იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
მძიმე ვითარებაა ბელარუსში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებს შედეგებს აპროტესტებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, ლუკაშენკომ არჩევნებში ხმების 80.08%-ით მოიგო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10.09%. მას შემდეგ, რაც კენჭისყრა დასრულდა, 9 აგვისტოს საღამოს, მინსკის ცენტრში და რესპუბლიკის ზოგიერთ სხვა ქალაქში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც გადაიზარდა შეტაკებებში სამართალდამცავებთან. ამ დროის განმავლობაში, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს დაახლოებით ექვსი ათასი ადამიანი, დაშავდა ათობით პოლიციელი და დემონსტრანტი.
როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ბელარუსში, ხომ არ ჩანს რუსეთის კვალი და რამდენად სწორად იქცევა საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესებში? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანი საუბრობს.
– საკმაოდ მძიმე პროცესებია ბელარუსში. ალბათ აკვირდებით მას. რეალურად რასთან გვაქვს საქმე. იწყება თუ არა ახალი ერა ბელარუსში და ავტორიტარული რეჟიმი, რაც იყო, ხომ არ არ გვაქვს მისი დასასრულის დასაწყისი თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე?
– თბილისიდან რთულია ამ პროცესების ზუსტი ანალიზი და პროგნოზირება, მაგრამ ცხადია ერთი რამე – პოლიტიკური პროცესში არსებობს ასეთი ცნება “ლიდერის დაღლილობა”. ანუ ლიდერი, რომელიც 25 წელია ხელმძღვანელობს ბელარუსს და არაფერი არ შეცვლილა, გარდა მინისტრებისა, რა თქმა უნდა, მოწონებული ვერ იქნება. ახალ თაობას, რომელსაც კონკრეტულად აქვს ჩამოყალიბებული ხედვა, რას ნიშნავს ევროპული ცხოვრების წესი, რას ნიშნავს თავისუფლება, კეთილდღეობა, მომავალი და ა. შ., მათ უარი უთხრეს ამ სისტემას და რეჟიმს. ეს არის ცხადი. სხვა შემთხვევაში ამდენი ხალხი, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამედიცინო ინსტიტუტები, ინდუსტრიული სფეროს წარმომადგენლები და სხვა ამ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.
რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ეს გადაიზარდა დაპირისპირებაში, შეტაკებაში, დაპატიმრებებსა თუ რეპრესიებში, მაგრამ ამან გამოაჩინა ბელარუსის რეჟიმის რეპრესიული სახე, მაგრამ ის, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო, ყველა ჩარჩენილი ლიდერის მსგავსად ვერ ხედავს სხვა გზას, გარდა იმისა, რომ ჩაახშოს ხალხის სურვილი ცვლილებებზე. რამდენად გამოვა და შესაძლებელია ყოველივე ეს, ეს ბელარუს ხალხზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია ასევე ლუკაშენკოს რეჟიმში არსებულ ბზარებზე და იმ საღად მოაზროვნე ადამიანებზე, რომლებიც არსებობენ ლუკაშენკოს რეჟიმში.
ეს ასევე დამოკიდებულია ევროპელი და ამერიკელი ლიდერების პოზიციებზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაუშვებს თუ არა რუსეთი მსგავსი ტიპით რეჟიმის ცვლილებას. რუსეთს კატასტროფულად ეშინია ფერადი რევოლუციების და ამიტომ რთულია, რა პოზიციას დაიკავებს ამ პროცესში. ამ ფაქტორების ერთიანობა იქნება განმსაზღვრელი თუ მოვლენების როგორ განვითარებას ვიხილავთ ბელარუსში.
– რუსეთის როლიც გამოჩნდა თუ არა ამ პროცესში და აქვე გკითხავთ, გამოჩნდნენ ბელარუსში ისეთი ლიდერები, რომლებიც ევროპული ტიპის ლიდერებს მიემსგავსებიან ?
– თუ მიმდინარე მოვლენებს თუ გადავხედავთ, არჩევნებამდე განვითარებულ მოვლენებს, ცხადია, რომ ლუკაშენკოთი გადაღლილობა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით შეიმჩნეოდა, არამედ რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობებში, ისევე, როგორც ბელარუს-ევროკავშირის ურთიერთობებში. ცხადია, რომ ლუკაშენკო ვერ ახერხებს ვერც ქვეყნის შიგნით მოსახლეობის დარწმუნებას და ვერც ქვეყნის გარეთ დარწმუნებას, რომ ის უალტერნატივოა. მე მიმაჩნია, რომ ლუკაშენკო უკვე პრობლემურია რუსეთისთვისაც. იმ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც მოხდა არჩევნების დროსაც და მანამდეც, რა დაძაბულობაც იყო რუსულ-ბელარუსულ ურთიერთობებში.
ამ ეტაპზე უნდა ველოდოთ იმ ლიდერს, რომელიც პირველ რიგში სოციალურ-ეკონომიკურ-კულტურულ-პოლიტიკური ურთიერთობიდან, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება ბალანსის მომხრე რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ბელარუსებს კარგად ესმით, სად გადის მათი საზღვარი და როგორ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არიან, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო იქნება ლიდერი, რომელიც უფრო მაბალანსირებელი ტიპის იქნება ზუსტად იმ მოთხოვნიდან, რაც მოსახლეობას აქვს, რომ ბალანსი არსებობდეს რუსეთსა და ევროკავშირს შორის და ეს არ გადაიხაროს არც ერთ და არც მეორე მხარეს.
