ირაკლი ოქრუაშვილი – „სიღარიბიდან ამოსვლას ბიუჯეტის სამართლიანად გადანაწილებით შევძლებთ და არა ჩაწყობილი ტენდერებით“

ირაკლი ოქრუაშვილი - „სიღარიბიდან ამოსვლას ბიუჯეტის სამართლიანად გადანაწილებით შევძლებთ და არა ჩაწყობილი ტენდერებით“„დამდეგი ზამთრისათვის საჭიროა მივიღოთ საგანგებო ბიუჯეტი, რათა ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენა ვიხსნათ შიმშილისაგან, რომელიც “ქართული ოცნების” უუნარო მმართველობისა და კოვიდპანდემიის გავრცელების შედეგად გვემუქრება,“ – აცხადებს საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი.

“სიღარიბის და უმუშევრობის დამარცხება შესაძლებელი გახდება მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნით, რომელიც უცხოური ინვესტიციების მოზიდვითაა შესაძლებელი. სიღარიბიდან ამოსვლას ბიუჯეტის სამართლიანად გადანაწილებით შევძლებთ და არა ჩაწყობილი ტენდერებით თუ ჩინოვნიკებისთვის გაოთხმაგებული პრემიებით და ხელფასებით.

სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სიღარიბის დასაძლევად საჭიროა გადასახადების შემცირება:

– დღგ 18%- დან 14%-მდე;

– საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 10%-მდე;
– მოგების გადასახადი 15%-დან 10%-მდე;

– აგრეთვე აქციზის შემცირება საწვავზე, თამბაქოზე და ა.შ.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ყველა სფეროში უნდა გავამარტივოთ რეგულაციები, რათა საქმის კეთება ადვილი, ნაკლებდანახარჯიანი და რენტაბელური გახდეს, რაც მეწარმეს მინიმუმ 3-ჯერ შეუმცირებს საქმის და დროის დანახარჯებს, ხოლო მის ბიზნესს მეტად შემოსავლიანს გახდის.

უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით აუცილებელია, სასამართლოში სრულად აღმოფხვრათ კორუფცია და ჩინოვნიკების გადაწყვეტილებების საფუძვლად გავხადოთ კანონი და არა ივანიშვილის ნება-სურვილი. სრულად უნდა მოვსპოთ ხელისუფლებაში შეზრდილი და პოლიტიკაში შემძვრალი ბიზნესმენების პარპაში, რომელთაც სწრაფი და უკანონოდ გამდიდრების მიზნით საწვავის, მედიკამენტებისა თუ საკვები პროდუქტების ფასები ხელოვნურად აქვთ გაზრდილი. ხალხს ბოლო კაპიკებს აცლიან ჯიბიდან იმ დროს, როდესაც მეზობელ ქვეყნებში წამლებზე ფასები სამჯერ დაბალია, ვიდრე ჩვენთან. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება, ხოლო ჩვენთან მაღლა იწევს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ პრაქტიკა, როდესაც ხელისუფლება ლარს ხელოვნურად და მიზანმიმართულად აუფასურებს, რათა საარჩევნოდ დასახარჯი ფული საკუთარი მოქალაქეების ჯიბიდან ამოიღოს. უნდა შევამციროთ სახელმწიფო ჩინოვნიკების რაოდენობა 50.000 ერთეულით, რომლებიც მძიმე ტვირთად აწევს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს, სახელმწიფოს მიერ გასაწევი მომსახურების დიდი ნაწილი ელექტრონული მომსახურებაზე გადავიყვანოთ, ხოლო გამოთავისუფლებულ ჩინოვნიკებს სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესში დასასაქმებლად. ასეთი გზით ბიუჯეტიდან 2 მილიარდამდე ლარს დავზოგავთ და ამ თანხით დავაფინანსებთ განათლებას, გავზრდით სოციალურ დახმარებებს და პენსიებს.

ამ საკითხების მოგვარებით შევამცირებთ ქვეყნიდან ყველაზე ძვირფასის, ჩვენი მოქალაქეების გადინებას.
ასეთი სწრაფი რეფორმები საშუალებას მოგვცემს პირველ სამ წელიწადში 50.000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ.

დამდეგი ზამთრისათვის საჭიროა მივიღოთ საგანგებო ბიუჯეტი, რათა ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენა ვიხსნათ შიმშილისაგან, რომელიც “ქართული ოცნების” უუნარო მმართველობისა და კოვიდპანდემიის გავრცელების შედეგად გვემუქრება. ამისათვის 1 (ერთ) მილიარდ ლარამდე უნდა იქნას გამოყოფილი ბიუჯეტიდან” – განაცხადა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა.