“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მის თანაგუნდელ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ.
ვაშაძის თქმით, თუ კადრები გავრცელდება, ამას მისი გუნდის მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.
“ახლოვდება არჩევნები და სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომლებიც პირადი ცხოვრებით შანტაჟს არ მოერიდებიან ამ არჩევნებზე. მე თითოეულ მათგანს პირდაპირ ვაფრთხილებ, ხელი არ წაგიცდეთ მსგავს ქმედებაზე, რომელიც არის უკანონობა და უმკაცრესი რეაგირება ექნება ჩვენი მხრიდან. ჩვენ კონკრეტულ შინაარსზე ვერ ვსაუბრობთ რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ნამდვილად ჰქონდა ადგილი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟს და გამგები კარგად გაიგებს, რასაც ვლაპარაკობ.
როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველა ადამიანი, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტებით მცდელობა მაინც ექნება შანტაჟის, უმკაცრესად იქნება დასჯილი სამართალდამცავი ორგანოების და ხელისუფლების მხრიდან.
ქალბატონებთან მიმართებაში ჰქონდა ამ ფაქტს ადგილი. ეს შეეხება ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელის პირად ცხოვრებას. ვერ ვსაუბრობთ საჯაროდ, იმიტომ რომ მისი პერსონალური ინფორმაციაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება დავარღვიოთ ეს, მაგრამ ამ განცხადებას ძალიან კარგად დაინახავს ის ადამიანი, რომელმაც გაბედა და მსგავსი ტიპის შანტაჟი განახორციელა. ჩვენი ეჭვია, რომ კავშირი არის სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან. პრევენციულად ვაკეთებთ ამ განცხადებას, რომ არ გაბედოს ვინმემ რაიმე ნაბიჯის გადადგმა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მსგავსი თემები

