ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს.
– ბატონო გურამ, თბილისის დარჩენილ ორ ოლქშიც შედგა ერთობა. რამდენად იყო სრული მხარდაჭერა ოპოზიციის ლიდერების მხრიდან ოქრუაშვილის კანდიდატურისთვის? საუბარია, რომ ყველა ლიდერი არ იყო ამ შეკრებაზე.
– ირაკლი ოქრუაშვილი დაასახელეს საბურთალოზე და ზურაბ ჯაფარიძე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ის, რომ არ იყო ყველა ლიდერი, არ ნიშნავს იმას, რომ არ იყო ერთობა. მოგეხსნებათ, რომ საარჩევნო კამპანიაა დაწყებული, ზოგიერთი ლიდერი გასულია ქალაქიდან, შესაბამისად, ყველა პარტიის წარმომადგენელი, ვინც ამ შეხვედრებს ესწრებოდა და იყო ლეიბორისტული პარტიის ფორმატში გაერთიანებული, იყო შეხვედრაზე. ყველამ დააფიქსირა თავისი აზრი და ჩვენ უკვე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას.
– კონკრეტულად როდიდან დაიწყებთ აქტიურ კამპანიას?
– დღეიდან უკვე დაწყებულია კამპანია.
– სერიოზული კონკურენციაა საბურთალოზე. ძალიან ბევრი კანდიდატია. ერთმანეთს ხომ არ წაართმევენ ხმებს ოპოზიციური კანდიდატები. ვის რა შანსები აქვს?
– ზოგადად პოლიტიკა და არჩევნები არის კონკურენცია, რომ არ იყოს კონკურენცია, მაშინ ვიქნებოდით კომუნიზმის რეჟიმში, როდესაც მხოლოდ ერთი პარტია იყო. ეს არის ჯანსაღი კონკურენცია. ჩვენ ვართ ერთმანეთის კონკურენტები და არა – მტრები. აქ საუბარია ოპოზიციის მიერ დაყენებულ კანდიდატებზე, თუმცა არც სახელისუფლო კანდიდატების მტრები არ ვართ.
ოპოზიციას გვაქვს ერთი მიზანი, ერთი მიმართულება, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ივანიშვილ-გახარიას სისხლიანი რეჟიმი. ეს არის ოპოზიციის თანხმობა და ჩვენი მთავარი ამოცანა.
ასევე გავრცელდა დეკლარაცია, რომელსაც ხელს აწერს მთელი ოპოზიციური სპექტრი.
– ხმების დაცვას გულისხმობთ? როგორ უნდა დაიცვათ ერთმანეთის ხმები?
– ყველა პარტიას ეყოლება ყველა საარჩევნო უბანზე თავისი წარმომადგენელი, ზოგს კომისიის წევრი, დამკვირვებლები და ასე შემდეგ. ხოლო დეტალებს რაც შეეხება, არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. დეტალურად ეს ყველაფერი იქნება გაწერილი რამდენიმე დღეში, თუ როგორ და რანაირად განხორციელდება ეს სქემა.
– რამდენად იმუშავებს ეს?
– რა თქმა უნდა, იმუშავებს. ყოველწუთიერად ექნებათ ინფორმაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ექნება ინფორმაცია მოსახლეობას, თუ რომელი ოლქის რომელ უბანში რა დარღვევებია, რას სჩადის ხელისუფლება, რას აკეთებენ მათი მხარდამჭერები. ე.წ. ძველი ბიჭები და ასე შემდეგ. ასე რომ, ოპოზიციის მხრიდან იქნება ძალიან დიდი წნეხი, რათა მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდეს ეს არჩევნები. კომფორტს არ შევუქმნით ხელისუფლებას, რომ გააყალბოს ისე, როგორც აქამდე აყალბებდა.
– ირაკლი ოქრუაშვილზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ნაციონალები არ დაუყენებენ კანდიდატს. ანუ არც მხარს დაუჭერენ?
– ამ შემთხვევაში, მოგეხსენებათ, რომ იქ არის კიდევ ორი ოპოზიციური კანდიდატი, რომლებმაც თავად დააყენეს კანდიდატურები და არა ოპოზიციური გაერთიანების მხრიდან. არის ლელოს წარმომადგენელი და ასევე თაკო ჩარკვიანი.
