„ახალი თაობის“ კითხვაზე – დაუჭერთ თუ არა მხარს სააკაშვილს პრემიერად? „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პასუხობს.
– საერთოდ, მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფა უაზრო საქმეა. როცა ეს საკითხი დადგება, მაშინ ვიმსჯელებთ, ვინ და როგორ. წინასწარ საუბარი უადგილოა. საერთოდ, ზოგიერთი პარტიის მხრიდან გულზე მჯიღის ცემა, რომ მე ვიქნები პრემიერი, თუ არა, დამთავრდა საკითხიო, ასე არ არის.
– მე, როგორც ამომრჩეველს, მაინტერესებს როგორც პროგრამები, ასევე ჩრდილოვანი კაბინეტიც. რატომ არ საუბრობთ ამ თემებზე?
– ყველანი მაქსიმალისტები ვართ და გვინდა, წინასწარ ბევრი რამე ვიცოდეთ, მაგრამ წინასწარ ჩრდილოვან კაბინეტზე ლაპარაკი შეუძლებელია. ჯერ მივიდეთ იქამდე, რომ „ოცნება“ დავამარცხოთ. ხალხის დაკვეთაა, რომ „ოცნება“ აღარ იყოს ხელისუფლებასა და უმრავლესობაში, მაგრამ ჯერ ეს უნდა მოვახერხოთ და მერე ვიმსჯელოთ ამ ყველაფერზე. წინასწარ ამაზე საუბარი ცოტა უაზრობაა.
– თქვენ იყავით ის პერსონა, რომელიც თავის დროზე დაუპირისპირდა კრიმინალს. დღეს ვხედავთ უმძიმეს ვითარებას. ახალგაზრდებში დაბრუნდა ე.წ. ქურდული გარჩევები. რაც „ტვ პირველმა“ შაქარაშვილის საქმეზე გაავრცელა, სავალალო იყო, როცა არასრულწლოვანი ბრალდებული ამბობს, რომ თუ მას მკვლელობისთვის გაასამართლებენ, მაშინ მამამისი რამდენიმე პირის ანგარიშსწორებას მოახდენს. რისი ბრალია ეს ვითარება?
– ამ კონკრეტულ დეტალზე არ ვარ საქმის კურსში, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია – ეს ყველაფერი, რაც მაგ მიმართულებით ჩვენს საზოგადოებაში ხდება, ხელისუფლების ბრალია, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა კრიმინალურ სამყაროსთან საარჩევნო მხარდაჭერის სანაცვლოდ 2018 წელს და დღეს ეს კრიმინალური სამყარო ხელახალ კონტრაქტს ითხოვს ხელისუფლებისგან და ასევე ვალდებულებების გადახდას ითხოვს „ოცნებისგან“.
ზუსტად ამის შედეგია ის, რომ ახალგაზრდებს უფრო მეტად მოუმძლავრდათ ქურდული სამყაროს მიმართ ინტერესი. ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს, რომ მისი ქმედების შედეგია, როცა ამის გამოყენება ხდება საარჩევნოდ.
– რეალურად გვაქვს შსს და პროკურატურა?
– ჩვენ გვყავს სამართალდამცავი სტრუქტურები, რომლებიც პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, ტენდერების ჩაწყობასა და მოგებაზე არიან გადასული. მე მიმაჩნია, რომ შსს-ს რადიკალური დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს. უნდა დარჩეს ცენტრალური ნაწილი, რომელიც მსხვილი ტიპის დანაშაულების გამოძიებაზე იქნება ორიენტირებული.
დღეს საკმაოდ დიდი არაკვალიფიციურობაა შსს-ს ცენტრალურ აპარატში და წარმომიდგენია, პერიფერიებში რა იქნება. უნდა დაიყოს შსს მუნიციპალურ სტრუქტურებად, სადაც პოლიციის უფროსების არჩევა მოხდება ადგილობრივ დონეზე და ისინი ადგილობრივ მერებსა და გამგებლებს დაექვემდებარებიან, რომლებიც წვრილმანი დანაშაულების გამოძიებასა და ასეთი ტიპის პრევენციაზე იქნებიან ორიენტირებული. აღარ გვჭირდება ისეთი მონსტრი, რომელიც დღეს გვყავს და ქვეყანას საფრთხეს უქმნის. შსს უნდა იყოს არა საარჩევნოდ გამოსაყენებელი, არამედ კრიმინალთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი და საზოგადოების ბრძოლის ბერკეტი.
– სავარაუდოდ, საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი ნაწილი ვერ ჩამოვა. რას ელოდებით ამ მხრივ და რას მოიმოქმედებთ, თუ დაინახავთ, რომ არჩევნები ყალბდება?
– ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნებისადმი ყურადღება დაბალი იქნება. შესაძლოა, კიდევ უფრო მოიმატოს, თუ ისინი ვერ ჩამოვლენ. დღეს აღარ არის ისე, რომ ადგილზე თუ ვერ ხედავ რაღაცას, ადგილზე მისი დაფიქსირების გარეშე შედეგს ვერ მიაღწევ. გარედან ყურადღება ისევე ეფექტურად შეიძლება, როგორც ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ. თუ ასეთი ტიპის ყურადღება მოისუსტებს, ჩვენ ვიქნებით იმის ავანგარდში, რომ ეს დარღვევები საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწოდოთ. ივანიშვილს არ ეპატიება ის, რაც ეპატია 2018 წელს.
– დაიცავთ ხმებს?
– რა თქმა უნდა. არა მარტო საკუთარ ხმებს, არამედ ყველას ხმებს ერთდროულად. ეს არის ჩვენი საზოგადოების მომავლის და არა კონკრეტული პარტიის ხმების დაცვა.