– ახსენეთ რუსეთისა და ბელარუსის დაძაბულობა. ასეთი მოსაზრებებიც გაჩნდა, რომ რუსეთი არ დგას ამ ყველაფრის უკან და პუტინსაც ყელში ამოუვიდა ლუკაშენკო. ამ პროცესებსაც ხომ არ ხედავთ?
– იცით რა არის? შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამის უკან რუსეთი დგას, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციას აკვირდება რუსეთი და შეეცდება, რომ გამოიყენოს თავის სასიკეთოდ, არ ვიცი. სწორედ იმ მხრივ, რომ ცვლილებების შემდეგ რამდენად შეძლებს ის ბელარუსს მოახვიოს თავზე ის ლიდერი, რომელიც მას სურს. ამ ყველაფერს ჩვენ დავინახავთ. თუ გამოჩნდნენ ლიდერები, რომლებიც არა ამ ბალანსს იცავენ, არამედ ის რუსულ ინტერესებთან იმდენად გადაჯაჭვულია…
რუსული და ბელარუსული სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები იმდენად გადაჯაჭვული და გადაერთებულია ერთმანეთზე, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად ლუკაშენკოს დაღლილობიდან და აუტანლობიდან გამომდინარე მისცემს საშუალებას რუსეთს, რომ არ დაიცვას კბილებით ლუკაშენკო. თუ მას რაღაცა საღი აზრი დარჩა და მომავლისკენ იყურება. თუ ისევ შეეცდება, რომ ლუკაშენკოს დაცვით თვითონაც სრული დისკრედიტაცია განიცადოს უკვე ბელარუსში, რაც მან გააკეთა უკრაინაში, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ისტორიაშია ჩარჩენილია, ვიდრე ლუკაშენკო და ლუკაშენკოს რეჟიმი.
– ილუზია არავის გვაქვს, რომ ბელარუსი უცბად ევროპული ტიპის სახელმწიფო გახდება, მაგრამ გაქვთ მოლოდინი, რომ ბელარუსში მოვლენები იმგვარად განვითარდება, რომ იქაც უფრო მეტად პროევროპული პოლიტიკა წარიმართება?
– აქ საუბარი არის ლუკაშენკოს რეჟიმის და რესურსის ამოწურვაზე. ბელარუსმა ხალხმა დაინახა, რომ ლუკაშენკოს ყველანაირი რესურსი ამოეწურა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მათ უნდათ ახალი პერსპექტივის გაჩენა. ეს იქნება უფრო მეტად ევროპული თუ არა, ამას დრო აჩვენებს. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ბელარუსში არსებული ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, პოლიტიკური თუ სხვა სიტუაციიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად იქნება მაბალანსირებელი. ამ ტიპის თვალსაზრისით საინტერესოა, რა ტიპის პოლიტიკოსს ვიხილავთ რეალურად უახლოეს პერიოდში თუ ეს პროტესტი ლუკაშენკომ არ ჩაახშო.
– საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სწორია? არ უნდა გამოხატოს მან პოზიცია და არ უნდა დაუჭიროს მხარი ბელარუს ხალხს, როცა ასეთი მოვლენები ხდება? მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენი პარტნიორები ასე აქტიურად პოზიციონირებენ. ჩვენი დუმილი ისევ რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა ხომ არ არის?
– ძალიან საფრთხილო სიტუაციაა. თუ დააკვირდებით, ევროკავშირი ძალიან ფრთხილ განცხადებებს აკეთებს. აშშ-ც ძალიან მოზომილ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ბელარუსის ხელმძღვანელობას, კერძოდ, პრეზიდენტ ლუკაშენკოს.
საქართველოს მთავრობა არ გამოირჩევა არანაირი განცხადებებით. საქართველოს საგარეო გამოწვევებიდან და კერძოდ, ბელარუსის საკითხზე სრული დაბნეულობა იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო უწყება ძალიან არათანმიმდევრულია და დაბნეულია. აქ მე ვიქრობ, რომ თუ გაკეთდება განცხადება, ეს იქნება იძულებითი განცხადება. თუმცა, პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ფრთხილობენ, ამიტომ რაიმე განსაკუთრებულს არ უნდა ველოდოთ ამ თვალსაზრისით.
– ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის რა უფრო კარგია – გამოვხატოთ პოზიცია და დავუჭიროთ მხარი ბელარუს ხალხს თუ შევინარჩუნოთ ეს გაურკვეველი დუმილი?
– საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი ევროატლანტიკური და ევროპული ფასეულობებისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ბელარუსს და გამოვხატოთ პოზიცია აზრის სისხლიანი მეთოდებით ჩახშობის წინააღმდეგ. ფაქტია ისიც, რომ ამ რეალობაში მთავრობას შეუძლია მოუწოდოს დიალოგისკენ, მხარდაჭერისკენ, ევროკავშირის ან აშშ-ის პოზიციის გაზიარებისკენ, ეს იქნება გასაგები ჩვენი მოსახლეობის და არა ბუჩქებში დამალვა, რაც ახასიათებს საქართველოს მთავრობას ასეთ კრიტიკულ მომენტებში. ქვეყანას, რომელსაც დეკლარირებული აქვს ევროპული ფასეულობები, კონკრეტულად უნდა მოვუწოდოთ ძალადობის შეწყვეტისკენ, დიალოგისკენ, აქტიური სამოქალაქო ჩართულობისკენ და თუ საჭიროება იქნება, დიალოგის პროცესში უნდა ჩაერთოს. რომ გვყავდეს ნორმალური პრეზიდენტი, ან ნორმალური საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს უნდა გაკეთდეს.