი და ეს არ არის სახალხო გასარჩევი, მაგრამ თუკი ინტერესი არსებობს, მზად ვარ, რაც ვიცი, ყველაფერზე გიპასუხოთ.
_ რა იცით ამ საქმეზე?
– სანდრო სახლშიც მიუვარდა მეგობრებთან ერთად ირაკლის, იმის მაგივრად, რომ რუსთაველზე შეხვედროდა, სახლში ირაკლის დედა იყო მხოლოდ და კარები ბრახუნით ლამის ჩამოუღეს.
– რას მოყვა ეს დაპირისპირება?
– ის, რაც ხდება ირაკლი დოლენჯაშვილსა და სანდრო ბრეგაძეს შორის, ეს არის ძალიან პირადული საკითხი.
– თქვენ რა კავშირში ხართ ამ ყველაფერთან?
– მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები. თუმცა გასაგებია, რომ მე ირაკლი დოლენჯაშვილთან ვმეგობრობ, შესაბამისად, შემეხო მეც. დღეს ეს საქმე არის შსს-ში, მე ჯერ არ ჩავსულვარ თბილისში და პირადი კომუნიკაცია არ მქონია არავისთან. მხოლოდ სატელეფონო საუბრებით შემოვიფარგლე, რომ გამერკვია, რა ხდებოდა. ჩვენ, მე, სანდროსაც, ირაკლისაც გვიწევს ურთიერთობა გარემოში, რომელსაც ქვია პოლიტიკა. პოლიტიკაში ქუჩურად, ძველბიჭურად და კრიმინალური ავტორიტეტების ჩარევით საქმეს ვერ გაარჩევ.
– იყო ამის მცდელობა?
– ქუჩური და კრიმინალური გარჩევის მცდელობა რომ იყო, სწორედ მაგიტომ ვსაუბრობ ამაზე. ბოლოს და ბოლოს, პარტიაა ქართული მარში და ეს ადამიანები პარტიის წევრები არიან. პარტია, ძველი ბიჭობა და ქუჩურობა უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს. სწორედ ამან დაღუპა ზოგადად ქვეყანა, რომ დეპუტატებს და მინისტრებს, თავის თავი ძველი ბიჭები ჰგონიათ და შესაბამისად დანაშაულებებს ჩადიან.
მოწმის სტატუსით დაიკითხნენ როგორც სანდრო ბრეგაძე, ისე ირაკლი დოლენჯაშვილი. ეს საგამოძიებო პროცედურაა და მე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. როდესაც რამდენიმე ადამიანი გამოიკითხება, გაირკვევა, სანდრო ბრეგაძისგან იყო მუქარა თუ ირაკლი დოლენჯაშვილისგან. ზუსტად ვიცი, რომ დოლენჯაშვილის მხრიდან იმ სახის მუქარა, რაზეც სანდრო ბრეგაძე საუბრობს, არ ყოფილა. ეს არის მათი პირადი ურთიერთობა და ეს რატომ გამოდის საჯაროდ და რატომ მანიპულირებენ ამით ზოგნი?!
– თქვენი მიმართებითაც იყო საუბრები და ბრალდებები. ჩანერგილია და ასე შემდეგ…
– კარგით რა, ვინ საუბრობს “ჩაშვებაზე” და “ნასედკობაზე”?! ვინც დღეს ამაზე საუბრობს, ისინი თავად არიან ძალოვანი უწყების ყოფილი წარმომადგენლები. ძალიან გთხოვთ, რაღაც აბსურდულ ბრალდებებზე და ჭორებზე თავის მართლებას ნუ დამაწყებინებთ!