– არა მარტო ესენი, ელისაშვილია, გოგიჩაიშვილი…
– კი ბატონო, მაგრამ ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ეს ერთობა და ლეიბორისტული მაგიდის გარშემო მსხდომი ოპოზიციური პარტიების ყველაზე დიდი ნაწილი ამბობს, რომ მათ ჰყავთ საერთო კანდიდატი და ეს არის ირაკლი ოქრუაშვილი.
– ნაციონალები გადაჭრით არ ამბობდნენ, დაუჭერდნენ თუ არა მხარს ოქრუაშვილს. გასაგებია, რომ არ დაუყენებენ კანდიდატს, მაგრამ მათი ამომრჩეველი საბურთალოზე ვის დაუჭერს მხარს?
– მთლიანად ოპოზიციურმა სპექტრმა არჩევნების შემდეგ უნდა შექმნას ეროვნული კოალიციური მთავრობა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, რომელიც იქნა დასახელებული, აქვს ყველაზე დიდი წონაც, გამოცდილებაც. ყველაფერი შედარებითია და ყველამ ძალიან კარგად იცის, ვის რა გაუკეთებია ამ ქვეყანაში და ვის როგორ უმუშავია ქვეყნის წარმატებისთვის. ყველა, ვისაც უნდა, რომ დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი და იხილოს ეროვნული კოალიციური მთავრობა, იქნება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის, მხარდამჭერი.
– დიდუბე-ჩუღურეთში შეთანხმდით ზურაბ ჯაფარიძეზე.
– დიახ, ზურაბ ჯაფარიძეს მხარს უჭერს ყველა პარტია. ჩვენ მივეხმარებით ყველა გაერთიანებულ კანდიდატს.
– თუმცა ჯაფარიძემ დამოუკიდებლად დააყენა საკუთარი კანდიდატურა. ასე არ არის?
– მან თავად განაცხადა რამდენიმე დღის წინ, კონსულტაციები მიმდინარეობდა და გაერთიანებულმა ოპოზიციამ დააფიქსირა, რომ ყველა უჭერს მხარს მის კანდიდატურას.
– თაკო ჩარკვიანსაც ჰქონდა თავისი სურვილი საბურთალოზე გაცხადებული, თუმცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ სხვა არჩევანი გააკეთა.
– დიახ, ოპოზიციამ გააკეთა ის არჩევანი, რაც ყველამ მოისმინეთ. მე წარმატებებს ვუსურვებ ყველა ადამიანს, ვინც მართლა მთელი გულით იბრძვის სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ.
– საუბარია, რომ შესაძლოა თქვენც იყოთ მაჟორიტარობის კანდიდატი. ადასტურებთ ამას?
– მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შიდა პარტიული მოლაპარაკებები მიდის და ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ მომავალი კვირის დასაწყისში. არა მხოლოდ მე, არამედ პარტიის სხვა წევრებიც იქნებიან სხვადასხვა ოლქებში წარდგენილები. ეს ყველაფერი სწრაფად უნდა დავასრულოთ და დავიწყოთ აქტიური საარჩევნო კამპანია.
– ხელისუფლება პანდემიის გამო შექმნილ სიტუაციას სათავისოდ იყენებს და ქულებს იწერს. რამდენად თანაბარ სიტუაციაში ხართ? სერიოზული ფულია მეორე მხარეს, ამას რით უპირისპირდებით?
– იმაში, რომ კოვიდი ეხმარება ხელისუფლებას და მომავალშიც დაეხმარება, ვერ დაგეთანხმებით. იმიტომ, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად უმოქმედო. ის, რომ კოვიდს ვებრძვით და გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი იზრდება, ნიშნავს იმას, რომ გვყავს კარგი ექიმები და არა იმას, რომ რომელიმე მათგანი გახარიას ან ივანიშვილის გამოზრდილი სპეციალისტია.
რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებას, ეს ადამიანებისთვის უმნიშვნელოა. ეს ერთჯერადი მიზერული დახმარება ვერ შეცვლის ამ ადამიანების ცხოვრებას. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხედავს, რომ 8 წლის განმავლობაში არც ერთი სერიოზული წარმატებული პროექტი დღევანდელ ხელისუფლებას არ განუხორციელებია. სულ უკან და უკან მივდივართ.
– ეს არჩევნები იძლევა ხელისუფლების ცვლილების რეალურ შანსს?
– ამ არჩევნებზე 100%-ით შეიცვლება დღევანდელი ხელისუფლება და იქნება ეროვნული, კოალიციური მთავრობა, რომლის კურსიც იქნება დასავლეთი და მხოლოდ და მხოლოდ განვითარება და ეკონომიკური წინსვლა.

