რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი არ შეუშვეს. აღნიშნულ ინფორმაციას „კავკაზ რეალიი“ ავრცელებს. ცხინვალში გამგზავრებამდე კოკოითმა სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა გამოუცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილ დემონსტრანტებს.
მედიასაშუალების ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ შეშვების მიზეზად კოკოითს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები დაუსახელეს. ამის შემდეგ კოკოითი და მისი თანმხლები პირები უკან გაბრუნდნენ. ცხინვალიდან უკან დაბრუნებულმა კოკოითმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„მოგმართავ თხოვნით. ეს არ არის ულტიმატუმი, ეს თხოვნაა. შენ ცდილობ, მიაღწიო, რომ მე სამხრეთ ოსეთში ვერ დავბრუნდე. შენ ეს არ გამოგივა. მე ვიქნები სამხრეთ ოსეთში, მაგრამ თუ შენ ამის ასე ძალიან გეშინია, სიტყვას გაძლევ, მე არ ჩამოვალ სამხრეთ ოსეთში, თუ შენ 31 აგვისტოს 12:00 საათზე გადადგები და შეწყვეტს ოსი ხალხის წამებას“, – აცხადებს კოკოითი ვიდეომიმართვაში.
ამავე დროს, კოკოითიმ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის ნათესავებსა და ახალგაზრდებს მოუწოდა, უარი თქვან სისხლიან შურისძიებაზე. „ისინი, ვინც ეს საძაგელი დანაშაული ჩაიდინა, აუცილებლად დაისჯებიან“, – განაცხადა კოკოითიმ.
ედუარდ კოკოითის თქმით, მან შეცდომა ჩაიდინა 2011 წელს, როდესაც პოლიტიკურ არენაზე ანატოლი ბიბილოვი მოიყვანა და 2017 წელს, როდესაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
„მე ვაღიარებ ამ შეცდომას ჩემი ხალხის წინაშე და დღეს მინდა გავაკეთო ყველაფერი, რომ ეს შეცდომა გამოვასწორო და არ დავუშვა ოსეთში სამოქალაქო ომი და სისხლისღვრა“, – განაცხადა კოკოითიმ.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში მიტინგები მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა ინალ ჯაბიევი, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ. საპროტესტო აქციებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის გადაყენება მოჰყვა.

