„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან კამპანიას – „ემიგრანტები სამშობლოსთვის“ იწყებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, კამპანიის ფარგლებში, პარტია, ემიგრანტებს გააცნობს იმ ინსტრუქციებს, რომლის მიხედვითაც საკონსულო აღრიცხვაზე შეძლებენ დადგომას და არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებას მოიპოვებენ.
ასევე, კამპანიის ფარგლებში პარტია ემიგრანტებს წარუდგენს იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში მათ პირადად გაუწევენ კონსულტაციებს.
„დღევანდელი დღიდან ჩვენ ვიწყებთ კამპანიას ემიგრანტებისთვის – „ემიგრატები სამშობლოსთვის“. ეს კამპანია მოიცავს „ფეიქსბუქში“, სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით ჩვენი ემიგრანტების დახმარებას იმისთვის, რომ მათ მოახდინონ საარჩევნო სიებში რეგისტრაცია შესაბამის საკონსულოებში და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ისინი ნამდვილად არ არის კარგი ცხოვრების გამო საზღვარგარეთ წასულები და იქ მუშაობენ, მაგრამ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათთვის ელემენტარული კონსტიტუციური საარჩევნო უფლების რეალიზების საშუალებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, როდესაც დაახლოებით მილიონამდე ემიგრანტი იმყოფება საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნებში მხოლოდ მათი მიზერული რაოდენობა მონაწილეობს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მაგრამ სახელმწიფო მათთვის სათანდო პირობებს ვერ უზრუნველყოფს.
„ჩვენ არაერთხელ ვითხოვდით, რომ ემიგრანტებისთვის შემოღებულიყო ელექტრონული კენჭისყრის პროცედურა, რაც 21-ე საუკუნეში აბსოლუტურად შესაძლებელი და მიღწევადი საკითხი იყო, თუმცა, სახელმწიფოს, ცენტრალურ საარჩენო კომისიას ამის ინტერესი არ აქვს, რადგან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა განწყობები არის საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შორის და საპრეზიდენტო არჩევნებიც ამის ნათელი დადასტურება იყო“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
იპნ

