“ბოკერიასთვის მიშა თუ მონსტრია, მასთან 9 წელი რამ გააძლებინა?!”

"ბოკერიასთვის მიშა თუ მონსტრია, მასთან 9 წელი რამ გააძლებინა?!"ნაციონალებსა და “ევროპულ საქართველოს” შორის დისკუსიას ექსპერტი გია ხუხაშვილი პოლიტიკურ აბსურდს უწოდებს.

ამის შესახებ ის “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს:

– პოლიტიკურად ეს აბსოლუტური აბსურდია. ეს წამგებიანია. მით უმეტეს, როდესაც, ერთი მხრივ, მათი მიზანი ორპოლუსიანობის დარღვევაა, მაგრამ როდესაც სააკაშვილის ყველა გამოჩენაზე ისტერიკაში ვარდებიან, ამით ორპოლუსიანობას კი არ არღვევენ, არამედ ეხმარებიან. თუ ადრე ორპოლუსიანობის სურვილი მოდიოდა ხელისუფლებიდან, ახლა თავისდაუნებურად მათგან მოდის. ამით ისინი ფაქტობრივად არწმუნებენ მოსახლეობას, რომ ან ბიძინა ან მიშაო და მიშა თუ გამოჩნდა, დავიღუპებითო.

– თუ აქამდე პოლარიზაციას ახდენდა ივანიშვილი, ახლა ეს დაიწყო მიშამაც და თავისი განცხადებებით სხვა ოპოზიციური პარტიებიც ხელს უწყობენ ამ პროცესს?

– რა თქმა უნდა. მიშამ დაიწყო, მაგრამ მიშას ამ გამოსვლებზე ნაკლები ყურადღება რომ ყოფილიყო, არც არაფერი მოხდებოდა.

– რასაც არ ეთანხმებიან, ამაზე რეაქცია არ უნდა ჰქონდეთ?

– რეაქცია შეიძლება უნდა ჰქონდეთ, გააკეთონ მოკლე შეფასება და გაჩერდნენ,  როდესაც მიშას უშიშროების საბჭოს მდივანი და მიშას ხელისუფლების წარმომადგენელი ლაპარაკობს, რომ მიშა რაღაც მონსტრი და ერთპიროვნული მმართველი ყოფილა, თუ ასეთი იყო მიშა, 9 წელი რამ გაგაძლებინათ მასთან ერთ გუნდში?! ეს არის სრული აბსურდი და არაფრის მომტანი.

თუ ბოკერიას აქვს ილუზია, რომ ხალხი იფიქრებს, ყველაფერს მიშა აშავებდა, დარბოდა ქუჩაში და თავებს აჭრიდა ყველას და თვითონ გიგა ბოკერია თეთრი და ფაფუკი იყო იმ პერიოდში, ეს ხომ ძალიან არასერიოზულია.

არის საპროტესტო საზოგადოება მიშას მიმართ და ვისაც მიშა არ უყვარს, იმას ბოკერიაც არ უყვარს და არასოდეს არ შეუყვარდება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა