“ქვეყანაში დიდი საფრთხეა ივანიშვილის სახით, ამიტომ დავიცავთ ერთმანეთის ხმებს”

"ქვეყანაში დიდი საფრთხეა ივანიშვილის სახით, ამიტომ დავიცავთ ერთმანეთის ხმებს"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პასუხობს.
– დაახლოებით 30-მა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა ხმების დაცვის მემორანდუმს. ხელისუფლების მხრიდან საქილიკო გახდა ეს თემა, ერთმანეთს არ ენდობიან და ხელს აწერინებენ მემორანდუმებზეო. როგორია თქვენი შეფასებები, როგორ უნდა შეძლოს ოპოზიციამ ერთმანეთის ხმების დაცვა?
– მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ეს არის ერთ-ერთი უნიკალური მოვლენა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში. როდესაც 30-მდე პოლიტიკური პარტია თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ოპოზიციის, ანუ ერთმანეთის ხმები. მათ შორის ჩვენი წარმომადგენლები, კომისიის წევრები, ჩვენ დიდი პარტია ვართ და გვყავს ჩვენი წევრები, ბევრ პარტიას ეყოლება თავის დამკვირვებლები, წინასაარჩევნო მდგომარეობები, მუდმივად უნდა გვქონდეს აქცენტი ადამიანების მოსყიდვაზე, მუქარაზე და ასე შემდეგ. სიმართლე გითხრათ, მე ეს მემორანდუმი მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის შეთანხმება, რომელსაც სექტემბერში უნდა მოვაწეროთ ხელი, რომ არც ერთი ოპოზიციური ძალა არ შეუქმნის კოალიციას ბიძინა ივანიშვილს.
– ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ეს ვალდებულება, რომელსაც ოპოზიციურ პარტიებს უწესებთ, პირდაპირ კონფრონტაციის და სახელისუფლო კრიზისის მიზეზი შეიძლება გახდესო. ამ რისკებს რამდენად გამორიცხავთ?
– არა, მე ასე არ ვიტყოდი, რადგან ყველას, ვისაც გათვითცნობიერებული აქვს, რამხელა საფრთხის ქვეშ არის ქვეყანა, ვისაც ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი და ოლიგარქიული მმართველობის დასრულება სურს ამ ქვეყანაში, ვისაც თვისობრივად ახალ ხარისხზე გადასვლა სურს, რის საშუალებასაც იძლევა ახალი პარლამენტი და კონსტიტუცია, ამიტომ ეს იქნება ძალიან კარგი ლუსტრაცია იმისთვის, რომ ადამიანებმა დაინახონ, რომელი პოლიტიკური ძალები ეწინააღმდეგებიან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ძალით დარჩენას. შესაბამისად, პირიქით, ეს არის ძალიან კარგი შეთანხმება.
– ანუ ეს ერთგვარი ლუსტრაციაც იქნება პარტიების, ვინც ხელს არ მოაწერს?
– მათ შორის ესეც. ასევე მათ წინასწარ განწყობებსაც ასახავს. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს ყველა პარტია, სამომავლოდ როგორ იცავს იმ აქტს, რომელიც დადებული აქვს ამომრჩეველთან. მე ვფიქრობ, რომ ეს ორი მემორანდუმი, ძალიან კარგად და მნიშვნელოვნად ასახავს ჩვენი სულისკვეთების და განწყობის შინაარსს.
– არიან ოპოზიციური ლიდერები, რომლებიც უარს აცხადებენ, ან განაცხადებენ დეკლარაციებზე ხელის მოწერისგან. ერთ-ერთია ალეკო ელისაშვილი. კიდევ ვინ ამბობს უარს?
– ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ მაქვს, ყველა ძირითადი პარტია, ვინც იყო კოორდინირების შეხვედრებზე, ხელს ყველა აწერს. ალეკოს თავისი პოზიცია აქვს, ჩვენ ყველა პოზიციას უნდა ვცეთ პატივი. მე ვფიქრობ, ყველას, ვისაც გაცნობიერებული აქვს, თუ რამხელა საფრთხეა ივანიშვილი, ყველა მზად არის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიოს სიტყვა, აქტი თუ “ხელშეკრულება” დადებული ამომრჩეველთან. იმიტომ, რომ აქ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე არ არის საუბარი, ეს ყველაფერი ამომრჩევლის მიერ შეფასდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა მობილიზებულია იმისთვის, რომ ეს შეთანხმება დაიცვან. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ხელს მოაწერენ თუ არ მოაწერენ. თუკი არ დაიცავენ, თავისთავად, ესეც ამომრჩევლის გაწბილება იქნება.
– საუბრობთ ხელმოწერაზე, ერთმანეთის ხმების დაცვაზე. ტექნიკურად ეს ყველაფერი როგორ განხორციელდება? კითხვა დაისვა, ერთმანეთის კონკურენტი პარტიები ხართ და რატომ უნდა დაიცვათ ერთმანეთის ხმები?
– ჩვენ უფრო დიდი საფრთხე გვაქვს ამ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის სახით. მათ შორის ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც გვიპირისპირდება, სუსი, პოლიცია, რომელიც ჩართულია, სამწუხაროდ, ჩართულია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ განწყობებში, ამიტომ დიახ, მათ შორის ერთმანეთის ხმების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვესმოდეს, ოპოზიცია იცავს ერთმანეთის ხმებს. ეს ხომ ერთმანეთის ხმები არ არის, ამომრჩევლის ხმებია, ამომრჩევლის ნებას ვიცავთ ჩვენ. შესაბამისად ამ კონტექსტში ვიცავთ ზუსტად თავისუფალ არჩევნებს.
– ხატია, გასული კვირის ბოლოს, საკმაოდ აქტუალური გახდა ისნის მაჟორიტარული ოლქი. საუბარია, რომ აქტიურად განიხილება თქვენი კანდიდატურა. თუმცა ნაციონალური მოძრაობა აცხადებდა, რომ თბილისში მხოლოდ ორ ოლქში აყენებს კანდიდატურას. თქვენ ვაშაძეს აბრალებთ, ის კი აცხადებს, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობაა, ვინც არ იცავს ამ შეთანხმებას. სიტყვის კაცობა პოლიტიკაში არის ყველზე მნიშვნელოვანიო, აცხადებს ის. რა ხდება ამ კუთხით?
– პირველი შეთანხმება დაირღვა, სწორედ ჩვენი პარტნიორის მხრიდან, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია დატოვა და ასე შემდეგ. ჩვენ არგუმენტები მრავლად გვაქვს. გულწრფელად რომ გითხრათ, საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე, ჯერჯერობით არ არსებობს. რომ იტყვიან, ბოლომდე გენერალური გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენ კონსულტაციებს ვაგრძელებთ, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან და ასევე ჩვენს შტაბებთან და ჩვენს ამომრჩეველთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ხმა არ დაიკარგოს. რაც შეეხება კანდიდატურას, მხოლოდ ჩემი კანდიდატურა არ განიხილება.
– კიდევ ვისი?
– განიხილება კიდევ რამდენიმე კანდიდატურა. ჩემი კანდიდატურა მოიაზრებოდა ასევე სხვა ოლქებშიც, ასე რომ, მე იმედი მაქვს, რომ დღეს საღამოს საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით პოლიტიკურ გუნდთან ერთად, თუ როგორი იქნება საბოლოო კონფიგურაცია.
– ხატია, რომ დავაზუსტოთ, სხვა ოლქში სად განიხილება კონკრეტულად, თბილისში თუ რეგიონში? ითქვა, რომ თბილისში შესაძლოა სხვა ოლქშიც გაუჩნდეთ პრეტენზია ნაციონალებსო.
– არა, ასე არ არის. ჩემი კანდიდატურა პარალელურად დასავლეთ საქართველოში განიხილება, თერჯოლა-ბაღდათი-ტყიბული. ძალიან დიდი ოლქია. თბილისს რაც შეეხება, აქ ჩვენ შეთანხმების ერთგულები ვრჩებით ბოლომდე.
– ისანი გამონაკლისია?
– რაც შეეხება ისანს, იმ მოსაზრებების გამო, რომელზეც მე არაერთხელ ვისაუბრე, მათ შორის შეთანხმების პირველი პუნქტის დარღვევა გაერთიანებულ ოპოზიციაში, აი ამის გამო დადგა დღის წესრიგში ეგ საკითხი.
– მსგავსი ქმედებებით ოპოზიცია ერთმანეთს ხმებს დააკარგვინებსო.
– მე, ნაკლებად მაინტერესებს ხმამაღალი განცხადებები, ჩვენ კონცენტრირებული ვართ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის მობილიზება მოვახერხოთ, მათ შორის პროპორციული სიის ნაწილში. ამიტომ, როდესაც გიორგი ვაშაძემ დატოვა გაერთიანებული ოპოზიცია, თავისთავად შეიქმნა გარკვეული ვაკუუმი. ამიტომ შესაბამისად ვმუშაობთ ამომრჩეველთან და გენერალური გადაწყვეტილებაც სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს მიღებული.
– თაკო ჩარკვიანი გახდა ოპოზიციის შიგნით დაპირისპირების და განხეთქილების მიზეზიო. ასეა?
– როდესაც ჩვენთან შეთანხმების გარეშე გიორგის კანდიდატურა დაასახელა, ამანაც გარკვეული გაუგებრობები გამოიწვია, შეთანხმებას თუ ვდებთ, შემდეგ ყველამ უნდა დავიცვათ ეს შეთანხმება. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად, ყველა პოზიციების შეჯერებით, ასევე პროპორციული სიის ნაწილში მომგებიანი კონფიგურაციით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას.
– ხატია, არის ოლქები, სადაც ნაციონალური მოძრაობა არ აყენეს კანდიდატურებს. თუნდაც იგივე საბურთალოზე, განაცხადეთ, რომ არც დააყენებთ, მაგრამ არც ოპოზიციურ კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილს დაუჭერთ მხარს. ასეთ სიტუაციაში თქვენი ამომრჩეველი ხომ არ იბნევა, ვის უნდა დაუჭიროს მხარი?
– იცით ალბათ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ვაკეში ოპოზიციურ კანდიდატს, ასევე მთაწმინდაზე, დიდუბე-ჩუღურეთში, საბურთალოზე ვთქვით, რომ არ ვაყენებთ ჩვენს კანდიდატს, შესაბამისად ამომრჩეველმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვის მისცემს ხმას. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი სიის, პროპორციული ნაწილის მიხედვით, იმიტომ, რომ პროპორციული სია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ თუ პირველ ტურში უმრავლესობით მოვუგებთ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებელია, რომ მეორე ტურებში “ქართული ოცნების” კანდიდატები აღარც გავიდნენ. ამიტომ ყველამ ვიმუშაოთ პროპორციული სიისთვის.
– როდესაც არ დასრულდა ეს დაპირისპირება და კინკლაობა ოპოზიციაში, ამომრჩეველი მაინც შიშობს, რას იზამს პარლამენტში შესული ოპოზიცია? რამდენად შეძლებს შეთანხმებას და ხომ არ მოხდება ნაწილი პარტიების ივანიშვილის ქოლგის ქვეშ გადაბარგება?
– მე ასე ვფიქრობ, რომ თუ იქნება მაღალი პასუხისმგებლობა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რადგან არ მგონია, ვინმე ამ საფრთხეს ვერ აცნობიერებდეს, რასაც ივანიშვილის მმართველობა ჰქვია. ამიტომ, მთავარი ამოსავალი წერტილი აქ იქნება მისი ჩამოცილება ხელისუფლებიდან. მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მოვიგებთ არჩევნებს და დამთავრდება ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში.