რომან გოცირიძე – „ხელისუფლების მითვისებას „ოცნებას“ არავინ აპატიებს“

რომან გოცირიძე - „ხელისუფლების მითვისებას „ოცნებას“ არავინ აპატიებს“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.

– ბატონო რომან, დაპირისპირება ოპოზიციაში არ ცხრება. განსაკუთრებით თქვენსა და ევროპულ საქართველოს შორის. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სიბრიყვეა ნაცმოძრაობის და ევროპული საქართველოს კინკლაობა და რომ ეს ოპოზიციას აზარალებს. საუბარია იმაზეც, რომ ეს ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ამაზე რას იტყვით?

– ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა, როდესაც ჩვენი ალიანსიდან უკანასკნელ მომენტში გადის ერთი პარტია. ყველას თავისი გზა აქვს და არჩევნების პროცესში თანამშრომლობაც მოსულა და კრიტიკაც. ჩვენ ვთანამშრომლობთ, ხომ ხედავთ, თბილისში, ფაქტობრივად არსად არ დაგვიყენებია, გარდა ორი ოლქისა და კონკურენციასაც არ ვუწევთ, თუმცა ადვილად იყო შესაძლებელი, რომ ყველგან დაგვეყენებინა. ამიტომ არდანახვა თუნდაც იმისა, რომ ბატონ ვაშაძეს არ დავუყენეთ ისანში კანდიდატურა, ეს სულ სხვა რამეს ნიშნავს.

– ვერ დაგიფასათ?

– ასე გამოდის. ვინაიდან ჩვენ ვართ არჩევნებში კონკურენტები, კრიტიკა არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც მომავალ თანამშრომლობას შეუშლის ხელს.

– სულ საუბრობთ, რომ შევალთ და იქ გავერთიანდებით. ჩნდება კითხვა, როდესაც ასეთი დაპირისპირება გაქვთ გარეთ, შიგნით გაერთიანება რამდენად შესაძლებელი იქნება?

– ამიტომ ჯობია, წინასაარჩევნოდ ვილაპარაკოთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც გვაერთიანებს და არ ვილაპარაკოთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც გვაშორებს. ზოგადად, ევროპული საქართველოს ნორმაა ასეთი, რომ პარტიები ცალ-ცალკე გადიან და მიუხედავად ძალიან დიდი სხვაობებისა და დაპირისპირებისა, შემდეგ უკვე, იძულებული ხდებიან, რომ შიგნით მოახდინონ კოალიცია. გერმანიაში საერთოდ კურიოზული შემთხვევა მოხდა, როდესაც ორი დაპირისპირებული მხარე, როდესაც ვერ მოხერხდა სხვანაირი ტიპის კოალიციის შექმნა, ადგნენ და გაერთიანდნენ.

– ბოლო კვლევები დიდად იმედისმომცემი არ ჩანს.

– გააჩნია ვისთვის. თუ ის ხელისუფლებისთვის არ ჩანს იმედისმომცემი, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიიისთვის იმედისმომცემია, ან პირიქით. ყველა კვლევა ერთ რამეს აჩვენებს, რომ ხელისუფლებას აქვს გაცილებით ნაკლები მანდატები, ვიდრე ჯამში ერთად ოპოზიციას. აი ამიტომ არ უნდოდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ვაიძულეთ, რომ მიეღო უმრავლესობას ისეთი კონსტიტუცია, რომელიც პროპორციულთან მიახლოებული იქნებოდა. თუ აიღებს თუნდაც 45%-ს “ქართული ოცნება” და მისი სხვა სატელიტები, აქეთა მხარე 55%-ით შევა ხომ?! თუნდაც 49% აიღონ, იქით ხომ 51%-ია?! ამიტომ პროპორციულ სისტემაში “ქართული ოცნება” განწირულია დამარცხებისათვის.

– მაჟორიტარულზე რას იტყვით?

– რაც შეეხება მაჟორიტარულს, რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან სერიოზული რისკები. მიუხედავად იმისა, რომ არ არის 73 ოლქი და ფაქტობრივად განახევრდა და ახლა 30-ია, სისტემა მაინც დარჩა, მაინც დაასახელეს ფულიანი ბიზნესმენები, რომლებიც პარლამენტში იმიტომ მოდიან, რომ კიდევ უფრო მეტი ფული იშოვონ.

– ძალიან დიდი ფული დგას მეორე მხარეს და ამას რით უპირისპირდებით?

– ამ პარლამენტში, ოფიციალურად იყო 28 მილიონერი, სინამდვილეში კი არაოფიციალურად ერთი ამდენი. ვინც “ოცნებამ” ახლა მაჟორიტარებად წამოაყენა, უმრავლესობა ისევ მილიონერია. ზოგი მეღვინეა, ზოგიც ნავთობის ბიზნესის წარმომადგენელი. რეალურად ისევ უნდათ იმის გაკეთება, რაც აქამდე.

მეორე ტური იქნება უდიდეს ნაწილში და სწორედ იქ გადაწყდება ხელისუფლების ბედი. პირველ ტურში, დაახლოებით ათამდე მეტი მანდატი ექნება გაერთიანებულ ოპოზიციას და იმ დარჩენილი 20-დან, სულ მცირე 10-12 მანდატი უნდა აიღოს ოპოზიციამ. ძალიან სერიოზული ბრძოლა იქნება. ვიცით, რომ იქ მონაწილეობს ფულიანი ხალხი. ივანიშვილის ფული დაიხარჯება.

– მოსყიდვაც იქნება?

– რა თქმა უნდა, დაიწყება ფარული მოსყიდვები იმ საარჩევნო შავი ყულაბიდან, რომელშიაც ბიზნესმენებს ფული შეაქვთ. გარდა ამისა, ჩვენი ფულიც, რომელიც შემოვიდა უცხოეთიდან, 5 მილიარდი ლარი აიღო პანდემიის კრიზისის დასაძლევად მთავრობამ, აი ეს ფული მაშინ არავისთვის არ დაურიგებიათ. თვითდასაქმებულებს რაღაც ცნობებს სთხოვდნენ, რომ მათთვის ფული არ მიეცათ პანდემიის პერიოდში და ახლა გამოაცხადეს, რომ ცნობები არაა საჭირო, ისე დავურიგებთ ყველას, ვინც იტყვით, რომ თვითდასაქმებული ვართო. მთავარია, რომ ხელფასს არ ღებულობდე ოფიციალურად, ხარ თუ არა თვითდასაქმებული, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.

– ყველას დაურიგებენ?

– დიახ, ყველას დაურიგებენ ამ ფულს. ძირითადად კი საკუთარ აქტივს. კოორდინატორებს, ვისთვისაც არჩევნებში ფული უნდა გადაეხადათ, საკუთარი ჯიბის ნაცვლად, ახლა ბიუჯეტიდან გადაუხდიან ამ ფულს. თითოეულ ოლქში მათი 2 ათასი აქტივისტი რომ გააფორმო, ეს უკვე 60 ათასი ადამიანია და ეს არის 18 მილიონი. სწორედ ახლა გაახსენდათ 17 წლამდე ბავშვები, რომლებსაც 200 ლარს დაურიგებენ, თურმე ახლა გაახსნდათ, რომ სტუდენტებს შეჩერებული აქვთ სწავლა და არ აქვთ გადახდილი სწავლის გადასახადი.

თანაც ეს არის ჩვენ მიერ სესხად აღებული ფული, რომელიც პროცენტით უნდა დავაბრუნოთ უკან. ბოლო წუთამდე აქტიურად უნდა იმუშაოს ოპოზიციამ, ვინაიდან აქ დგება ხელისუფლების შეცვლის საკითხი!

– თავადვე აცხადებთ, რომ ძალიან მძიმე ბრძოლა გელით. ამ ფონზე რამდენად სწორია ეს დაპირისპირება თქვენსა და ევროპულ საქართველოს შორის? თქვენ ამ კითხვას თავი აარიდეთ.

– ამის კომენტირება ნიშნავს დაპირისპირების გაღრმავებას. დაპირისპირება ყოველთვის შეიძლება, ყველა მიზეზით.

– ანუ არ შედიხართ პოლემიკაში?

– ზოგჯერ ჯობია, რომ რაღაცეები გაატარო.

– თუკი ხელისუფლება შეეცდება და გააყალბებს არჩევნებს, იქნება ტერორი და მოსყიდვა, არ არის გამორიცხული, ისეთი მოვლენები განვითარდეს, რაც ბელარუსში ხდება. რამდენად ელოდებით ამ სცენარს ჩვენს ქვეყანაში?

– რაც ახლა ბელარუსში მოხდა, ძალიან კარგი გაკვეთილია ჩვენი ხელისუფლებისათვის. თუ მშვიდობით დათმო ლუკაშენკომ, მიუხედავად იმისა, რომ იყო სერიოზული დაპირისპირება, მას სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და როგორც შევარდნაძე დარჩა საქართველოში და ცხოვრობდა თავისთვის აგარაკზე, ლუკაშენკოსაც შეუძლია, რომ იცხოვროს მშვიდად. მას იანუკოვიჩივით არ ემუქრება გაქცევა რუსეთში.

ხოლო თუ ის ჩაებღაუჭება ამ თავის პოსტს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, ან არ გადადგება, ძალიან ცუდი სცენარით მოუწევს წასვლა. ჩვენ ხომ უკვე ვნახეთ უკრაინის სცენარი, ვნახეთ სომხეთის მშვიდობიანი სცენარი, ვხედავთ, ბელარუსში რა ხდება. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, საქართველოში განმეორდეს იგივე, თუკი ხელისუფლებამ არ ისწავლა ჭკუა და არ გამოიტანა გაკვეთილები.

არავინ არავის აპატიებს ხელისუფლების მითვისებას! აღარ არის ის ვითარება, რაც შარშან და შარშანწინ იყო. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ხელისუფლებას არ აქვს იმის ფუფუნება რომ კუდი მოიქნიოს. ეს აღარ გამოუვა და გონს მოეგოს!