დეპუტატი ადა მარშანია “ახალ თაობასთან” აფხაზეთის პრობლემებზე საუბრობს.
– აფხაზეთის დაბრუნების გზებზე რას იტყვით?
– თუ ადამიანი, პირველ რიგში, თავის თავში არ გაიაზრებს, რომ ეს მისი საქმეც არის და არა მხოლოდ ხელისუფლების, მანამდე არაფერი შეიცვლება. ესენი არიან ჩემი უახლოესი ნათესავები, რომლებიც აფხაზეთში ომის დროს დამეღუპნენ: ბებიაჩემი 86 წლის, დეიდა და დეიდაშვილები (დეიდაჩემი და მისი შვილები სახლში დაწვეს, “გრანატა” ესროლეს და ააფეთქეს). ბიძაჩემი დახვრიტეს. ჩემი 23 წლის დეიდაშვილი ომში დაიღუპა, ის მეომარი იყო და ტანკში აფეთქდა. ეს აბსოლუტურად მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
– თქვენი დეიდაშვილი რა გვარი იყო?
– მურთაზ გაბუნია. ოჩამჩირის რაიონში არსებულ სოფელში, პატარა აფხაზსკაიასთან დაიღუპა, ნაღმზე აფეთქდა.
– მათი საფლავები აფხაზეთშია?
– მათი საფლავები იმ სოფელშია, სადაც დახოცეს. მე არ მინდა მათი გადმოსვენება, იქ იყვნენ.
– მას შემდეგ აფხაზეთში არ ყოფილხართ?
– ჯერ ერთი, მე იქ ვინ შემიშვებს. მეორეც – მე მათთან სახვეწარი რა მაქვს – არიქა, ანქვაბი და ბჟანია, შემომიშვი აფხაზეთშიო. ადა მარშანია ამას არასოდეს იტყვის. ანქვაბი მე ბავშვობიდან მიცნობს. ახლა კიდევ ანქვაბს ვკითხო და შევეხვეწო, აფხაზეთში შემიშვი, შენი ჭირიმე-მეთქი?
– “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები აფხაზეთში ხომ შეუშვეს?
– ამ თემაზე საუბარი არ მინდა.
– აფხაზეთთან კავშირები გაქვთ?
– მე კავშირები მაქვს. იქიდან ყველა ინფორმაციას ტელეფონზე მიგზავნიან. ყოველდღე ვიცი, აფხაზეთში რა ხდება. კარგი არაფერი ხდება.
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა