“გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის ნავში ზის”

"გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის ნავში ზის"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.

– ლადო, აქტიური წინასაარჩევნო პერიოდია, თუმცა ოპოზიცია ერთმანეთის ლანძღვა-გინებით უფრო გამოირჩევა, ვიდრე წინასაარჩევნო კამპანიით. მაგრამ ამ ფონზე მაინც ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მძიმე წინასაარჩევნო ფონია ქვეყანაში. რას იტყვით თქვენ, რამ უფრო დააზარალა ოპოზიცია?

– რუსებს აქვთ ერთი ასეთი გამოთქმა, შევეცდები, ცოტა შელამაზებულად გითხრათ – ცუდ მოცეკვავეს ხელს ერთი ადგილი უშლისო. ოპოზიციაზე ზუსტად ეგრე გამოდის. გაიძახიან, საშუალებას არ გვაძლევს ხელისუფლებაო და სინამდვილეში კი მათი ბრალია, უუნაროები რომ არიან. ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” ძალიან სერიოზული სტრატეგია შეიმუშავეს.

– რას გულისხმობთ?

– ვგულისხმობ ვაშაძის ფაქტორს და კონკრეტულად, აი, რას. ჩვენ ვხედავდით, რომ არსებობდა ორი მხარე, მხარე, რომელიც იყო “ქართული ოცნება” და მასთან ასოცირებული ერთი ან ორი პარტია და მეორე იყო ოპოზიცია. ოპოზიცია, რომელიც იყო გაერთიანებული ნაცებისა და ბოკერიას ირგვლივ. ბიძინამ, ჯერ იყო და ლელო და ელისაშვილი დააპირისპირა, მერე ბოკერია და ელისაშვილი, ახლა კი – ნაცმოძრაობა და გიორგი ვაშაძე. შიგნითვე აურია მონასტერი.

– ეს ყველაფერი ბიძინამ ქნა?

– მოდით, ასე ვთქვათ, პოლიტიკური შეთანხმებები მოდის ბიძინა ივანიშვილთან, ხომ ასეა? ყველა პოლიტიკური შეთანხმება ხდება მასთან. დღეს რა გამოდის, ჩვენ ვხედავთ “ქართულ ოცნებას”, რომელსაც მიჰყავს საარჩევნო კამპანია მხოლოდ პოზიტივზე და ჩვენ ვხედავთ ოპოზიციას, რომელსაც მიჰყავს თავისი საარჩევნო კამპანია ერთმანეთის ჭამაზე. აღარ ახსოვთ არც ბიძინა ივანიშვილი, არც გახარია და არც არავინ. მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვა-გინებით არიან დაკავებული. ძალიან აჭრილია ოპოზიცია. დღეს ოპოზიცია არის უბედურ დღეში. ასეთ ცუდ დღეში მყოფი ოპოზიცია მე არ მახსენდება.

– რატომ დაუყენეს ისანში ნაცებმა კანდიდატი ვაშაძეს?

– იმიტომ, რომ ვაშაძე საბოლოოდ გაიშიფრა. ის ხომ ჩხარტიშვილის კაცია. როდესაც ეს ურთიერთობა ასე ნათელი გახდა, აქ უკვე დამთავრდა ვაშაძე ოპოზიციისთვის. თუმცა ვაშაძე “ოცნებისგან” საამისოდ მაინც მიიღებს ტკბილ ლუკმას. ვაშაძესა და მისი პარტიიდან ერთ-ორ ადამიანს ვიხილავთ პარლამენტში. ვაშაძე უკვე ჩაჯდა ჭრილში, როგორც ბიძინა ივანიშვილის პროექტი. დღეს გიორგი ვაშაძე დაინტერსებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა გახანგრძლივდეს, ვიდრე სააკაშვილის მმართველობა მოტრიალდეს. დღეს ვაშაძე ზის ბიძინა ივანიშვილის ნავში. თუ ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება, აღარ იქნება ვაშაძე.